წმინდა ხეები

წმინდა ხეები

 უხსოვარი დროიდან მოდიოდა მეტად კეთილშობილური ჩვეულება წმინდა ადგილებში წმინდა ხეების დარგვისა. ვის არ უნახავს მარტვილის მონასტერთან გასაოცარი ძელქვები – რკინისებური მერქნით, რომელიც ისე მძიმეა, წყალში იძირება როგორც რკინა და მისგან დამზადებული ნივთები საუკუნეებს უძლებს. ან ურთხელი – წითელი ხე, ხეთა მეფე მუხა – საქართველოს სიმბოლო, მარადიულად მტრების სახით მუმლი რომ ეხვევა და ვერაფერს აკლებს; ან ცაცხვი – მისი ნაზი მერქანი საუკეთესოა ჭურჭლეულის დასამზადებლად, საქართველოში ხის ჭურჭელთა უმრავლესობა, თვით საწნახლებიც ცაცხვისგან იყო დამზადებული. სხვათა შორის, წმინდა საეკლესიო ადგილებში ამ ხეებს გამოყენების მიზნით არ რგავენ, მათ მერქანს იშვიათად საეკლესიო საჭიროებისათვის თუ გამოიყენებდნენ, პირადი მოხმარებისთვის კი – არავითარ შემთხვევაში. გადაბერებული და წაქცეული ხეების შეშა შესაძლოა საზოგადო საკირეში კირის გამოსაწვავად გამოეყენებინათ, მეტადრე თუ ეკლესიას აშენებდნენ. ამ შეშას ზამთრობით ეკლესიის გასათბობადაც იყენებდნენ. შინ, ოჯახში, წკეპლის წაღებაც კი არ შეიძლებოდა – ,,არ ვარგა'', ღმერთი გაწყრებოდა და შეიძლება მიმტანს სიცოცხლით ეგო პასუხი. ყოფილა ასეთი შემთხვევაც: მუშა კაცი, რომელმაც ,,წმინდანიან ალაგში'' წაქცეული წმინდა ხე ამოკაფა, დამორა და იქვე დაასაჟენა, სახლში მივიდა და მძიმედ გახდა ავად. მას ვერანაირმა წამალმა ვერ უშველა. მიზეზს ცოლმა მიაგნო – ქალამანს და წინდას შუა ერთი პატარა ნაფოტი ჩავარდნილიყო და ის ღუპავდა საწყალს. ნაფოტი როგორც კი უკან მიიტანეს, ავადმყოფი მაშინვე მორჩა.


Comments

Popular posts from this blog

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის სიმბოლიკა

ადგილის დედა