სამება

1989 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. და სწორედ ამ დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით წმიდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტისათვის არქიტექტორთა კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც გამარჯვება წილად ხვდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტს. ტაძარი, რომლის მშენებლობაც შემდგომში ათასწლეულის მშენებლობად შეფასდა, ქრისტეშობის 2000 წლისთავს მიეძღვნა.
კონკურსი ორ ტურად ჩატარდა და ორივე ტურში ხუროთმოძღვართა 110-ზე მეტი ჯგუფი მონაწილეობდა. ზოგიერთ მათგანს ტაძრის გეგმის ორი და სამი ვარიანტიც კი ჰქონდა წარმოდგენილი. ცალკეულ ნამუშევარზე ორი-სამი და ზოგზე შვიდი ავტორიც მუშაობდა. იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც მთელი სახელოსნოს მიერ იყო წარმოდგენილი. ხსენებული კონკურსისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მასში უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. საუკეთესო პროექტის შერჩევისას კომისიამ, რომელსაც სათავეში თავად უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ედგა, გაითვალისწინა ქართული საეკლესიო არქიტექტურის ყველა ძირითადი ტრადიციული კომპონენტი, ასევე სატაძრო კანონიკისათვის მისაღები სიახლეები და უპირატესობა მიანიჭა იმ გეგმას, რომელიც ამჟამად ელიას მთაზე ხორციელდება. ხუროთმოძღვარი არჩილ მინდიაშვილი ძველი საკათედრო ტაძრების ანალიზზე დაყრდნობით შეეცადა, განესაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი განვითარების დონე დღევანდელობასთან მიმართებაში. მისი თქმით: „სამების საკათედრო ტაძარი არის თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელშიც ქართული ეკლესიათმშენებლობის დღემდე არსებული ყველა ტრადიცია არის დაცული, და მას თან ერთვის თანამედროვე ნიუანსები“.
„როდესაც ამ ტაძრის გეგმაზე დავიწყე მუშაობა, პირველ რიგში, ეკლესიური გავხდი. აქედან გამომდინარე, უკვე ნათელი გახდა, როგორი კუთხით უნდა გვეწარმოებინა ეს სამუშაო. გავაანალიზეთ თითქმის ყველა დიდი ქართული ტაძარი: ოშკი, ბანა, ბაგრატი, ხახული, სვეტიცხოველი, გელათი და მათ სინთეზზე გავაკეთე ჩემი პროექტი.

No comments:

Post a Comment