ბუნებრივი პირობები და რესურსები


თბილისის ბუნება მრავალფეროვანია. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.

მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღ. დ 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ისე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღ. დ. 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე. წ ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღ. დ. 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია (სუბხმელთაშუაზღვიური კლიმატის ელემენტებით). ზაფხული თბილისში საგრძნობლად ცხელია. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4o-ია. ზამთარი ცივია (იანვარში +0,9o). ნალექის საშუალო რაოდენობა 540 მმ-ის ტოლია. ნალექების მაქსიმუმი დამახასიათებელია გაზაფხულისთვის, მინიმუმი კი — ზამთრისთვის. თოვლის საფარი აქ ყოველწლიურად არ ყალიბდება.

თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. თიხის საბადოა დიღმის ვაკეზე. თიხის ნაწილს იყენებენ აგურის წარმოებაში. ორხევში არის გაჯის საბადო. ავჭალაში მოიპოვება კვარცხის სილა.


No comments:

Post a Comment