Monday 11 August 2014

ლამაზი ქალი ხარ თუ არა?



თქვენი აზრით, რამდენ ქალს შეუძლია რეალობას არ აცდეს და სარკეში საკუთარი ანარეკლი ობიექტურად შეაფასოს?

ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ უნაკლო გარეგნობაც რომ ჰქონდეს, ნებისმიერ ქალს მაინც პერიოდულად თავდაჯერებულობის შესუსტების მომენტები აქვს. ერთ დღეს, თუ კარგად გამოიძინე, შეიძლება საკუთარი თავი ძალიან ლამაზი მოგეჩვენოს, მეორე დღეს თუ დაღლილი ხარ ან სხვა ნახე, რომელიც შენზე ლამაზი გგონია, თავდაჯერებულობა ერთ წამში გიქარწყლდება. ყველა ასეა. ანჯელინაც და მონიკაც. ყველაზე ლამაზი და ყველაზე უნაკლო არ არსებობს. 

ნებისმიერ დროს შეგხვდება შენზე უფრო ლამაზი და იმ შენზე კარგზეც უფრო კარგი. 


ვინ უფრო ლამაზია: ანჯელინა ჯოლი, მონიკა ბელუჩი თუ ბრიჯით ბარდო? მირანდა კერი, ადრიანა ლიმა თუ დაუცენ კრეზი? მე ვიტყვი, რომ ბრიჯით ბარდო ან ორნელლა მუტი ჩემთვის ქალღმერთია, შენ იტყვი, რომ მონიკაა, მაგრამ სულ ერთია, ხო? ლამაზი ლამაზია!

იდეალური გარეგნობის კრიტერიუმებიც ხშირად გვეცვლება: დღეს შეიძლება სამხრეთული ტიპის შავგვრემანი გოგო მოგეჩვენოს იდეალურად, ხვალ კი ცისფერთვალებიანი ქერა. რაც კარგია, კარგია: დიდი, პატარა, დაბალი, მაღალი, ფუმფულა თუ გამხდარი, ქერა თუ შავგვრემანი არ აქვს მნიშვნელობა. 

როგორ უნდა გაიგო ლამაზი ხარ თუ არა? 
სარკეს, დაქალებს თუ დედას უნდა დაუჯერო?

1. სარკეს. დადექი სარკესთან და ვარდისფერი სათვალეების გარეშე დაათვალიერე შენი სხეული და კარგად შეისწავლე რა გამოაჩინო და რა დამალო.

2. დააბალანსე შინაგანი (სულიერი) მდგომარეობა: თუ ბოღმიანი, დაღლილი, შურიანი, ბრიყვი და მოსაწყენი ხარ - ეს ყველაფერი სიფათზეც გეტყობა! 

200%-იანი ფაქტია, რომ სილამაზე - შინაგანი სამყაროს ანარეკლია! 
ცხვირი, პირი, სახის ნაკვთები, მზერა, გამომეტყველება და კბილების ფორმაც კი, ზუსტად ისეთი გაქვს, როგორიც ხარ ქვეცნობიერად! დაკომპლექსებული, უთავმოყვარეო, საცოდავი თუ ხარ - ყველა ეს თვისება  შენი სახის ნაკვთებზე "ჯდება". რაც წლები გადის, მით უფრო მყარად.

რაც წლები გადის შენი გარეგნობა (სახეც და სხეულიც) ერთი-ერთზე შინაგანი ევოლუციის შესაბამისად ფორმირდება. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა იმუშავო და შენი პიროვნება უფრო საინტერესო გახადო.


3. არასოდეს არ ჰკითხო აზრი შენს გარეგნობაზე სხვა ქალს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ახლობელია ის შენთვის. 
ქალის გენებშია ქვეცნობიერი კონკურენცია. ამას რომც მალავდეს, ქვეცნობიერს მაინც ვერ შეეწინააღმდეგება და უნებლიეთ გამოამჟღავნებს. ქალი ქალს კომპლიმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეუბნება, თუ საკუთარი თავი მასზე ლამაზი ჰგონია. მართლა ლამაზ და თავდაჯერებულ ქალს კი, ზედმეტი კომპლიმენტით არ გაანებივრებს, აქაოდა, თავში არ აუვარდესო!

ქალის კომპლიმენტებსაც ხშირად თავისებური მიზანი აქვს. მაგალითად, თაკო სხვების გასაგონად, ხმამაღლა ეუბნება მაკას, რომ მაკა ყველაზე ლამაზია და ამით იქ მყოფ მესამე გოგოს, თათიას უგზავნის „ნამიოკს“, - "ჰეი, თავში არ აგივარდეს, აგერ მაკა შენზე ლამაზია" :)) 


როცა საქმე გარეგნობას ეხება, ქალის ქვეცნობიერი ინსტინქტი მასზე უფრო ძლიერი ხდება. 
"პოტენციურ კონკურენტ" ქალს სილამაზეს ვერ ჰპატიობს. აქ კამათს აზრი არ აქვს. თუ შენ გგონია, რომ ისეთი ერთგული მეგობრები გყავს, რომლებიც გულწრფელად გეუბნებიან კომპლიმენტებს, ესეგი მიამიტი ან იდიოტი ხარ. შენი მეგობარი უბრალოდ „მეგობრის მოვალეობას ასრულებს" და ტყუილად გეპირფერება, სინამდვილეში კი ფიქრობს: "არ უხდება ეს კაბა ამ საწყალს". 
ძალიან თუ გაინტერესებს რას ფიქრობს შენს გარეგნობაზე სხვა ქალი, მის თვალებში ოდნავ შესამჩნევი შური უნდა დაიჭირო. ქალი მეორე ქალს კონკურენტად თუ თვლის, კომპლიმენტს არ ეტყვის და მხოლოდ ჩუმად შეათვალიერებს. ანუ, კონკურენტ ქალს არასოდეს არ აგრძნობინებს თავს დედოფლად. განა სპეციალურად აკეთებს. ეს ყველაფერი ქვეცნობიერია. ანუ, ქალებისგან კომპლიმენტების სიუხვე კი არა, მათი ნაკლებობა უნდა გიხაროდეს! 

რაც შეეხება ახლობელ ქალებს: დედას უნდა რომ უფრო ლამაზი იყო და ობიექტურად ვერ შეაფასებს შენს გარეგნობას, აუცილებლად რაღაცა ნაკლს აღმოაჩენს! ან პირიქით, „შენს სასიკეთოდ“ არ გეტყვის რომ ლამაზი ხარ, "თავში რომ არ აგივარდეს" და "ხასიათი რომ არ გაგიფუჭდეს"! დაახლოებით ასეთივე აზრი ექნება შენს დასაც და თუ მასზე უფრო ლამაზი ხარ, აქაც ჩვეულებრივ ქალურ შურს ექნება ადგილი.

ანუ, ქალების "აზრზე" ორიენტირებით საკუთარ გარეგნობაზე სწორ დასკვნას ვერ გააკეთებ. უფრო მეტიც, მთელი ცხოვრება სწორედ დაქალები და დედები გვაკომპლექსებენ: "ეს ფერი არ გიხდება, ის არ გიხდება, ცხვირის ან შუბლის ფორმა არ გივარგა" და ასე შემდეგ. არ დაუჯეროთ!!!

ყველაზე საინტერესო კი, ის არის, რომ ქალები ლამაზი სამოსებით მამაკაცების კი არა, ერთმანეთის გაკვირვებას ცდილობენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან: ვინ უფრო მაგარი გოგოა და ვის უფრო მაგარი სტილი აქვს! 
ჰეტეროსექსუალ კაცს შენი ექსტრავაგანტული სტილი და კოკო შანელი ცალ ფეხზე ჰკიდია. მას შეიძლება ახსოვდეს რა ლამაზი იყავი გუშინ, მაგრამ წესიერად ვერც გაიხსენოს რა ფერის მაისური, ან საერთოდ რა გეცვა. 
ქალი კი, აუცილებლად შეგათვალიერებს, "დაასკანერებს" და დაიმახსოვრებს შენი ჩაცმულობის ყველა დეტალს!

ქალისთვის სილამაზის ინდიკატორი - მამაკაცების აღფრთოვანებული მზერაა. 

ყველას აზრი უნდა დაიკიდო და შენთვის საინტერესო მამაკაცის(ების) რეაქცია ნახო. ყველა მხრიდან მამაკაცების აღფრთოვანებულ ან დაინტერესებულ მზერას თუ ხედავ, ესეგი ყველაფერი რიგზეა. და, 
ნუ მისცემ უფლებას, რომ დაქალმა ან სხვა ქალმა თავისი უადგილო შენიშვნებით განწყობა გაგიფუჭოს. 

ლამაზი თუ არ დაიბადე, არც ეგ არის პრობლემა. 
დღეს იმდენი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ყველა ქალს შეუძლია უფრო ლამაზი გახდეს. 
ნებისმიერ ქალს შეუძლია საკუთარი თავის პიგმალიონი გახდეს. 

ამისთვის კი, საკუთარი თავი ყველა სარკესთან და ყველა რაკურსიდან კარგად უნდა შეათვალიერო, კარგად შეისწავლო შენი სხეული და სწორად დაინახო ყველა ნაკლი, იცოდე, რა უნდა დამალო და რა გამოაჩინო. 

მთავარია, სწორად შეაფასო შენი მონაცემები, რომ რეალობას არ ასცდე.


No comments:

Post a Comment