რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები და ბაზრობები გაიხსნა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ტანსაცმლის ასაღები ფასი გაიზარდა, რაც საცალო ღირებულებაზე აისახება.

ხარაგაულში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა ორშაბათიდან, 15 ივნისიდან, იგეგმება.

„ახალი საქონელი ჯერ არ მომიტანია, – ამბობს ხარაგაულში მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველი მაია თაბუკაშვილი, – ამიტომ ზუსტად არ ვიცი, გაძვირდა თუ არა. თუ ასაღებმა ფასმა მოიმატა, შესაბამისად, ტანსაცმელზე ფასები ჩვენთანაც გაიზრდება.

რაც შეეხება დეზინფენქციას, საწყობში უტარებენ ტანსაცმელს და ჩვენ ისე მოგვაქვს. მყიდველები მაღაზიაში ვერ მოისინჯავენ. ტანსაცმელი გასასინჯად აქამდეც სახლში მიჰქონდათ. კლიენტს შეუძლია, წაღებული საქონელი უკან დააბრუნოს და ჩვენ მას ცალკე შევინახავთ“, – ამბობს ქალბატონი მაია.

2020 წლის 4 თვის მონაცემებით, იმპორტირებული მეორადი ტანსაცმლის 29% (563,4 ტონა) თურქეთიდან შემოვიდა. მთლიანად კი, ამ პერიოდში, ყველა ქვეყნიდან – 1 944 ტონა მეორადი ტანსაცმელია შემოსული.

ლიკა ხიჯაკაძე