თბილისის გეოგრაფია



თბილისის ბუნებრივი პირობები და რესურსები - თბილისის ბუნება მრავალფეროვანია. ქალაქის წყლის მთავარი არტერიაა მტკვარი, რომელიც ქალაქს კვეთს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში, წყალმცირობა — ზამთარში. თბილისის ფარგლებშია მტკვრის შენაკადები: მარჯვენა — დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი; მარცხენა — გლდანისხევი და ლოჭინა. თბილისის ფარგლებშია აგრეთვე სამგორის სარწყავი სისტემის ზემო და ქვემო მაგისტრალური არხები უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთები, თბილისის წყალსაცავი, ლისისა და კუს ტბები.მდინარე მტკვრის ხეობის ფსკერი, ქალაქის ფარგლებში, მერყეობს ზღ. დ 425 მ-დან (დიღომი) 370 მ-მდე (ორთაჭალა). მთაწმინდის სიმაღლე, რომელიც ისე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზღ. დ. 719 მეტრის ტოლია. საცხოვრებელი უბნების მიხედვით ყველაზე მაღლაა ე. წ ნუცუბიძის პლატო, რომელიც ზღ. დ. 700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდ. მტკვარი თბილისს ორ კარგად გამოხატულ ერთეულად — მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად ყოფს. მარჯვენა სანაპირო რელიეფურად წარმოდგენილია თრიალეთის ქედის განშტოებებით, რომლებიც ციცაბოდ ეშვება მტკვრის ხეობისკენ. მათ შორის მოქცეულია მტკვრის შენაკადთა ხეობები.თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებულ ნაწილში, ისე მოსაზღვრე ვაკეებზე, გორაკ-ბორცვებსა და მთის კალთებზე უპირატესად ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობა (მ. შ. წიწვოვანები) ხარობს. განაშენიანებული ტერიტორიის ირგვლივ ჭარბობს სტეპის ბალახეულობა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარი, უფრო დაშორებულ ადგილებში, ქედების კალთებზე კი მეორეული ფართოფოთლოვანი ტყეებია.თბილისის მნიშვნელოვანი წიაღისეულია გოგირდწყალბადიანი თერმული მინერალური წყალი, რომელიც მრავალ ადგილას გამოდის ქალაქის ძველ უბნებში მტკვრის ორივე მხარეს. მათ ბაზაზე ძველთაგანვე მოწყობილია აბანოები, ხოლო შემდეგ მოეწყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. თიხის საბადოა დიღმის ვაკეზე. თიხის ნაწილს იყენებენ აგურის წარმოებაში. ორხევში არის გაჯის საბადო. ავჭალაში მოიპოვება კვარცხის სილა.



კლიმატი

თბილისში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 12,7 °C, იანვარი 0,9 °C, ივლისი 24,4 °C; აბსოლუტირი მინიმალური ტემპერატურა — 23 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 40 °C. ნალექები 560 მმ წელიწადში. უხვნალექიანია მაისი (90 მმ), მცირენალექიანი — იანვარი (20 მმ). თოვლის სახით ნალექი შეიძლება მოვიდეს საშუალოდ 15-25 დღე წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დავასავლეთის ქარი, ხშირია აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. 



თბილისის ქვაბული — მტკვრის ხეობის მონაკვეთი მუხადგვერდის ვიწრობის ბოლოდან (ზემო ავჭალა) თელეთის ქედის ბოლომდე (ფონიჭალა). შემოსაზღვრულია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან თრიალეთის ქედის განშტოების — საწკეპელის, მსხალდიდის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ფერდობებით; აღმოსავლეთიდან — ივრის ზეგნის ჩრდილოეთი ნაწილით; ჩრდილოეთიდან — საგურამოს ქედის კალთებით. სიგრძე 21 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ფსკერის დონე 350-450 მ ფარგლებში იცვლება. კალთები ზოგან 1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრეთ ნაწილში განვითარებულია შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულსა და ტბურ) ნალექებს. ქვაბულის ჩრდილოეთი ნაწილი ალუვიური ვაკეა, ცნობილია დიღმის ვაკის სახელწოდებით. უფრო სამხრეთით, მტკვრის ხეობაში კარგადა გამოხატული ტერასული საფეხურები, რომელზეც გაშენებულია ქალაქი თბილისი.


ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის პარალელურად, გაჭიმულია მტკვრის ძველი ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის წყალსაცავია. თბილისის ქვაბულში მტკვრის მარჯვნიდან ერთვის მდინარეები დიღმისწყალივერე და წავკისისწყალი, მარცხნიდან — გლდანისხევი. ტბებიდან აღსანიშნავია ლისისა და კუს ტბები. თბილისის ქვაბული ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რომელიც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელადმისადგომ ნაწილებში, ქვაბულის ფსკერი კულტურული მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქა-იქ ტუგაის ტყეებია.


                                                               [წავკისის წყალი]                                                                

No comments:

Post a Comment