თამაზ ხუციშვილი
სუფრული
რუსმა ჟურნალისტებმა მოსკოვიდან ჩამოაკითხეს მხატვარ თამაზ ხუციშვილს, მასთან ერთად მოიქეიფეს და ჩინებული - სახალისო და ნიჭიერი ნაამბობი გაიყოლეს ძღვნად. გაიყოლეს და მთელ დუნიას უწილადეს >>> იუმორით, ხალისით და გონებამახვილობით გაჯერებულ ჰამბავთა თაიგული (სადაც ნამდვილი და გამოგონილი ისევე უნდა ამშვენებდეს ერთმანეთს, როგორც მოცეკვავეს - ხანჯალი) ალბათ, ყველა მეტ-ნაკლებად ცოცხალს მოჰგვრის ჰალალ ღიმილს. ქვემოთ ორიგინალის სრული თარგმანია წარმოდგენილი.

 მოგონებების დუჟინი თაზო ხუციშვილისგან

არტიომ ეფიმოვმა ვერ შეძლო, ინტერვიუ აეღო თამაზ ხუციშვილისგან - ცნობილი მხატვრისგან და დიდებული თამადისგან. არ ახსოვს, რატომ ვერ შეძლო. საბედნიეროდ, სუფრაზე დიქტოფონი ჩართული დარჩა. ჩანაწერის გაშიფრვა ძლივს ხერხდება - მუსიკის, ჭიქების წკრიალის და გაუთავებელი ხარხარის გამო. აი, ის, რის გაშიფრვაც მაინც მოხერხდა. (თაზოს მონაყოლის სინამდვილეზე თავს არავინ დებს).
ტექსტი: არტიომ ეფიმოვი; ფოტო: ივან პუსტოვალოვი.
ამბავი I
ერთი ჟურნალისთვის ილუსტრაციებს ვაკეთებდი. მივდივარ სალაროში, ჰონორარისთვის. მოლარე კიდევ მეუბნება:
- შენთვის ჯერ არაფერი გადმოურიცხავთ. იმ თვეში მოდი.
ფული არ მაქვს. ვზივარ სალაროსთან ყურებჩამოყრილი. ჰოდა, მოდის ერთი მწერალი, ჩემი მეგობარი, დიდი რომანის ჰონორარისთვის, რომელსაც ძალიან დიდხანს წერდა. მოლარე დედაკაცი ფულს შეკვრა-შეკვრა აწვდის. ვუყურებ, როგორ ინახავს პორთფელში. მერე მივეხალე:
- გესმის?! სალაპარაკომაქვს...
- მიდი, ილაპარაკე.
- აქ არ გვინდა... სხვაგან იყოს.
- კარგი, - მეუბნება, - რესტორანში შევცოცდეთ. აგერ, ჰონორარი მაჯახეს...
- მოდი, ასე ვქნათ: ჯერ სახლში ავიდეთ შენთან, ფული დავტოვოთ. იმდენი ავიღოთ, რამდენიც რესტორანს ეყოფა.
შევიარეთ იმასთან. დავტოვეთ ფული. ცოტა ავიღეთ.
მივადექით რესტორანს.
ვჭამეთ, ვსვით და მეკითხება:
- აღარ იტყვი, რა გინდოდა?
- იცი, რაშია საქმე?.. თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ მარტოს მეშინია. მოდი, ერთად დავიხოცოთ თავები.
მიყურებს:
- შენ ხომ არ გაგირეკია?
ჩავიქნიე ხელი:
- რაც არ გინდა, ღმერთმა არ მოგცეს.
დავლიეთ და დავიშალეთ. დილით მეღვიძება. თავი მისკდება, ცუდად ვარ. ჰოდა, რეკავს ამ დროს ეს მწერალი კაცი და მეუბნება:
- მისმინე, ძმაო. ვიფიქრე და თანახმა ვარ.
- რაზე ხარ თანახმა?
- გუშინ რაზე ვლაპარაკობდით?
- რაზე?
- თავები დავიხოცოთო.
- ჰოოო... გამახსენდა. არა, გენაცვალე - მე უკვე გადავიფიქრე.
იგინა, მაგრამ რა იგინა...

ამბავი II
იყო დრო, სამხატვრო აკადემიაში ვასწავლიდი, თბილისში.
მე და სტუდენტები შენობით მივმართავდით ერთიმეორეს.
ჯერ ახალგაზრდა ვარ - ყველა სტუდენტი ან შინაურია, ან - შინაურის შვილი.
ერთხელაც შევდივარ კლასში.
თორმეტის ნახევარია, ბავშვები კიდევ რაღაც ჩაშვებულები სხედან, ამთქნარებენ.
ლაპარაკ-ლაპარაკში ამოღერღეს: "პახმელიაზე ვართ".
"პახმელიაზეოოო"?!
ვურეკავ ჩემ ამხანაგს, მანანას. ისიც მხატვარია. ვეუბნები, ბავშვები ცოდონი არიან-მეთქი, ნაბახუსევს იბრიდებიან-მეთქი.
ავიყვანე მიკროავტობუსი, ჩავსხი ბავშვები, გადავუხადე შოფერს. ის-ის არის, "ნად კუროი" გახსნეს მტკვრის პირიას. თევზეულია - ავ თვალს არ ენახვება. მოიტანა ოფიციანტმა არაყი და სირჩები. ვებნები: "რასა ჯღანაობ? ისეთი ფუჟერები მოიტანე, 250 გრამი რომ ჩავაწუწოთ!" დავთვალე: ექვსი ბავშვია, კიდევ - მე და მანანა. შევუკვეთე რვა ბოთლი არაყი და თევზი. ერთმანეთს უყურებს ეს ჩემი ხალხი და ხითხითებს. აიღო მანანამ ჭიქა და ამბობს: "აბა, შვილობო, დროა, თვალებში გამოიხედოთ!" დალია მანანამ. დავლიე მეც. დაჭყიტეს იმათ თვალები.
... ერთ საათში ერთმანეთს ვეღარ ცნობდნენ. მოვიდა შოფერი. ჩავსხით ავტობუსში და ჩამოვარიგეთ სახლებში. ერთი თვითონ მივიყვანე სახლის კარამდე. ქეჩოთი მიჭირავს. გაიღო თუ არა კარი, შევაგდე შიგნით და გამოვიკეტე, არ მინდოდა ენახათ, ჩემი მიყვანილი რომ იყო.
დილით, ათის ნახევარზე, სწავლა იწყება. ცხრის ნახევარზე უკვე აკადემიაში ვარ. შევდივარ კლასში - უკვე სხედან ყველანი, პალიტრებს ასუფთავებენ. დავუყვავე: "ბიჭებო, მოდი, კაი ლუდი დავურტყათ!" ატეხეს ჰაი-ჰუი: "რას გვერჩი, დალოცვილო? დაგვეხსენ, რაღა..." დავემუქრე: "თუ უჩემოთ დაგილევიათ, დაგაჭერინებთ მე თქვენ ტურას!"
მერე ბევრს უთქვამს: ამ ხალხს ნეტავ რა დაეტაკა? - ყველაზე კარგი კლასი გახდა და სულ ხუთოსნებით აივსოო...

ამბავი III
90-ანების დასაწყისში, ომის და უბედურების დროს მუშაობამ გადამარჩინა. დილიდან საღამომდე ვხატავდი.
ერთხელაც, ღამიანად, შინ ვბრუნდები. შეზარხოშებული ვარ. ვხედავ, შუკაში ტანკი დგას. ტანკისტი, რუსის ბიჭი, ტანკზე ზის, ჭამს და მიყურებს. ვეკითხები, რას მიირთმევ-მეთქი.
გინდაო? - მეკითხება.
არა-მეთქი, მადლობა...
გავხსენი ჩანთა, ამოვიღე ბუტერბროდი და აი - ბოთლი რომი!
- ტანკში რამდენი ხართ?
სამნიო, მეუბნება.
- მოიტა ხელი!
ჩავძვერი ტანკში.
... გავიდა საათი და ვიღაც ლუკზე გვირახუნებს. ვაღებთ და ვიღაც ოფიცერი ღრიალებს:
- რაებს მღერიხართ?
- სიმღერებს.
- მერე? რუსებმა ქართული სიმღერები საიდან იცით?
აი, ასეთი ბიჭები იყვნენ...

ამბავი IV
მოსფილმში ერთი კინოოპერატორი-დოკუმენტალისტი გამაცნეს. გვარი დამავიწყდა.
იმის ნაამბობია:
ომია. პოზიციაზე აქეთ ჩვენ ვართ, იქით - გერმანელები. ამოვა მზე და დაიწყება სროლა. ყველაფრიდან ისვრიან. ღამით სიწყნარეა. მშივრები ვართ. პოზიციებს შორის კიდევ კარტოფილი თესია. ხოხვა-ხოხვით მივუცოცდებით ხოლმე და ვთხრით კარტოფილს. ბნელი ღამეა - თვალთან თითს ვერ მიიტან. ერთხელაც ვიღაც მეხმარება. ვეუბნები, ეგრე ნუ ქაჩავ-მეთქი.
მპასუხობს:
- Ziehen Sie nicht!
მე ცოტა გერმანული მესმის. გავეცანით ერთმანეთს. მეუბნება:
- დალევა გინდა?
დავლიეთ. დაიწყო გათენება. თურმე რვა სული ვყოფილვართ კარტოფილზე. ხუთნი თუ ექვსნი - გერმანელები.
მერე ჩავძვერით უკან, სანგრებში და დავცხეთ ცეცხლი...
ამბავი V
მურთაზა ხურცილავას უამბია:
თბილისის "დინამოში" ვარ, ცეესკას უნდა ვეთამაშოთ. უკვე ვიცით, წავაგებთ. ჩავაკითხე დილით რესტორანს, სასტუმრო "უკრაინაში". ფლოსტები მაცვია. წინა დღის სუფრებს ალაგებენ. დაკეტილია რესტორანი. მივეცი ოფიციანტს ტალონი და მომიტანა: ჩაი, ბულკი და ორი სასისკი.
გავიხედოთ და, ვიღაც შემოდის - კარგი ჩაცმულია, ქართველი.
- ქალო! - დაიძახა. - ლუდი მოიტანე!
- გაგიჟდით? ჯერ ერთი, რესტორანი დაკეტილია, მეორეც - ლუდი არ გვაქვს.
- აბა, ეს რაღას ხეთქავს? დამიძახეთ დირექტორს!
შემოდის დირექტორი. აქცენტზე ეტყობა, უკრაინელია. დევივითა, ორმეტრიანი.
ეს, ქართველი, ზის და აბოლებს.
გაიბადრა დირექტორი:
- ოქროკაცო! რა დრო გასულა და ერთმანეთი არ გვინახია!
გადაეხვივნენ ერთმანეთს.
- ლუსია! ერთი ყუთი ბავარიული და ორი "პშენიჩნი"!
ხიზილალაო, თევზეულიო... სხედან, სვამენ და ხარხარებენ.
უცებ ეს, ქართველი, ჩემკენ იყურება და მეკითხება:
- მოიხედე... ქართველი ხარ?
- დიახ.
- რა გვარის კაცი ხარ?
- ხურცილავა.
აგრძელებს მეგრულად:
- მოდი, გენაცვალე, გადამკოცნე!
დავიხარე და გადავკოცნე. ეგრევე ეტყობა, განთქმული კაცია. აი - პიჯაკი!
იციო, მეკითხება, ვინა ვარო?
- არა.
გადაიწია პიჯაკის ბორტი და იქ საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი ჰკიდია.
- რაო, მართლა ვერ მიცანი?
- ვერა.
- ბრიყვო, მელიტონი ვარ, ქანთარია!
გავიცანით ერთმანეთი. მელიტონმა ჩემი სადღეგრძელო დალია. მერე მეუბნება.
- ახლა შენ თქვი!
- ვერ დავლევ, საღამოს თამაში მაქვს. მაგრამ ვიტყვი: ანდრო ჟორდანია რომ არა, დღესაც ჩემ სოფელში ვეგდებოდი თოხით ხელში. ახლა კიდევ დედამიწას ვუვლი. არც ამსტერდამი მეუცხოვება, არც ბრაზილია. ანდროს სული გაანათლოს ღმერთმა.
დალიეს.
და მაშინ მელიტონი ატირდა:
- კაცი ის არის, ვისაც სხვისი სიკეთე ახსოვს. აგერ, მე... ჰიტლერი რომ არა, ვინ ჩემი ფეხები ვიქნებოდი?!

ამბავი VI
მიხეილ ჭიაურელთან ვმუშაობდი მთავარ მხატვრად. ვცხოვრობდით სასტუმრო "მოსკოვში". ერთხელაც, დილით, მეუბნება:
- გინდა, ფოიეში საცვლებით გავიარო?
- რას ამბობ, ძია მიშა?!
- მოდი, გავმაზოთ! ათი ბოთლი ღვინო!
ჩაიცვა თეთრი საცვალი, ძვირფასი შავი პიჯაკი, დაიკიდა რაც ჰქონდა, ყველა ორდენი - საბჭოთა და უცხოური. შემოიხვია თავზე პირსახოცი ჩალმად და წავიდა. ფეხშიშველი. ლიფტით ჩადის ფოიეში და ხმებს გამოსცემს:
- აი-ბალა-ბალა-მაი-ბალა-ბალა-ხუმ-კალაი-ბალა!
ყურადღებას არავინ აქცევს. ვიღაც ორდენოსანია, რაღა... უცებ მესმის:
- კრეტინო! ბებერო კრეტინო!
ვუყურებ: ნინოა, რამიშვილი, მოცეკვავე.
- კრეტინო, - ეუბნება, - რას სჩადიხარ?
- წადი ქალო აქედან, ხელს ნუ მიშლი, მაზიანს ვიგებ!
... ერთ მშვენიერ დღეს ჭიაურელი მეუბნება:
- წამოდი, შოსტაკოვიჩს გაგაცნობ. შინ მივაკითხოთ.
შევედით ბუფეტში. ჭიაურელი კითხულობს:
- ქართული კონიაკი გაქვთ? კარგი, სამარკო?
აიღო ოთხი ბოთლი. მივედით შოსტაკოვიჩთან. ის ეკითხება:
- მიშა, რამდენი გაქვს ხელფასი?
მიშას ხელფასი 800 მანეთია.
ეუბნება:
- 2800.
- ოჰ... - ხვნეშის შოსტაკოვიჩი, - ბედნიერი კაცი ხარ. აი, რომ ვიცოდე, ყოველ თვეს 50 მანეთს მივიღებდი, მეც ბედნიერი კაცი ვიქნებოდი.
- მოდი, შენი ბარათი აჩვენე ბიჭს. - ჩაურტყა ჭიაურელმა.
გამოიტანა შოსტაკოვიჩმა ბარათი. აწერია: "შეუზღუდავი კრედიტი მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში". 
ქართულად მითხრა მიშამ:
- აი, ამის პატრონს თვეში კიდევ ხუთი თუმანი უნდა... ამ ყურუმსაღს...

ამბავი VII
ჩემ პარალელურ კურსზე სწავლობდა ერთი სქელო - ნინა, მოქანდაკე. ერთხელაც პუშკინის მუზეუმში ვარ. მხვდება და მთავაზობს:
- თაზო, მოიწიე, ახლა ისეთ ვინმეს გაგაცნობ, გაგიჟდები!
მივყავარ. კაცი დგას და ორი ქალბატონი. ნინა აცხადებს:
- მინდოდა თქვენთვის გამეცნო - ჩემი მეგობარი, ფერმწერი...
- ილია ერენბურგი.
მე კიდევ, იდიოტმა, შევაგებე:
- ბუფეტში შევლას ხომ არ ინებებდით?
... გავიდა რამდენიმე წელი. ისევ ის ნინა ისევ მთავაზობს:
- წამოდი, ისეთ ვინმეს გაგაცნობ, გაგიჟდები!
მარკ შაგალია, მეუღლითურთ. და მთარგმნელი.
მივმართავ:
- ბუფეტში ხიმ არ შეგვევლო?
შაგალი:
- სიამოვნებით!
ყველანი გამოყარეს იქიდან და დავრჩით: მე, შაგალი, ნინა, შაგალის ცოლი და სამი ჩეკისტი. ისხდნენ კუთხეში და თავს იკატუნებდნენ, ვითომ ჩვენთან არ იყვნენ...
ამბავი VIII
მყავდა "ნატურშიცა", სახელად - ბულოჩკა. მორწმუნე იყო. ყოფილი სპორტსმენი, ველოსიპედისტი - აი!! ლიტრ არაყს ყურში ისხამდა. მოხიპიშე იყო, მთელი თბილისი იცნობდა.
მიადგებოდნენ ფულის სასესხებლად.
- ხუთი მანეთი გინდა? მოიცადე, ანზორა მოვა და მოგცემ... სამი თუმანი? გოგია მოვა და გექნება.
ერთხელ მე და ჩემმა ამხანაგმა კინოში წავიყვანეთ. ამხანაგი მეუბნება:
- ვინმემ რომ ამასთან დაგვინახოს, უხერხულია.
ბულოჩკა ცალკე დაჯდა, ჩვენს წინ, დღის სეანსია. რაღაც ფილმია. ეკრანზე ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიან. დარბაზში სიჩუმეა. და უცებ:
- ოხ, შე ბოზანდარავ! არა გცხვენია? ამხანაგებო, რაებს უყურებთ? - მოგვიბრუნდა. - დავაწვეთ აქედან!
ბულოჩკა...
ამბავი IX
ბიძაჩემი კალათბურთელი იყო, ერთი უზარმაზარი... ერთ მოყუდებაზე ფუთ ღვინოს სვამდა. მოვიდა ანზორ ლეჟავა - 2 მეტრი და 18 სანტიმეტრია. ერთად თამაშობენ.
ბიძაჩემმა გადაუკრა:
- ანზორ, ჩვენ ყანწს დალევ?
ის კიდევ თვინიერი, თავმდაბალი კაცია:
- ჯერ ვნახავ...
ბიძაჩემი აქეზებს:
- თუ დალევ, ეგ ყანწი შენია!
იცით, როგორ ეჭირა ანზორს ის ყანწი? - აი, ორი თითით!
დაიჭირა და დაცალა.
ბიძაჩემს ფერი წაუვიდა - ყანწი არ ემეტება. გელოვანების საგვარეულო რელიქვიაა.
გაუხვია მაინც ქაღალდში.
გუნება წახდომია.
მაგრამ ქართველებს აკი კეთილშობილება არ გვესწავლება?!
დილით, სტუმრები რომ მიდიან, გამოიტანა ბიძაჩემმა ფეშქაში:
- ანზორ, შენია!
იმან იუარა:
- გაგიჟდი? ოჯახიდან ამის გამტანი ვარ?
მაშინ თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ვიყავი. ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ სცენამ.
ჩაიარა მას მერე ბევრმა წყალმა და ჩამომიტანეს აფრიკიდან - აჰაიდა, ყანწი! პირი ექნება - 30-სანტიმეტრიანი! თექვსმეტი ლიტრი ღვინო ეტევა. გავახვიე და წავუღე ანზორს.
- ანზორ, გენაცვალე, ყანწი რომ გვაწევს კისერზე ვალად, ხომ გახსოვს? აჰა! შენია!
ანზორა კიდევ ბავშვივით სერიოზულია.
აიღო ყანწი, გახედ-გამოხედა და მეუბნება:
- არა, ძმაო, ამის დამცლელი ნაღდად არა ვარ...

ამბავი X
მეგობართან, გოგისთან ერთად მოსკოვში ვიყავი. რესტორანში გვარიანად დავლიეთ და მაშინ მეუბნება:
- დედაჩემისთვის წამალი მაქვს საყიდელი. აქვე, გოგოლის ბულვარზეა აფთიაქი. წამოდი, შევიაროთ.
თოვს. თავები ჩაგვიღუნია, არ გავრბივართ, მაგრამ ვჩქარობთ.
უცებ ვიღაცას დავეჯახეთ და ის ვიღაც წაიქცა. ვხედავთ, ვასილ მჟავანაძეა, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ყოფილი 1-ლი მდივანი, იმჟამად - უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის ვეტერანთა საბჭოს თავჯდომარე.
წამოვაყენეთ და თოვლს ვუფერთხავთ.
- ვასილ პავლოვიჩ, ღვთის გულისათვის, გვაპატიეთ, ვერ გიცანით.
იცინის:
- არამზადებო, რომ არ გეცნეთ, ასე მიმატოვებდით, არა?
დავპატიჟეთ რესტორანში.
გვიხსნის:
- დიაბეტი მჭირს. თუ შეიძლება, კონიაკს დავლევ...
- ბატონი ბრძანდებით!
შემოდის უცებ ტაირ სალახოვი, მხატვართა კავშირის 1-ლი მდივანი - ჯიგარი, აზერბაიჯანელი.
მოვიდა ჩვენთან:
- გამარჯობათ, ვასილი პავლოვიჩ!
მერე ჩვენ მოგვიბრუნდა:
- კრეტინებო, აქ სად მოგიყვანიათ ეს კაცი?
არადა, გენიალური რესტორანია. მხატვრების მეტი არავინაა.
სალახოვმა ოფიციანტ ქალს დაუძახა:
- აალაგე ყველაფერი და ჩემ კაბინეტში გაშალე სუფრა.
ნახევარ საათს იჯდა ჩვენთან და წავიდა.
დავლიეთ და ჩვენც გამოვედით.
ვასილ პავლოვიჩი ბრძანებს:
- ბიჭებო, ახლა კი ჩემთან წავიდეთ, სახლში.
ვიუარეთ და გვეუბნება:
- ძალიან გთხოვთ!
ჩავსხედით მანქანაში - შავი "ვოლგაა" თუ "ჩაიკა" - და გავქროლდით.
ვხედავ, თითქოს მხარი აგვექცა, სადღაც ქალაქგარეთისკენ გვიჭირავს გეზი.
გოგის ჩავჩურჩულე:
- მგონი, გვიტაცებენ.
სადღაც გავჩერდით. შოფერი მანქანიდან გადავიდა და მერე რაღაც მოზრდილი ფუთით დაბრუნდა. დაგვიდო მუხლებზე. ხელი შევავლე და რაღაცამ მიჩხვლიტა. ჩავხედე - ვარდების თაიგულია! გარეთ ზამთარია, ყინვა, აქ კიდევ - უზარმაზარი თეთრი ვარდები.
მჟავანაძემ გვითხრა:
- შინ რომ შევალთ, ვიქტორიას, ჩემ მეუღლეს მიართმევთ.
მივედით.
კარს მეუღლე აღებს.
- სად დაძრწიხარ? ესენი ვინ არიან?
- ქართველი მხატვრები არიან, თბილისელები...
მე და გოგი თაიგულს ვუწვდით:
- ეს - თქვენ!
- ჩემო კარგებო! მობრძანდით, მობრძანდით!
... მჟავანაძე ჯიგარი იყო. ერთხელაც ერთად ვსხედვართ. ლორთქიფანიძეც იქ არის, მსახიობი.
მჟავანაძე გვეკითხება:
- ბიჭებო, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთ?
ლორთქიფანიძე:
- ჩეხური ლუდის ნაკლებობა გვაქვს.
- ჰოოო...
წავიდა. ჩვენ ისევ ვსხედვართ.
ვიღაც შემოდის:
- ბიჭებო, მჟავანაძემ ორი ყუთი ლუდი და თევზი გიფეშქაშათ.
უნდა ავიღოთ და დაუმატა:
- მოიცადეთ, ყუთი არაყიცაა!
ამბავი XI
ბაბუაჩემი კვდებოდა. თვითონ ექიმი იყო და გვითხრა:
- ექიმი არ დამანახოთ. სამი-ოთხი დღის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი.
ერთხელაც, დილით, ვაკითხავ. იღვიძებს და მეუბნება:
- გენაცვალე, როგორ მიყვარხარ!
უცებ რახა-რუხი მესმის. კარი მოფრიალდა და დედაჩემი შემოვარდა. ასეთი არასოდეს მენახა - მოკლე ქვედაკაბით, ხელში შამპანურით.
ბაბუამ დაიჩივლა:
- რა ხდება სახლში? სიკვდილს არ მაცდით?
დედაჩემი:
- მაპატიე, ბაბუ. ჩვენ სახლში სიხარული შემოვიდა! მარტო ჩვენ სახლში კი არა, მთელ საქართველოში! ბოლშევიკები აღარ არიან! ახლა ყველაფერი ძველებურადაა!
უცებ ბაბუამ ბრძანა:
- ჩამაცვით!
ჩააცვეს და მიუჯდა მაგიდას.
დაარტყა მაგიდას მუშტი:
- ჩვენ კაპიტალი გვჭირდება!
რა კაპიტალი, რის კაპიტალი? - ვალებში ვიხრჩობით.
ექიმები ყოველდღე რეკავდნენ:
- როგორაა ბაბუ?
- არა უშავს.
- რამდენი დალია?
- ღვინო? ორლიტრნახევარი.
- ხალხო, კლავთ ბერიკაცს?
დარეკა "ოგნიოკის" კორესპონდენტმა, ჩვენთან მოსვლა უნდოდა - ყური მოეკრა, რომ მომაკვდავი რაღაც ფსიქოთერაპიას დაეყენებინა ფეხზე.
ორთვენახევარი კიდევ იცოცხლა.
როცა ერთხელ ეს ამბავი მოვყევი, ერთი მეგობარი მეკითხება:
- ბაბუაშენი ფანჯარასთან მოკვდა?
- ჰო, მაგრამ ფანჯრიდან საბჭოთა არაფერი ჩანდა.
- უბრალოდ, ფანჯრიდან პატარა ბიჭი დაინახა, შინ პური რომ მიჰქონდა. და პური გაზეთში, "პრავდაში" ჰქონდა გახვეული...

ამბავი XII
ბორჯომში ორ მეგობართან ერთად ფეხბურთის თამაშს ვაპირებ. მივედით მოედანზე, მეტოქეებს ვეძებთ. ვხედავთ, სამი რუსი მოდის. ცხვირ-პირი ჩამოსტირით. ეტყობა, სამკურნალო წყლით ჭყიპავენ.
- ბიჭებო, ბურთი არ გავაგოროთ?
- ჩვენ ფეხბურთს არ ვთამაშობთ.
- გეშინიათ, რომ ამოგტენით?
- ამოგვტენით???
ვთამაშობთ 12-მდე. 11:0-ია, იმათ სასარგებლოდ. ჩვენ სამნი დავეცით. ვეუბნებით:
- ვირისთავებო, მოიწიეთ აქეთ! ვინ ხართ?
- მე რაგულინი ვარ, ესენი - ძმები მაიოროვები. [60-70-იანი წწ. რუსული ჰოკეის მეგა ვარსკვლავები]. ტარასოვმა [განთქმულმა მწვრთნელმა] სამუკურნალოდ გამოგვრეკა.
...და ფეხბურთს არ თამაშობენ, ეს ლოთბაზარები!
დავმეგობრდით.
მერე მოგვივარდა მთავარი ექიმი. ღრიალებდა:
- ეს სამნი მთელი დღეობით იკარგებიან, მოდიან გამტყვრალები. ჰკითხავ რამეს და ფეხბურთს ვთამაშობდითო, ტყუიან. ვითომ შენთან თამაშობდნენ. დაანებე მაგ ხალხს თავი! გინდა, ციხეში ჩამაყუდონ?