ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ეკატერინე ტოგონიძესთან – დავიბადე

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ეკატერინე ტოგონიძე,  პროზაიკოსი, ტელეჟურნალისტი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

სტუდენტობისას ერთმა ლექტორმა ბიოგრაფიაში სიტყვა „დავიბადე“ ჩამისწორა სიტყვით „დავბადებულვარ“. ამით თითქოს გამორიცხა ჩემი მონაწილეობა, ნება და არჩევანი. დავეთანხმე. დედა რომ გავხდი, შევხედე ჩემს შვილს და გადავიფიქრე. ბავშვი ჩემი დახმარებით თვითონ მოვიდა ჩვენთან, თვითონ დაიბადა. მაშასადამე მეც.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

გამონაგონიც და რეალობაც ერთი მთლიანის ნაწილია, ამ ორს მხოლოდ დრო თუ გაყოფს, ისიც ძალიან მყიფედ. მხატვრულ ტექსტში ჩვენ ვყვებით იმას, რაც უკვე მოხდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ან რაც მომავალში მოხდება.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

ბავშვებს არ ვუსმენთ – ესაა, რაც პირველი მომივიდა აზრად. მათგან ბევრის გაგება შეიძლება, უამრავ კითხვაზეა პასუხი იმ გენეზისში, რომელსაც ადამიანის ბავშვობა წარმოადგენს. მასში თავისუფლებაც ბევრად მეტია და სიმართლეც.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ეს სიყვარული ვერ იქნება ერთგული, ვერც ორგული, ბევრად მეტს იტევს, სერვანტესის დონ კიხოტიდან მოყოლებული ნანა ექვთიმიშვილის ლელათი გაგრძელებული.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

გამოცდებისთვის ვალდებულებით წაკითხული ზოგჯერ წაუკითხავს უდრის. თუ ვერ აღიბეჭდა ჩემზე, წაკითხულადაც ვერ ჩავთვლი. სხვათა შორის, ეს განცდა საკმაოდ შემაწუხებელია. დაუსრულებელი/წაუკითხავი წიგნი დაუსრულებელ ურთიერთობას ჰგავს. ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებაში, გეშტალტ თერაპიაში არსებობს საკითხის ამგვარი გააზრება: გეშტალტი უნდა დასრულდეს. რასაც ჩვენ არ ვასრულებთ, ის ტვირთად გვაწევს და ასე გვართმევს ფსიქიკურ ენერგიას ყოველი დაუსრულებელი საქმე, ინსტიტუტი, ურთიერთობა თუ წიგნი.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ჩემთვის ზიზღი უფრო აწმყოს განცდაა, ვიდრე წარსულის. ისტორიის გადაფასებით ემოციების რაციონალიზაცია ხდება, აქ აღარაა სიძულვილის ადგილი, რჩება გამოცდილება. ამიტომ ეს ისტორიული პერსონაჟი არის ჩვენი თანამედროვე საერთო მტერი – პუტინი.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

რემბრანდტი, შუქის გამო, როგორც ხატავს სიბნელეში სინათლეს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

საკუთარ უცნაურობას სხვებთან შეხებაში, სხვათა შეფასებებში თუ წავაწყდები. ამიტომ უნდა გავიხსენო, რას ამბობენ ისინი. უთქვამთ, რომ ზოგჯერ თავს დამნაშავედ ვგრძნობ ისეთი რამის გამოც, რაც ჩემს დაბადებამდე მოხდა. უცნაურია? არ ვიცი.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

მაქვს და ალბათ ბოლომდე ვერასდროს გავთავისუფლდები. ციფრები. სხვადასხვა ფორმით მოსული პასუხები, ბებიასგან შემორჩენილი, ფოლკლორში დამკვიდრებული თუ ჩემი გამოგონილი ნიშნები. სიზმარი წყლისთვის არასდროს მომიყოლია, მაგრამ თავად სიზმარი ცხადივით სერიოზულად მიმიღია.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

რა თქმა უნდა! ვფიქრობ, „რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე“.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

ზღვა.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

დღეს ელა გოჩიაშვილის ლექსები, გუშინ ფრიც რიმანის „შიშის ძირითადი ფორმები“.

დიონისე თუ აპოლონი?

დიონისე ხელოვნებაში და აპოლონი ცხოვრებაში. დაე იყოს დემონური ძალები მიმართული შემოქმედებისკენ, გახარჯული იქ. სიცოცხლეს მივაგოთ სიცოცხლის სიყვარული.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

რისიც ისედაც ვარ და რასაც მომავალში დავწერ. მე მხოლოდ მათზე შემიძლია პასუხისმგებლობის აღება და მათი ტვირთის ტარება.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

იყო დრო, როცა მშურდა უცხო ადამიანების, ვინც ავთვისებიანი სიმსივნე დაამარცხეს, მაგრამ ეს არ იყო ნორმალური, ხანგრძლივი მდგომარეობა. ეს იყო ტრავმის გადამუშავების ფაზა. დადგა ეტაპი, როცა გავიხარე უცხოთა გამოჯანმრთელებითაც. აღარავინ მახსენდება, ვისიც შეიძლება მშურდეს, ალბათ მხოლოდ საკუთარი თავის და ისიც მხოლოდ იმ წუთებში, როცა შევძელი დროსთან სრულ სინქრონში არსებობა, აქ და ახლა.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

ვერ პატიება.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

საზომად ნაკლებად გამოვდგები, თუმცა ბევრისთვის შემიფარებია თავი. მაგალითად, რატი ამაღლობელის ფრაზა „ვარ ცარიელი, როგორც სამარე, რომლიდან აღსდექ!“ ჩემთვის წარუშლელი მეტაფორაა.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

პალიატიური – მზარავს.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).

ჩემმა შვილმა ენა ძალიან სწრაფად და გამართულად ამოიდგა. სულ რამდენიმე სიტყვა გადააკეთა. ერთ-ერთი იყო „მაკინო“. მამიკო შეცვალა. მამას პირველად ასე დაუძახა და ასე ეძახდა ბოლომდე. არის კიდევ რამდენიმე გამოგონილი სიტყვა, რომელიც მხოლოდ ჩვენია და ჩვენთვის ძალიან ბევრს იტევს.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ლიტერატურაში ქალი ავტორების როლი, ამიტომ პირდაპირ სამ ქალს გამოვყოფ: ნაირა გელაშვილი, ზაირა არსნიშვილი, ნინო ხარატიშვილი. საბედნიეროდ ქალი ავტორების სია, რომელთა შემოქმედებაც ცვლის, ამდიდრებს და აღრმავებს ქართულ ლიტერატურას, გაცილებით გრძელია, უბრალოდ ახლა სამის დასახელება მომიწია.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ფრაზად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ის თვისება, რაც ადამიანს ძალიან სჭირდება: საკუთარი ფასეულობების პერიოდული გადახედვა. დრო ცვლის მოცემულობებს, მათთან მიმართებაში ჩვენ ხელახლა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს ის კითხვები, რომლებიც ჩვენს შინაგან ხმას და სინდისს აძლევს ფორმას, განახორციელებს ყოფაში.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

„თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. იმიტომ, რომ ასე დავრჩებით იმად, ვინც მართლა ვართ – ასე გადავრჩებით.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესოა „გამოთხოვება“, ოთარ ჭილაძის.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

სამზე, თუმცა რუსული და ინგლისური ყოველთვის უცხო სამყოფელია ჩემთვის. იყო დრო ფრანგულადაც ვკითხულობდი, დღეს ეს აღარ შემიძლია. კარგი მთარგმნელი ხსნაა.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

დიდ ხანს გამყვა კუტზეეს „სირცხვილის“ მთავარი გმირი, დევიდ ლური.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

უელბეკს და სხვა მწერლებს, რომლებიც თავიანთი ნაწარმოებებით შეგვძრავენ, შეგვარყევენ და გვაწამებენ – თუნდაც კაფკას, რომელიც პირდაპირ ამბობს: „ლიტერატურა ჩვენზე ისეთივე ზეგავლენას უნდა ახდენდეს, როგორც დიდი უბედურება“ – ვკითხავდი: კათარსისის ერთადერთი და გარდაუვალი გზა ტკივილია? რა გარანტიაა, რომ ამ ტკივილის ლაბირინთიდან ადამიანი უვნებელი გამოვა? ამაზე იღებს პასუხისმგებლობას მწერალი? საერთოდ არსებობს ასეთი – მწერლის პირადი პასუხისმგებლობა?

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

თუ კონკრეტული მიზნით არ მივუბრუნდი, ეს თვისება საერთოდ არ მახასიათებს არც წიგნებზე, არც ფილმებზე. მხოლოდ მუსიკაა ის, რასაც გავიმეორებ და მოვუსმენ წლობით.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

აწმყოში.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ამ კითხვაზე „იყო და არა იყო რა“ მომადგა ენაზე, როგორც შეუძლებლის შესაძლებლობა.

რომელია საუკეთესო დასარული?

„ძაღლივით დამკლეს, – თქვა კ-მ ისე, თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა.“ – კაფკა. „მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე.“ – ფამუქი.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ფორმა ცვლის შინაარსს და პირიქით. ღვინოსაც კი ეცვლება გემო სხვადასხვა ჭურჭელში. წყალიც კი შედის რეაქციაში პოლიეთილენის ბოთლთან. ენა და ამბავიც ასეა შერწყმული და ერთმანეთიდან გამომდინარე.

პროცესი თუ შედეგი?

შედეგი არ ვიცი, რა არის. ალბათ მხოლოდ სიკვდილი. და შეიძლება სიკვდილიც კი არ იყოს დასასრული, უკვდავება თითქმის გამორიცხავს შედეგს.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

„არ ავნო“. თუ დახმარება არ შეგიძლია, არ ავნო მაინც. ასევე: „იმოძრავე“ – იმ იგავის არ იყოს, რძით სავსე ქილაში ჩავარდნილი ბაყაყი რომ იხრჩობა, მაგრამ იმდენს იმოძრავებს, სანამ რძე დოდ არ გარდაიქმნება. ზოგჯერ მოქმედების აზრს ვეღარც ვხედავთ, მაგრამ ჩვენს ქცევას, ფიქრს თურმე შეუძლია გარემოზე ზემოქმედება, მისი კონსისტენციის, ქიმიური შემადგენლობის შეცვლაც კი. ზოგჯერ ცხოვრება სწორედ იმისთვის გვაჯილდოვებს, რომ არ გავჩერდით, ენერგია გავეცით.

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

მაინტერესებს ლიტერატურას და ზოგადად ხელოვნებას თუ შეუძლია ადამიანზე და შესაბამისად საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რომ აღარაფერი ვთქვათ „უკეთესობისკენ შეცვლაზე“.

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

რომლისკენაც გადავდგი ნაბიჯი და მან შემხვედრი არ მომაგება, არც მეათე, არც ოცდამეათე გვერდზე. ასეთ წიგნს ვუშვებ – სხვისი ყოფილა.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

ძალიან საჭირო ხალხია. მთავარია, თვითონ არ დაავიწყდეთ, რამდენად საჭირონი არიან ავტორებისთვის, მკითხველებისთვის, ყველასთვის. რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხედვა, მათ მიერ თქმული სიტყვა და როგორი არაპროფესიონალურია, როცა ის ავტორის განადგურებისკენაა მიმართული. ჩვენ ხომ საერთო საქმეს ვემსახურებით, შეგვიძლია ვკვებოთ და ვასაზრდოოთ ერთმანეთი, ვძერწოთ გემოვნება და აღმოვაჩინოთ მეტი.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ბევრია, შეიძლება, ეს წიგნის ბრალიც არ იყოს. შეიძლება, ჩემი ცხოვრების მაშინდელმა შინაარსმა ჩაყლაპა ისინი.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

რისი თქმაც ახლა დავაპირე, სახიფათოა. მაშინვე გამახსენდა ადამიანი, თანაც არაერთი, ვისაც ასეთი ჯოჯოხეთი მართლაც გადახდა. ისინი ცოცხლები არიან. ამ კითხვაზე ჩემი პასუხით შეიძლება ტკივილი მივაყენო. არ მინდა, ჩემი სიტყვებით ჯოჯოხეთი მივუსაჯო ვინმეს. რეალურად ყველაფერი ფსიქიკურ ჯანმრთელობამდე დადის. ჯოჯოხეთი ალბათ მხოლოდ დედამიწაზე არსებობს და მას მკურნალობა სჭირდება.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

რომელიც უკვე აირჩია კაცობრიობამ ბესტსელერად, ბიბლიას.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

სინამდვილეში რა არის ადამიანის ხელში?

© არილი

Facebook Comments Box