ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
რას მოიტანს სუროგაციის შეზღუდვა - #4(41), 2014
"ჩვენი მიზანი სუროგაციის, როგორც ბიზნესის აკრძალვაა", – ამბობს იუსტიციის მინისტრი 

ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები ერთობლივად ამზადებენ კანონს სუროგაციის შესახებ. კანონი 2016 წლიდან უნდა შევიდეს ძალაში და ის სუროგაციაზე შეზღუდვებს დააწესებს. კანონი ეხება როგორც ხელოვნურ განაყოფიერებას, ასევე სუროგაციას. კანონპროექტის მიხედვით, ქალბატონებს 41 წელს ზემოთ აეკრძალებათ როგორც ინვიტრო განაყოფიერებით სარგებლობა, ასევე დონაცია და სუროგაცია. მამაკაცებისთვის ასაკობრივი ზღვარი 47 წლამდე აიწევს. ასევე, ექიმს აეკრძალება ერთ ცდაზე 3 ემბრიონზე მეტის მიღება. სუროგაცია და დონაცია აეკრძალებათ უცხოეთის მოქალაქეებსაც.
 
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სუროგაცია საქართველოში აქამდე არ რეგულირდებოდა და ამიერიდან ის კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ სუროგაციას არ კრძალავენ, უშვილო წყვილებს ბოლო იმედი რომ არ წაართვან, არამედ მათი მიზანია სუროგაციის, როგორც ბიზნესის აკრძალვა. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ბიზნესის შეზღუდვაზე მეტად კანონს სხვა მიმართულებით გაცილებით უფრო დიდი უარყოფითი შედეგები მოყვება. არასამთავრობოები ახალ კანონში დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება მარტოხელა დედებისთვის შვილის გაჩენის აკრძალვა და დონორების ეთნიკური ნიშნით შეზღუდვა. 

სუროგაციის თემას საპატრიარქო 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში გამოეხმაურა. 

„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავში იზრდება? ეს ბავშვი ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც კი რომ დაიბადოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფრით შეცვლის“, – ნათქვამი იყო პატრიარქის ეპისტოლეში.
 
ამ ქადაგებიდან მალევე მთავრობამ ახალ კანონზე დაიწყო მუშაობა. კლინიკა `ნიუ ლაიფ ჯორჯიას~ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი ამბობს, რომ ამ კანონით, რომელსაც უამრავი ხარვეზი აქვს, მთავრობა ცდილობს ასიამოვნოს ეკლესიას და ამ დროს აზარალებს უფრო მნიშვნელოვან, საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებს.
 
„ძირითადად ქალბატონები 38-დან 50 წლამდე პაციენტია. უმეტესობამ 43-45 წლის ასაკში გადაწყვიტა ამ მეთოდისთვის მიემართათ. სხვა ქვეყნებშიც არის შეზღუდვები, მაგრამ ის 47-48 წელზე ადრე არ იწყება. 42 წლის ქალს აუკრძალო ჰყავდეს შვილი, ეს არის სისასტიკე. დისკრიმინაციულია, რომ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სარგებლობის უფლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალბატონებს ექნებათ. ხშირია შემთხვევები, რომ მოგვმართავს მარტოხელა ქალბატონი, რომელიც ან გაშორებულია მეუღლეს ან ვერ შეძლო ოჯახის შექმნა და ჩვენ უარით ვისტუმრებთ. ბევრს უარის მიღების შემდეგ უთქვამს, რომ იპოვის ვინმეს, ვინც ფიქციურ ქორწინებაზე ხელს მოუწერს. გაუგებარია, კანონპროექტით დაგეგმილმა ცვლილებებმა რატომ უნდა შეუწყოს ხელი საკუთარი მოსახლეობის კრიმინალიზებას. 

გარდა ამისა, ახალი კანონით, კლინიკას არ ექნება უფლება ერთ ცდაზე 3 ემბრიონზე მეტი გამოიყენოს. აქ სახეზეა ეკლესიის გავლენა და მათი მომადლიერების მცდელობა, ამ დროს სრულიად გაუთვალისწინებელი რჩება ის ფაქტი, რომ ერთი ცდა 7 ათასი ლარი ჯდება. აქამდე ამ თანხის გადახდისას ექიმი იღებდა 10-15 და მეტ ემბრიონს და ინახავდა გაყინულ მდგომარეობაში და წარუმატებელი ცდის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გარეშე იყენებდა. ამ კანონის მიღების შემთხვევაში წყვილს მოუწევს თითოეულ ცდაზე ამ თანხის გადახდა. ინვიტრო განაყოფიერების წარმატების შანსი 30-40%-ს არ აღემატება. ამიტომ ეს განსაკუთრებით გაურთულებთ საქმეს საქართველოში, სადაც უცხოეთის ქვეყნებისგან განსხვავებით ინვიტრო განაყოფიერების ხარჯებს დაზღვევა არ ანაზღაურებს.

უცხოელ პაციენტებს სუროგაცია და დონაცია აეკრძალებათ, რის მიზეზად კანონპროექტზე მომუშავე პირებისგან სახელდება ის ფაქტი, რომ ხდება ზეწოლა დიპკორპუსიდან და საელჩოებიდან და ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპულთან. ეს არ შეესაბამება რეალობას. მაგალითად, საბერძნეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, სადაც სუროგაცია კანონიერია და სარგებლობის უფლება უცხოელებსაც აქვთ. საფრანგეთმა და გერმანიამ კი უკვე მოახდინეს სუროგაციის დეკრიმინალიზაცია. სხვა ევროპულ ქვეყნებში ალტრუისტული სუროგაცია კანონიერია, ამიტომ არგუმენტი, რომ ამ კანონპროექტით შესაბამისობაში მოვდივართ ევროპასთან, მიუღებელია. აშშ-ში კომერციული სუროგაცია კანონიერია, რატომ? ამერიკაზე ვერ ახდენს დიპკორპუსი ზეწოლას? ანუ სახეზეა პატარა ერების არასრულფასოვნების კომპლექსი. 

ან როგორც ბიზნესი რატომ უნდა იყოს მიუღებელი, როცა უამრავი უცხოელი შემოდის ქვეყანაში. უმუშევრები დარჩებიან ის ადამიანები, ვინც ამ კლინიკებში მუშაობენ. მოხდება პაციენტების გადინება ქვეყნიდან, რაც ასევე ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას“, – ამბობს მარიამ კუკუნაშვილი. 

კანონპროექტში ცვლილებებს არ ეთანხმებიან სხვა კლინიკებიც. კლინიკა „ინ ვიტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნატა ხონელიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები გაუმართლებელია. 

„მოქმედი კანონის მიხედვით სუროგაციის გზით შვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ წყვილებსაც შეუძლიათ იყოლიონ. ახალი კანონით ბავშვის ყოლის უფლება ჩამოერთმევათ, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის. მშობლების პასუხისმგებლობა ბავშვის მიმართ სითბო და სიყვარულია და არა ქაღალდზე არსებული სტატუსი. ბავშვის აღზრდისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემო შეიძლება არსებობდეს, როგორც დაქორწინებულის, ასევე დასაქორწინებელი წყვილების შემთხვევაში. ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი არ ცვლის მშობლის პასუხისმგებლობას ბავშვის ჯანსაღ აღზრდასთან მიმართებაში. იგივე ლოგიკით და არგუმენტაციით არ შეიძლება აკრძალვა მარტოხელა ქალისთვის დაწესდეს. თუ სახელმწიფო უფლებას აძლევს მარტოხელა ქალს იშვილოს ბავშვი, რატომ არ უნდა მისცეს მას სუროგაციით ბავშვის ყოლის უფლება? საწინააღმდეგო არგუმენტი მიუღებელია. თუ მარტოხელა დედას უფლება აქვს დონორის სპერმით გააჩინოს შვილი, რატომ არ შეიძლება, რომ სუროგაციის გზით, საკუთარი კვერცხუჯრედის გამოყენებით გააჩინოს საკუთარი შვილი? 

გასათვალისწინებელია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც ქვეყნისთვის მოაქვს უცხოეთის მოქალაქეების მომსახურებას, რომლებსაც სუროგაციის პროექტებში მონაწილეობას უკრძალავენ. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები იხდიან სამედიცინო მომსახურების საფასურს, ისინი ცხოვრობენ ჩვენს სასტუმროებში, დადიან ჩვენს კურორტებზე და ა.შ. 

ასევე გაუმართლებელია ასაკობრივი შეზღუდვა. უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ქალისთვის ასაკობრივი ზღვარი 50 წელიც არის. მკურნალობა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული და კლინიკის გადასაწყვეტია, უმკურნალებენ მას თუ არა. დღეს ქალების რაოდენობა, რომლებიც ოჯახს გვიან ასაკში ქმნიან, გაიზარდა. ქალი 41 წლის ასაკში არის აბსოლუტურად ჯანმრთელი. თუ ის არის რამდენიმე წლის გათხოვილი, მაგრამ ვერ მოხდა მისი დაფეხმძიმება (ანუ მას არ უწყობს ხელს მისი საშვილოსნო, რომ მოხდეს ჩასახვა ან ორსულობის მიყვანა მშობიარობამდე), შესაბამისად, ქალს გაუჩნდა იმის მიზეზი, რომ მიმართოს სუროგაციას. ასეთ ქალს არ უნდა მოვუსპოთ შვილის ყოლის უფლება. ეს ხომ მისი და მისი მეუღლის ან პარტნიორის გენეტიკური შვილი იქნება. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია რატომ ხდება ასეთი აკრძალვა.
 
– ასაკობრივ შეზღვუდვას რა ახსნას უძებნიან? 

– არ აქვთ არანაირი ახსნა. 

– მომართვიანობის სტატისტიკა როგორია, გაიზარდა თუ პირიქით, შემცირდა? 

– მზარდია, იმიტომ, რომ მოთხოვნილება ძალიან მაღალია. ჯერ ერთი, ხალხმა ნელ-ნელა შეიგნო, რომ სუროგატი დედა არის მხოლოდ წყვილის გენეტიკური კოდის მატარებელი. თავიდან ძალიან ძნელი იყო მშობლებისთვის იმის გათვითცნობიერება, რომ მათი შვილი მუცლით ვიღაც ქალს ეტარებინა. იყო სირცხვილის გრძნობაც, რომ არავის გაეგო. მაგრამ გაუგებარი არაფერი არ რჩება. სუროგატი დედა არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, ნორმალური ადამიანი, რომელსაც აქვს ფინანსური დაინტერესება, მაგრამ ამავე დროს გათვითცნობიერებული აქვს, რას აკეთებს. მიმდინარეობს სერიოზული ფსიქოლოგიური ურთიერთობა წყვილსა და სუროგატ დედას, ასევე, სუროგატ დედასა და იმ სააგენტოს შორის, რომელსაც მიმართა, რომ დაესაქმებინა. 
დამოკიდებულება შეიცვალა ამ მეთოდის მიმართ და მიმართვიანობაც შესაბამისად გაიზარდა. როცა მამაკაცს სპერმის რაოდენობა ჰქონდა შეზღუდული და ბუნებრივი გზით ასეთ წყვილს არ შეეძლო ბავშვის ყოლა, დღეს უკვე შესაძლებლობა ეძლევათ იყოლიონ 100%-ით საკუთარი გენეტიკური შვილი. ეს შეიძლება არ მოხდეს პირველ ცდაზე, მაგრამ მოხდეს მესამე და მეოთხე ცდაზე. 
ზუსტად იგივეა სუროგაციის შემთხვევაში. როცა წყვილს არ შეუძლია იყოლიოს შვილი ბუნებრივი გზით, ისინი იყვანენ სუროგატ დედას, რომელსაც სურვილიც აქვს და სერიოზული დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ. 

– რელიგიური ფაქტორებმა, პატრიარქის ქადაგებამ, რომელიც სუროგაციის და ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებულ ბავშვებს ეხებოდა, გავლენა მოახდინა მომართვიანობაზე? 

– ვერ ვიტყვი, რომ იმოქმედა. მსურველთა რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა. საპარტიარქოს არ აქვს დადებითი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მაინც ვერაფერი შეაჩერებს ადამიანების სურვილს, რომ ჰყავდეს გენეტიკური შვილი. რაც შეეხება შვილის აყვანას, უცხოეთში შეიძლება არაა რთული, მაგრამ ჩვენთან ძალიან დიდი რიგია და თუ 41 წლის ასაკში ქალს სუროგატის აყვანას ვუკრძალავთ, ის რიგში რომ ჩადგეს, შეიძლება 55 წლის ასაკში მოუწიოს ბავშვის აყვანა. 55 წლის ასაკში კი უკვე ძალიან რთულია ბავშვის აღზრდა. ბავშვსაც სჭირდება მშობელი, რომელიც გაუწევს მშობლობას, იქნება აღმზრდელი და გზის გამკვალავი. 

– თქვენთან, ექიმებთან თუ მიმდინარეობს კონსულტაცია ამ საკითხებზე?

– კი, კონსულტაცია მიმდინარეობს. ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ყველა კლინიკა და ვნახოთ რა გამოგვივა“.
 
სუროგაციის სოციალური და ეკონომიკური მხარე 

თუ ქალი ვერ ინარჩუნებს ფეხმძიმობას ან გამოსულია რეპროდუქციული ასაკიდან, წყვილი მიმართავს სურო¬გატ დედას, რომელსაც გადაუნერგავენ განაყოფიერე¬ბულ კვერცხუჯრედს და ის უჩენს წყვილს ბავშვს. პირველ შემთხვევაში ემბრიონი 100%-ით ორივე მშობლის შვილია. ხოლო მეორე შემთხვევაში ის მხოლოდ მამის გენეტიკური შვილს წარმოადგენს. 

როგორც ჟორდანიას ინსტიტუტის ექიმი ია ხიზანიშვილი ამბობს, ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია. 

„იმპლანტაციური დიაგნოსტიკის აპარატის მეშვეობით ყველა კვერცხუჯრედის განაყოფიერება არის შესაძლებელი. მაგრამ ემბრიონი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ხარისხის. მიღებული ემბრიონებიდან ხდება საუკეთესოს შერჩევა და შემდეგ ის გადაგვაქვს ქალის საშვილოსნოში. თუ ქალს საერთოდ არ აქვს კვერცხუჯრედი, ამ შემთხვევაში ხდება დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება. მამის სპერმატოზოიდით განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს გადაიტანენ ქალის ორგანიზმში. ამ შემთხვევაში ბავშვის მშობლად ითვლება ის ქალი, ვინც აჩენს ბავშვს და დაბადების მოწმობაშიც მშობლად ის არის მითითებული. სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვის დაბადების მოწმობაშიც მშობლებად მისი პოტენციური დედ-მამაა მითითებული, რადგან სწორედ ისინი არიან მისი ბიოლოგიური მშობლები. თუ მშობლები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, ისინი ბავშვს სამშობიაროდან გაყვანის წინ დნმ-ის ანალიზს აკეთებენ, რადგან მაგალითად, ისრაელის კანონების მიხედვით, საზღვარზე ბავშვის გადაყვანის დროს საბუთია საჭირო, რომ ბავშვი ერთ-ერთი მშობლის შვილია“.
 
ბოლო პერიოდში ე.წ. ინვიტრო-განაყოფიერებისა და სუროგაციის მსურველთა რიცხვი გაზრდილია. როგორც ექიმები ამბობენ, ეს მსოფლიო ტენდენციაა. საქართველოში კვერცხუჯრედის დონაცია 1500-2000 ლარამდე ღირს. თუ დონორს გამოცდილი აქვს, რომ მისი კვერცხუჯრედი ვარგისია, შესაძლოა 2 ათას ლარზე მეტიც მოითხოვოს. სუროგატი დედის მომსახურება გაცილებით ძვირი ღირს და მისი ფასი სულ უფრო მზარდია. სუროგატ დედას 14-15 ათას დოლარს უხდიან. ამ თანხაში არ შედის მისი კვების, მკურნალობის და მშობიარობის ხარჯი. დანახარჯი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სუროგატის მოთხოვნილებებზე, ექიმთან ვიზიტის სიხშირესა და სხვა ფაქტორებზე. 

ნატო პ. სუროგატი დედაა. ის კასპის რაიონში ცხოვრობს. ნატო ამბობს, რომ სუროგაცია სოციალურმა სიდუხჭირემ გადააწყვეტინა და ეს საქმიანობა დღესაც მათი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

„თავდაპირველად ჩემი მეუღლე წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ ჩემს გადაწყვეტილებას დათანხმდა. ამ ნაბიჯის გადადგმა არც ჩემთვის იყო იოლი, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. ჩემს ორ შვილს რჩენა სჭირდებოდა. ფსიქოლოგიურად მოვემზადე იმისთვის, რომ ბავშვი, რომელსაც 9 თვე მუცლით ვატარებდი და გავაჩენდი, იმ წყვილისთვის უნდა გადამეცა, ვისიც არის“. 

სუროგაციის ცენტრებს სუროგატი დედების მონაცემთა ბაზა აქვთ, რომელსაც ბავშვის მომავალ მშობლებს აცნობენ და ისინი სასურველ კანდიდატს თავად ირჩევენ. სუროგატი დედა გათხოვილი უნდა იყოს, საკუთარი შვილი უნდა ყავდეს და 38 წლამდე ასაკის უნდა იყოს. 

სპეციალისტის კომენტარი 

ამ თემას ღია წერილით კალიფორნიის ქალაქ სან-ხოსედან გამოეხმაურა მარინა გვახარია, რომელიც პალო ალტოს სამედიცინო ფონდის რეპროდუქციული ლაბორატორიების დირექტორია. 

„აკრძალვა, რომ ინვიტრო განაყოფიერების გზით მიღებული ემბრიონების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის საშვილოსნოში გადატანა შესაძლებელია ერთი სამკურნალო პროცედურის დროს, ეს პოტენციურად კატასტროფული შეზღუდვაა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცისას. ლოგიკას მოკლებულია მიმღები დედისთვის უფრო დაბალი ასაკის დაწესება. აშშ-ში ფედერალური კანონი ამ საკითხებში არ ერევა. ჩვენს კლინიკაში მიღებული წესით, წყვილის ჯამური ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 100 წელს, ხოლო მარტოხელა მშობლისა 55 წელს“, – ამბობს მარინა გვახარია. 

აპირებს თუ არა მთავრობა გაითვალისწინოს კლინიკებისა და სპეციალისტების შენიშვნები და წავა თუ არა დათმობაზე, უცნობია. საპარლამენტო განხილვებამდე კანონპროექტის დეტალებზე საუბრისგან ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები თავს იკავებენ.
 
ნონა ქვლივიძე