ალბათ, ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარაში, ისეთი იშვიათი ჯიშის მცენარეების გაშენება მოიფიქრო, როგორებიცაა ჩინური პავლოვნია და ჩანდლერის კაკალი.

თუმცა ნიკოლოზ მელქაძისთვის ეს სრულიადაც არ აღმოჩნდა რთულად წარმოსადგენი. მან გადაწყვიტა თავის ნაკვეთებში, რომელსაც აქამდე არ ამუშავებდა, სწორედ ეს მცენარეები დაერგო. თიბისი ბანკიდან საშეღავათო სესხი აიღო, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში პროცენტს სააგენტო უხდის, ხოლო ხუთი წლის შემდეგ თავად უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ თანხის გადახდა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რატომ მიანიჭა მან უპირატესობა ამ მცენარეებს?

ჩინური პავლოვნია იშვიათი ჯიშის მცენარეა, მას ჩინეთში „დრაკონის ხეს“, ევროპაში  კი – „ადამის ხეს“ ეძახიან.

ძველი დროიდან მოყოლებული, ჩინეთში ცნობილია მცენარის სამკურნალო თვისებები. ფარმაცევტები წამლებს ფოთლებისაგან ამზადებენ თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. ასევე, ფოთოლში შემავალი ნივთიერებები სასიკეთოდ მოქმედებს ფილტვებზე. პავლოვნიის ყვავილებისაგან დამზადებული თაფლი შეიძლება აკაციისაგან დამზადებულ თაფლს შევადაროთ. მისი მერქანი ძალიან მსუბუქია, ამიტომაც ის იდეალურია თვითმფრინავის კონსტრუქციების ან გემის ნაწილების დასამზადებლად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დაბალი ტენიანობა (10-12%) და შესაბამისად ხანძრის ნაკლები საფრთხე. ხე ცუდად იწვის, მისგან დამზადებული დეტალები არ დეფორმირდება, რადგანაც ტენის შთანთქვას უძლებს. ამიტომაც, ხე გამოიყენება ფართო სპექტრის პროდუქციის წარმოებაში. იგი 6 წელიწადში 25-დან 28 მეტრამდე იზრდება. რაც შეეხება ჩანდლერის კაკალს, იგი სამ წელიწადში უკვე იწყებს ნაყოფის მოცემას და საშუალოდ 40-45 კგ. კაკალს იძლევა.

ნიკოლოზ მელქაძეს მეურნეობაში პერიოდულად დაქირავებული ადამიანები ეხმარებიან.

– სისტემატიურად რომ ვინმე მყავდეს დასაქმებული და ხელფასს ვუხდიდე, ეგრე არა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად თუ მჭირდება რამის გაკეთება, თანხას ვუხდი ადამიანებს და მეხმარებიან“, – ამბობს ნიკოლოზი.

აღებული სესხიდან მას გარკვეული თანხა დარჩა, რითაც კურდღლის ფერმა გაკეთება გადაწყვიტა. თუმცა, უსახსრობის გამო, საქმე მხოლოდ ნახევრამდე მიიყვანა.

– ცოტა ფული დამრჩა და კურდღლის ფერმის გაკეთება დავიწყე , მაგრამ თანხები აღარ მეყო და მშენებლობა შუა გზაზეა გაჩერებული. ჩემი დაწყებული საქმის დამთავრებაში თუ ვინმე დამეხმარება, ძალიან გამეხარდება“, – ამბობს ის ჩვენთან საუბრისას.

სოფლად ასეთი ინიციატივები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ლიკა ხიჯაკაძე