Friday 8 January 2016

ფრანგული ბულდოგი

ფრანგული ბულდოგი



ფრანგული ბულდოგი
ძაღლის ჯიში:                                     ფრანგული ბულდოგი
სხვა სახელი:                               Bouledogue  Français
მეტსახელი:                                            ფრენჩი
წარმომავლობა:                                 ინგლისი
ფერი:                                            შავი, ვეფხვისებრი, ყავისფერი, კრემისფერი, თეთრი
სიმაღლე:                                                  30 სმ
წონა:                                             9 – 13 კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:      8 – 10 წელი

წარმოშობის ისტორია:
თანამედროვე ფრანგული ბულდოგის წარმომავლობა სათავეს იღებს ძველბერძნული ტომის – მოლოსელთა ძაღლისაგან. ეს ძაღლები დანარჩენ ძველ სამყაროში გაავრცელეს ფინიკიელმა ვაჭრებმა. ბრიტანული მოლოსური ძაღლები გარდაიქმნა მასტიფად. მასტიფის ქვე-ოჯახი კი იყო ე.წ. ”ხარის დამკბენი” – ძაღლი, რომელიც გამოიყენებოდა ხარებთან შეჯიბრის დროს.
სისხლიანი სპორტის სახეობები, როგორიც იყო ხარებთან შეჯიბრებები, აკრძალულ იქნა ინგლისში 1835 წელს და ეს ”ბულდოგები” საქმის გარეშე დარჩნენ. თუმცა, მათი გამოყვანა მოხდა არასპორტული მიზნებისათვის 1800 წლის შემდეგ, ასე, რომ მათი დანიშნულება შეიცვალა სპორტული ჯიშიდან კომპანიონ ძაღლამდე. ძაღლის ზომის შესამცირებლად მოხდა ზოგიერთი ბულდოგის შეჯვარება ტერიერებთან, სხვებისა კი – მოპსებთან. 1850 წლისათვის ”თოი” ბულდოგები უკვე ჩვეულ მოვლენას წარმოადგენდა ინგლისში და ისინი ჩნდებოდნენ ე.წ. ”ბრიდ” (ჯიშის) შოუებში დაახლოებით 1860 წლიდან.
ამავე დროს, ნოტინგემელმა მაქმანის გამკეთებლებმა (lace makers), რომლებიც ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ადგილნაცვალნი აღმოჩნდნენ, დასახლება დაიწყეს საფრანგეთში, კერძოდ კი – ნორმანდიაში. მათ თან ახლდათ სხვადასხვა ძაღლები, მათ შორის მინიატურული ბულდოგები. ამ ძაღლებმა პოპულარობა მოიპოვეს საფრანგეთში და ვაჭრობა დაიწყო პატარა ბულდოგების იმპორტის მიმართულებით. ინგლისელი მომშენებლები აგზავნიდნენ საფრანგეთში ისეთ ბულდოგებს, რომლებიც ძალიან პატარებად ითვლებოდნენ, ან გააჩნდათ რაიმე ნაკლი, როგორიც იყო მაგალითად, მათი დაცქვეტილი ყურები.  1860 წლისათვის, ინგლისში უკვე ძალიან ცოტა მინიატურული ბულდოგი იყო შემორჩენილი მათი პოპულარობის გამო საფრანგეთში.
VeraEyes_1280x1024
ეს პატარა ბულდოგები თანდათანობით ჩაითვალა, როგორც ჯიში და მიიღო კიდეც სახელწოდება – Bouledogue Francais. ინგლისური სახელის ეს გაფრანგულება თავის მხრივ სიტყვების შემოკლებას წარმოადგენს:  “boule” (ბურთი) და “dogue” (მასტიფი ან მოლოსელი). ეს ძაღლები ძალიან მოდურად ითვლებოდა საფრანგეთში და ისინი ჰყავდათ როგორც მაღალი საზოგადოების ქალბატონებსა და პარიზელ მეძავებს, ასევე ხელოვანებს, მწერლებსა და მოდის დიზაინერებს. ფრანგმა მხატვარმა, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკმა ძაღლის ეს ჯიში თავის ნახატებით უკვდავყო.
ქცევა და ხასიათი: 
ფრანგულ ბულდოგს, ისევე როგორც სხვა კომპანიონი ძაღლების ჯიშებს, ესაჭიროება ადამიანებთან ახლო კონტაქტი. ისინი მინიმალურ დატვირთვასა და ვარჯიშს საჭიროებენ, თუმცა აუცილებელია მათი ყოველდღიური გასეირნება. ბრტყელსახიან ფრანგულ ბულდოგებს სახლს გარეთ ცხოვრება არ შეუძლიათ. მათი სასუნთქი სისტემა შეუძლებელს ხდის ტემპერატურის თავად დარეგულირებას. ამის გარდა, ისინი მძიმე წონისა არიან და მათთვის სირთულეს წარმოადგენს ცურვა. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, როცა ფრანგულ ბულდოგებს ავარჯიშებენ ცხელ ან ნესტიან ამინდში, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან მზის დარტყმისაკენ. არ შეიძლება მათი გადატვირთვა (გადახურება) შინ, სახლში თამაშის დროსაც კი.
ფრანგული ბულდოგებს უყვართ თამაში და თავიანთი ლოიალური, მოსიყვარულე ბუნებით ნამდვილ კომპანიონებს წარმოადგენენ ადამიანებისათვის. ძაღლის ეს ჯიში ჭკვიანი ჯიშია, თუმცა მისი მტკიცე და ჯიუტი ბუნება ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს წვრთნისათვის. მათთვის საჭიროა ადრეული სოციალიზაცია. სტენლი კორენის ”ძაღლების ინტელექტი”-ს მიხედვით, ფრანგული ბულდოგი 58-ე ადგილს იკავებს.
ფრანგული ბულდოგი იშვიათად ყეფს და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ყურადღების მიქცევას ცდილობს იმისათვის, რომ რაღაც უნდა, ან მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის ბედნიერი. მას შეუძლია იყოს კარგი მეთვალყურე ძაღლი, თუმცა სუსტი დარაჯია. ეს ჯიში მომთმენი და ძალიან მოსიყვარულეა პატრონის მიმართ, განსაკუთრებით კი ბავშვებისადმი, რომლებსაც უფრო მეტად ძუ ფრანგული ბულდოგები იცავენ. მათ უყვართ თავიანთ ოჯახში, ადამიანების გვერდით ყოფნა და ითხოვენ ყურადღებასა და სიყვარულს. ისინი ადვილად ეგუებიან სხვა ძაღლებს, კატებსა და შინაურ ცხოველებს.
მოვლა: 
ძაღლის ეს ჯიში ძალიან ადვილი მოსავლელია. ფრანგულ ბულდოგს მოკლე ბეწვი აქვს, ამიტომ საკმარისი იქნება ბეწვის მცირე დავარცხნა მკვდარი თმის მოსაშორებლად. ასევე საჭიროა სახეზე არსებული ნაოჭების რეგულარული წმენდა და მათი მშრალ მდგომარეობაში ყოფნა, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექცია. ასევე აუცილებელია თათებზე ფრჩხილების დაჭრაც.ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ფრანგული ბულდოგი სიმსუქნისკენაა მიდრეკილი, რაც უარყოფითად მოქმედებს მის სასუნთქ სისტემაზე, ამიტომ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ მისი წონა.
ჯანმრთელობა: 
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფრანგულ ბულდოგს აქვს ბრტყელი სახე, ანუ წარმოადგენს ბრაქიცეფალურ ჯიშს და ამის გამო მისთვის სირთულეს წარმოადგენს ტემპერატურის ეფექტურად დარეგულირება. თუკი სხვა ჯიშის ძაღლებისათვის რაღაც დოზით შემაწუხებელია სიცხე, ფრანგული ბულდოგისთვის იგი შეიძლება ლეტალური (სასიკვდილო) აღმოჩნდეს. ამ ჯიშის ძაღლს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სუფთა წყალი და ჩრდილი. იმ მიზეზის გამო, რომ ფრანგული ბულდოგი თავისი მიჭყლეტილი ცხვირის გამო ცხვირით ცუდად სუნთქავს, იგი სუნთქავს პირით და ამის გამო ხვრინავს:)
ფრანგულ ბულდოგებს გააჩნიათ ზურგისა და ხერხემლის პრობლემებიც. მათ ასევე შეიძლება დაემართოთ კვირისტავის ამოვარდნილობა.
თვალები:  ფრანგულ ბულდოგებს აქვთ მიდრეკილება თვალის დაავადებების მიმართაც. კერძოდ კი უჩნდებათ ე.წ. მესამე ქუთუთო. თუმცა ეს დაავადება უფრო მეტად ინგლისური ბულდოგებისა და მოპსებისათვის არის დამახასიათებელი. მათ ასევე შეიძლება დაემართოთ გლაუკომა, რეტინალური დისპლაზია, რქოვანის წყლული და ასევე კატარაქტა. 
მშობიარობა და რეპროდუქცია: 
იმის გამო, რომ ფრანგული ბულდოგი მძიმე წონისაა და გააჩნია ვიწრო ბარძაყები და სუსტი უკანა ფეხები, ხვადებს უჭირთ ძუების ბუნებრივად განაყოფიერება და შესაბამისად ბუნებრივად მშობიარობა. ამიტომ ძუ ფრანგული ბულდოგები ხშირად საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას ლეკვების გასაჩენად. ლეკვების 80 % სწორედ საკეისრო კვეთით ჩნდება ხოლმე.







No comments:

Post a Comment