ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
"ბიზნესი და მენეჯმენტის" სტატიები
რა დაუჯდა რუსთავის ბიუჯეტს "ტყეშელაშვილის ცხენები"?
#3(23), 2009

"თავლაში გახიზნულ" რაშებს ქალაქში ახალ ადგილს მიუჩენენ

რუსთავის შესასვლელში ქუთაისის მოედანზე განთავსებული ეგრეთ წოდებული "თავისუფლების რაშები" ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ზაფხულში აიღეს. "თავისუფლების რაშების" მონუმენტის დემონტაჟი შპს "უნიკამ" შეასრულა, რისთვისაც საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან 14 729 ლარი გაიხარჯა. ორი ჟანგისფერი რაშის დემონტაჟთან დაკავშირებით რუსთაველები დღემდე ხუმრობენ, ცხენები თავლაში წაიყვანესო.

"თავისუფლების რაშების" ისტორია ჯერ კიდევ რუსთავის ყოფილი მერის, პროფესიით არქიტექტორის - მერაბ ტყეშელაშვილის მერობის დროიდან იწყება. მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქში საბჭოთა პერიოდში ძირითადად ლენინისა და სტალინის ძეგლებს ხედავდა ხალხი. იშვიათ გამონაკლისს, რა თქმა უნდა, შოთა რუსთაველის ძეგლი წარმოადგენდა. ბოლო პერიოდში კი ლითონისგან დამზადებული ორი ცხენი 2003 წელს "რუსთავქალაქობისათვის" დადგეს. თუმცა, "თავისუფლების რაშების" რუსთავში გამოჩენამ რუსთაველები ცოტა არ იყოს და გაანაწყენა. ხალხი სიბრაზით ამბობდა, - ეს რა არის, ცხენებს თავი თბილისისკენა აქვთ მიმართული, უკანალი კი რუსთავისკენო.

ქუთაისის მოედანზე არსებული წრე დღეს უკვე ცარიელია. როგორც ქალაქის ხელმღვანელობა აცხადებს, ცხენები შენახულია და ისინი განახლებულ და რეკონსტრუირებულ რუსთავს მალე დაუბრუნდებიან.

"თავისუფლების რაშების" ავტორები - მოქანდაკე ძმები ჯუმბერ და თამაზ ჯიქიები არიან. რუსთავის შესასვლელში დადგმული ეს სკულპტურული კომპოზიცია ყოფილი მერის - მერაბ ტყეშელაშვილის იდეის ნაყოფი იყო. კომპოზიციის შექმნის სურვილი სწორედ მას ეკუთვნოდა, თუმცა პირველადი ესკიზის მიხედვით, ირკვევა, რომ სვეტებზე სამი ფრთოსანი რაში უნდა დადგმულიყო, რომელთა თავზეც თაღი იქნებოდა აღმართული. საბოლოოდ კი წრეზე მხოლოდ ორი ცხენი დაიდგა.

ცხენების დამზადებას დროც ბლომად დასჭირდა და ჯართიც. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში, როცა ეს სკულპტურული კომპოზიცია იქმნებოდა, რუსთავის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს ძლივს აჭარბებდა და მისი დამზადება ქალაქისათვის საკმაოდ ძვირ სიამოვნებას წარმოადგენდა. რუსთავის ამჟამინდელ ხელისუფლებაში ძნელად იხსენებენ, რა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს "თავისუფლების რაშები". მავანნი ამბობენ, რომ ჯიქიებისათვის ეტაპობრივად გადახდილმა თანხამ ლამის 2 მილიონ ლარს მიაღწია, ზოგიერთი კი აცხადებს, რომ ის 1 მილიონი ლარი დაჯდა.

რეალურად რა თანხა დაჯდა ცხენები, რომელიც დღეს დროებით "თავლაში" ისვენებენ, ჩვენ ვერ დავადგინეთ. თუმცა ჯუმბერ ჯიქიამ, ოთხი წლის წინ მათ შექმნაში გაწეული შრომისა და ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით 2005 წელს რუსთავის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასარჩელე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ჯუმბერ ჯიქიას კუთვნილი ჰონორარი არ მიუღია.
მოპასუხე მხარეს სასამართლოში რუსთავის მერია წარმოადგენდა. საქმის პირველადი მოსმენის თანავე, მხარეებმა ურთიერთმორიგება ამჯობინეს.

"სასამართლოში გამართულ პირველ სხდომაზე მერიას წარმოვადგენდი. საქმის მოსმენის შემდეგ გადაწყდა, რომ მერია ჯიქიას გარკვეულ თანხას ეტაპობრივად გადაუხდიდა. მერე არ ვიცი რა მოხდა და საქმე როგორ განვითარდა, პროცესს აღარ დავსწრებივარ", - ამბობს რუსთავის მერიის ყოფილი თანამშრომელი, იურისტი ნათია რამიშვილი.

დოკუმენტური მასალის მიხედვით 2005 წლის 28 თებერვალს მოსარჩელის (ჯიქიას) წარმომადგენელმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მხარეთა შორის შემდგარი მორიგების აქტი წარუდგინა და მისი დამტკიცება მოითხოვა.
2005 წლის 1 მარტს (საქმე #3ა/92-05) კოლეგიამ განჩინება გამოიტანა და რუსთავის ბიუჯეტს ჯუმბერ ჯიქიას ვალის გადახდა ეტაპობრივად, სპეციალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით დააკისრა.

აღნიშნულ განჩინებაში ნათქვამია, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით, ჯუმბერ ჯიქია უარს ამბობს თავის სასარჩელო განცხადებაზე (რომელიც მან რუსთავის სასამართლოში შეიტანა), ხოლო რუსთავის მერია იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მას 05.05.2003 წლის #ა/012 სახელშეკრულებო ვალდებულებიდან წარმოშობილი დავალიანება 273 224 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

მორიგების აქტის თანახმად, მერია კისრულობდა ვალდებულებას მონუმენტის დავალიანება ავტორისათვის სამი წლის ვადაში გადაეხადა. ფაქტია, რომ დაგროვილი ვალის გასტუმრება ჯიქიასთვის რუსთავის ახალ ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ ბიუჯეტს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოუწია.

რუსთავის საკრებულოში ოთხი წლის წინ გამართულ სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილებები უნდა შეტანილიყო, დეპუტატების მხრიდან ხმაური სწორედ სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების გაჟღერებას მოყვა. საქართველოს თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე და ამავე დროს, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა აბულაძე აცხადებდა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა ამ თანხის გადახდა. აღსანიშნავია, რომ მამუკა აბულაძე მაშინაც (როცა ჯიქიას ცხენების გაკეთება შეუკვეთეს) და ახლაც ქალაქის თვითმმართველობის წევრი იყო და არის.

აბულაძე აცხადებს, რომ 2003 წელს რუსთავის მაშინდელმა მერმა "თავისუფლების რაშების" დასამზადებლად  ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და საქმის კურსში თვითმმართველობა არ ჩააყენა.

"მე ადრეც ამას ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის, ამ ცხენებში თითქმის მილიონი ლარის გადახდა მიუღებელი იყო და არის. თავის დროზე "თავისუფლების რაშების" შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება არ იყო მოსახლეობაზე ორიენტირებული. რუსთაველთა უმრავლესობას არც მოსწონდა ეს ქმნილება. დიახ, შეიძლება ის მართლაც ღირს ორი მილიონი ლარი და არის კიდეც ხელოვნების ნიმუში, მე ამაში ვერ ვერკვევი, მაგრამ იმ პერიოდში, როცა არქიტექტორ ჯიქიასთვის ამ ძეგლის შეკვეთა მოხდა – თუ არ ვცდები, ეს 1998 წელი იყო, რუსთავის ბიუჯეტი მხოლოდ 3,7 მილიონ ლარს შეადგენდა.
დღეს ეს მონუმენტი ძველი ადგილიდან ავიღეთ, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ გადავაგდოთ ან ჯართში ჩავაბაროთ, პირიქით, როცა ქალაქის ბიუჯეტში თანხა იქნება, ძეგლს რეკონსტრუირება ჩაუტარდება და უკეთეს ადგილზე განვათავსებთ", - აცხადებს მამუკა აბულაძე.

ანალოგიური განცხადება რამდენიმე წლის წინ რუსთავის მაშინდელმა მერმა და ახლა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ნადაშვილმაც გააკეთა. ნადაშვილი აცხადებდა, რომ ეს ვალი სასამართლომ აღიარა და ადგილობრივი მთავრობაც, სამწუხაროდ, კანონის თანახმად იძულებულია, ეს თანხა ჯიქიას გადაუხადოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფულით სხვა, ხალხისთვის უფრო სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლებოდა.

რუსთავის მთავრობამ სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულა. ჯუმბერ ჯიქიას ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილიდან 2005 წელს 97 ათასი ლარი ჩაერიცხა; 2006 წელს - 100 ათასი; 2007 წელს - 100 ათასი; 2008 წელს - 100 ათასი; 2009 წელს კი 54 861 ლარი და 77 თეთრი. სამი წლის ნაცვლად ბიუჯეტმა ჯუმბერ ჯიქიას ვალი ხუთ წელიწადში გადაუხადა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესის მსვლელობისას ჯუმბერ ჯიქია დათმობაზე წავიდა და პირადი ჰონორარის მიღებაზე, რაც 300 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენდა, უარი თქვა. ის მხოლოდ ზემოთ აღნიშნული თანხის მიღებას დაჯერდა. ამას ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში რუსთავის მერიის ის თანამშრომლები აცხდებენ, რომლებიც "ვარდების რევოლუციამდეც" და ახლაც, იქ მუშაობენ.

"თავისუფლების რაშების" მომავალი ბედით, ბუნებრივია დავინტერესდით. რუსთავის მერის მოადგილე პავლე ლაცაბიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ცხენების გადაყრას ან როგორც ჯართის გადადნობას არავინ აპირებს.

"სკულპტურულ კომპოზიცია "თავისუფლების რაშებს" რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მოვიფიქრებთ რა სახე მიეცემათ მათ მომავალში. ეს კომპოზიცია ქალაქში აუცილებლად დაიდგმება, შეიძლება მათზე მხედრებიც კი დაისვას. მოკლედ, ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. ადგილი კი, თუ სად დაიდებს ის ბინას, ქალაქის საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შეირჩევა", - აცხადებს რუსთავის ვიცე-მერი.

ბუნებრივია, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდეგ მკითხველს დაებადება კითხვა, რატომ აიღეს ცხენები, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტს ოფიციალური ინფორმაციით 500 ათასი ლარი დაუჯდა, არაოფიციალურით კი –
2 მილიონი ლარი. რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

"მოგეხსენებათ, რომ უახლოეს პერიოდში იწყება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა. ეს საკმაოდ გრანდიოზული პროექტია, მისი წინასწარი ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს, ცხენების სკულპტურული კომპოზიცია კი ამ პროექტში არანაირად არ ჯდება, სწორედ ამიტომ მივიღეთ მისი აღების გადაწყვეტილება. ეს ძეგლი რუსთავის საკუთრება, ხელოვნების ნიმუშია, მასში რუსთაველების თანხა არის გადახდილი, ბევრი თუ ცოტა, ხალხმა კარგად იცის. ის ქალაქისათვის წლების განმავლობაში საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. რუსთავის დაგეგმარების პროცესში აუცილებლად გამოინახება ადგილი, სადაც ცხენები უფრო უკეთესი შესახედი იქნებიან".

რეალურად რა თანხა დაიხარჯა დაუსრულებელ კომპოზიციაში, რომელსაც რუსთაველები ხუმრობით "ტყეშელაშვილის ცხენებს" უწოდებდნენ, ინფორმაციის ხანგრძლივი მოძიების პროცესში ვერ გავერკვიეთ. ამ კითხვაზე რეალური პასუხი, დღეს მხოლოდ რუსთავის ყოფილ მერსა და "თავისუფლების რაშების" იდეის ავტორს მერაბ ტყეშელაშვილსა აქვს, თუმცა მან ჩვენთან ამ საკითხზე საუბარს თავი აარიდა.

მარიკა ვარდოშვილი