მალე ახალი, 2023 წელი შემოაბიჯებს.

რთულ და გამოწვევებით აღსავსე 2022 წელს ვაცილებთ, უკეთესის მოლოდინით.

თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რა იქნება ხვალ, – როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ; ერთმანეთის მიმართ რამდენად სოლიდარულები და შემწყნარებლები ვიქნებით; რამდენად შევძლებთ გაერთიანებას ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი ღირებულებების გარშემო.

საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. საამისოდ თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი უნდა შევიტანოთ; საკუთარი საქმიანობა მაქსიმალური გულმოდგინებით, კვალიფიციურად, რწმენითა და იმედით უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ. პოლარიზება უნდა დავძლიოთ.

ქვეყნის მშენებლობის პროცესში თითოეული ჩვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია.

ბრძოლასა და შრომას ყოველთვის აქვს აზრი.

ძვირფასო მკითხველებო, გილოცავთ მოახლოებული 2023 წლის შემობრძანებას.

ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ოჯახში ხვავსა და ბარაქას, წარმატებებს, უფლის მფარველობას, სიხარულსა და ბედნიერებას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსიყვარულს გისურვებთ.

2023 წელი ჩვენი რედაქციისთვის ორმაგად საიუბილეოა, – დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია „ჩემი ხარაგაული“ 25 წლისა გახდება და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ მეათასე ნომერს გამოვუშვებთ.

ბევრი თქვენთაგანი, უკვე მეოთხედი საუკუნეა, ჩვენი გაზეთის მკითხველი ბრძანდებით.

მადლობა ასეთი ნდობის, ერთგულებისა და თანამშრომლობისთვის.

გპირდებით, კვლავაც გავაგრძელებთ თქვენი, – მოქალაქეების პრობლემების მედიაადვოკატირებას, – თქვენს თითოეულ პრობლემას მომავალშიც მის სრულ მოგვარებამდე გავაშუქებთ; მოსახლეობის ხმას გავაძლიერებთ და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას ხელს შევუწყობთ.

სურვილებისა და მიზნების ასრულებას გისურვებთ!

ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2023 წელი თითოეული თქვენგანის ოჯახში!

ლაურა გოგოლაძე,
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორი