Monday, December 31, 2012

გილოცავთ ახალ 2013 წელს

2012 წელი როგორც ფრენბურთის სამყაროსთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის ცვლილებებისა და რთული გარჩევების წელი იყო. გისურვებთ და ვისურვებდი, რომ 2012 დარჩენილიყოს ყველაზე ცუდ წლად... 2013 წელი კი სულ ახალი შესაძლებლობების, ბედნიერების, სიხარულისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს. 2012-ში ვისწავლეთ, რომ ერთ სფეროში ერთად არსებობა უნდა შეგვეძლოს, უნდა მივდიოდეთ კომპრომისზე, უნდა გავუძლოთ ერთმანეთს, რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ეს. ჩემთვის რთული იყო რაღაცების გადალახვა, შევეცადე სხვის ადგილზე დამეყენებინა თავი, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც გამიჭირდა... ზოგმა გამიგო, ზოგმა ვერ... მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და იმედია დასრულდა :))
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ 2013 წელს ყველანი ცოტათი უფრო კეთილები, წინდახედულები, შემწყნარებლები და საერთოდ ცოტათი უფრო უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვიყავით. მე პირადად ძალიან მინდა გავხდე უკეთესი :)) პიროვნულად იქნება ეს, ჯანმრთელობის მხრივ, გონებრივ შესაძლებლობებზე იქნება საუბარი თუ ფიზიკურზე... სულ ერთია :)) ყოველმხრივ განვვითარებულიყავით. ფრენბურთი იქეთ იყოს და ერთმანეთისთვის პირველ რიგში ადამიანები უნდა ვიყოთ.
შედარებით ახალ ფრენბურთელებს კიდევ ვურჩევ, რომ წინამორბედების გზას ნუ დაადგებით :)) ჩვენ სამაგალითოები ნამდვილად არ ვართ თქვენთვის. მთავარია სცეთ პატივი ერთმანეთს, უფროსებს და სულ პატარებსაც :)) არასოდეს შეხედოთ ერთმანეთს ზემოდან და ერთად აკეთეთ საქმე დიდი სიყვარულით, რომელიც ერთად დაიწყეთ ან იწყებთ. გილოცავთ ახალ წეელს!!! ის უდაოდ უკეთესი უნდა იყოოს ყოველი ჩვენგანისთვის! ცოტა ჩვენი ძალისხმევაც არის საჭირო, რა თქმა უნდა :)) წარმატებები ყველას!
ზოგჯერ კიდევ ასეთი დარტყმულებიც უნდა იყოთ :D აბა რაა... მაგრამ თან საქმე ;)) :*

Tuesday, December 11, 2012

* * *

ალბათ კრიტიკა ადვილი რამ არის, მაგრამ არა ყოველთვის. ხშირად მას არასწორად იგებენ, შენ თვითონ ზედმეტი მოგდის, ადამიანებს ზედმეტად ხდვებათ გულზე, არ სურთ აღიარება, ან თვლიან რომ შენ არ ხარ მართალი. ეს რაღაცები ძალიან ბუნებრივია. ვაღიარებ, რომ ძაალიან რთულია აიღო საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობა, იყო ობიექტური, წერო სიმართლე, თან გამოხატო საკუთარი აზრი და მერე კიდევ იმ ადამიანების კრიტიკას გაუძლო, ვინც ამის წაკითხვას მოახერხებს. მე ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბლოგია და მასში რასაც მინდა იმას დავწერ (ზოგადად ბლოგები ამისთვის არის ხომე), მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ჩემდაუნებურად დავიკისრე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ფრენბურთი არ არის განებივრებული გაშუქებით მედიის მხრიდან. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ბოდიშს გიხდით ამ აჟიოტაჟისვთის ვისაც გეწყინათ, ვისაც არ გწყენიათ, ვისაც გაგისწორდათ და მათაც, ვისაც გკიდიათ. ნეტავ რატომ გამიკვირდა ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც საქართველოში ზოგადად არ არის აღიარებული ჯანსაღი კრიტიკა და ადამიანური დავა, კამათი. მე უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოვხატავ საკუთარ აზრს და ამ აზრს არავის გახვევთ.
1. მე მინდა, რომ ეს სპორტი ყველასთვის იყოს ფრენბურთი და არა - ფრემბურთი, ხელბურთი ან კალათბურთი; 2. მე მინდა, რომ ჩვენ გავხდეთ კიდევ უფრო მეტნი და ფრენბურთი - პოპულარული; 3. მე მინდა, რომ მწვრთნელებს ჰქონდეთ მაღალი ხელფასები, რათა შეძლონ ამ საქმის თავისუფლად, დიდი სიყვარულით კეთება პრობლემებისა და უკანონო გადახვევების გარეშე; 4. მე მინდა, რომ ჩვენთან დაისადგუროს სიმშვიდემ და ერთმანეთს მეტი პატივისცემით მოვეპყრათ; 5. მე მინდა, რომ ახალი მოსული ბავშები ძველმა "კარგმა მოთამაშეებმა" არ დაჩაგრონ და მათ ზევიდან არ უყურონ. საერთოდ არავინ დაიბრალოს ლიდერობა და ვარსკვლავობა თვითნებურად; 6. მე მინდა, რომ ყველაფერი წყდებოდეს სამართლიანად და არავინ იჩაგრებოდეს უმიზეზოდ; 7. მე მინდა, რომ ფრენბურთში მოიშალოს საქართველოსთვის ასეთი დამახასიათებელი ნაცნობობის ინსტიტუტი; 8. მე მინდა, რომ ფრენბურთელებმა პირველ რიგში იფიქრონ ხოლმე ვარჯიშზე და ერთმანეთს შეეჯიბრონ მოედანზე; 9. მე მინდა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა თავი არ დაზოგოს ფრენბურთის ფეხზე დაყენებისათვის და არ მოირგოს სავარძელი, როგორც ქართველები ხშირად ვირგებთ ხოლმე; 10. მე მინდა, რომ მოთამაშე და მწვრთნელი ერთნაირად კარგად დაიხარჯონ; 11. მე მინდა, რომ მოთამაშესა და მწვრთნელს შრომა დაუფასდეთ; 12. მე მინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა გამიგოს სწორად; 13. მე მინდა, რომ ზოგადად ერთმანეთს გავუგოთ ხოლმე და დავაფასოთ, გადავდოთ პიროვნული წყენა გვერდზე; 14. მე მინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატები იყოს ისეთი სანახაობრივი, რომ კიევის დარბაზი მაყურებლებისთვის არანაირად არ იყოს საკმარისი; 15. მე მინდა, რომ ქართველი ფრენბურთელები რაც შეიძლება უფრო ხშირად გავიდნენ საერთაშორისო ტურნირებზე, ელემენტარულ უნივერსიადებზე; 16. მე მინდა, რომ ჩვენი ბავშვები საზღვარგარეთ წავიდნენ სათამაშოდ და საჭირო დროს ნაკრებს დაეხმარონ ხოლმე; 17. მე ალბათ კიდევ ბევრი რამ მინდა, დარწმუნებული ვარ თქვენც... 18. მე მინდა, რომ ასეთი პოსტის დაწერის სურვილი აღარ გამიჩნდეს და უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე მოგვიწიოს შემდეგში ფიქრი... წარმატებები ჩვენ!
P.S. კიდევ მინდა, რომ მას, ვინც არ ფიქრობს ფრენბურთის კარიერაზე, ჰქონდეს საშუალება ისიამოვნოს ამ სპორტის თამაშით :))

Saturday, December 8, 2012

გაგიკვირდებათ და ისევ ფრენბურთი :))

ძალიან დიდი ხანი მინდოდა ახალი პოსტის გამოქვეყნება, მაგრამ თავს ვიკავებდი, ძალიან ბევრი აზრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ ზოგიერთ რაღაცაში ვიცოდი, ზედმეტად სუბიექტური ვიქნებოდი, თუმცა აქ სრული უფლება მაქვს ვიყო სუბიექტური, მაგრამ მაინც თავი შევიკავე, დაველოდე, სანამ ჩემი არეული ემოციები ცოტა ჩაცხრებოდა და დავიწყე...
რა დავიწყე? აი, აზრზე არ ვარ... ახლა დასრულდა საქართველოს ჩემპიონატების პირველი ტურები, გოგოებსა და ბიჭებში. დასრულდა ცოტა მოსალოდნელი შედეგებით, ყველა გუნდის წინასწარ მომზადებას რომ გადავხედოთ. ჩემთვის ეს ჩემპიონატი ძალიან უჩვეულო იყო. ერთწლიანი თუ წელიწად-ნახევრიანი პაუზის შემდეგ ისევ ვითამაშე. ეს ჩემთვის პირველი თამაშის წინ მოთელვის დროს გავაცნობიერე... ნუთუ ისევ... მაგრამ ახლა სულ სხვა განცდები მქონდა.
თითქოს გამოცდილი რომ გქვია (მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ახლა თუ იტყვის კაცი ასეთ რაღაცას) და ხვდები, რომ იმას ვეღარ აკეთებ, რაც შეგეძლო, ეს გულს მწყვეტდა, ამასთან შეგუება ცოტა რთულია, თუმცა ვფიქრობ ყველაზე ხალისიანი მოთამაშის სტატუსი უნდა მომანიჭონ (მხოლოდ მარი დანელიას შემდეგ:)), მე მაინც მიხაროდა, რომ ვთამაშობდი, ეს ხომ ფრენბურთია :) ვიცი, რამდენიმე მოთამაშე განსაკუთრებით გამიგებს.
მართლა მიხარია, როდესაც გოგოები რთული ტრავმების შემდეგ ნელ-ნელა ბრუნდებიან, რომ ისიამოვნონ ფრენბურთის თამაშით. ვისაც ეს პროცესი არ დაუწყია, წარმატებებს ვუსურვებ :) ჩემპიონატამდე, კარგად მახსოვს, ფრენბურთის ჭუჭყიან სამზარეულოზე ვწერდი, რომელშიც ყარდა დახურულ კარს მიღმაც კი და კარი რომ შევაღე, მართლა არ შევმცდარვარ! :D ეს ყველაფერი ნათლადაც დავინახე, მაგრამ არ ვიმჩნევ და ვაგრძელებ გვერდის ადმინისტრატორობას და ვცდილობ ტაქტიანი ვიყო. ფრენბურთელებო, ვიცი, რომ ცოტანი ვართ, მაგრამ ყველანი ცალ-ცალკე საყვედურს როცა აცხადებთ, იცით რა ბევრნი ხდებით? :) რა თქმა უნდა, მე ვერ და არ ვიქნები ობიექტური, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რაღაც ჩარჩოებში მოვიქციო თავი, რომ არავის შევეპასუხო. მოდით, ამით ცუდად ნუ ისარგებლებთ :)
საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ტური, ამ ბოლო დროს, უფრო გაცნობითი ხასიათის არის ხოლმე. ეს ტრადიცია 2 წელია რაც დამკვიდრდა და რთულია ფინალამდე რეალურად გადაანაწილო ადგილები გუნდებს შორის. ყველაფერი დამოკიდებულია მომზადებაზე, ხასიათსა და ბედზე :) ბიჭების უმაღლეს ლიგაში მსგავსი რაღაცები ნაკლებად ხდება ხოლმე. ასე როოოომ... ყველაფერი წინ არის, გოგოებო. იმედი მაქვს, მეორე ტური და ფინალი ბევრად სანახაობრივი იქნება. წარმატებები ყველას!
მაგრამ წარმატება ახლა არა მარტო ჩემპიონატის გამო გვჭირდება... 16 დეკემბერს არჩევნებია, საქართველოს ფრენბურთის ფედერაცდიის პრეზიდენტის არჩევნები. კარნდიდატურა მხოლოდ ორი ვიცი, ნეტა მატრიარქატი დაისადგურებს ფრენბურთში თუ პატრიარქატი.
მე პირადად მატრიარქატის მომხრე ვარ :) ახლა პირდაპირ კი ნუ გამიგებთ, რომ ბიჭების ჩამოშორებაზე ან მსგავს რამეზე ვსაუბრობ, მე ახლა პრეზიდენტზე მაქვს აქცენტი. ჩემი აზრით, ჯობია მოვიდეს ის ადამიანი, რომელიც იქნება პატიოსანი და მე კარგად ვიცი ვინ არის კანდიდატებს შორის პატიოსანი. მე ვიცი რომელი კანდიდატი არ დაიწყებს განზრახ რომელიმე გუნდის წინააღმდეგ მთელი ფედერაციის ძალების მიმართვას, როგორც ეს ერთ დროს თბილისის ფედერაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს და დაიშალა მართლა ძალიან კარგი გუნდი. მე ვიცი, რომელი კანდიდატი არ დაიწყებს საზღვარგარეთ გაშვებული მოთამაშეების ტრანსფერის ფულის მოტეხვას, ჯიბეში ჩადებას და ამის გამო დიდი პრობლემებისა და გაუგებრობის წარმოქმნას. მართლა ორივე კანდიდატს პატივს ვცემ, მაგრამ უბრალოდ ვიცი, რომელი არ ჩაიდებს ჯიბეში დაუმსახურებელ ფულს და არც სხვას მისცემს ამის საშუალებას. (ანუ მეორეზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებიიიი არ ვიცი :) ) ეს კი ჩვენი მთავარი ტკივილია.
როგორც ყოველთვის :))

Sunday, October 14, 2012

Hello Again

მოგესალმებით მათ, ვინც ჯერ კიდევ შემთხვევით ან განზრახ შემოვა ხოლმე ამ გვერდზე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფრენბურთში დიდი აურ-ზაურისა და ინტრიგის პერიოდი იყო და პრინციპში ჯერ კიდევ არის. ამ ყველაფერს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ნურავინ დაუკავშირებს. ეს ყველაფერი ხდებოდა და ხდება შიდა სამზარეულოში, რომელშიც ზოგჯერ მგონია, რომ უკვე საშინელი ბარდაგია, არავინ თავის მოვალეობას არ ასრულებს და უკვე ყარს აქაურობა...
რა საყვარელი სიტყვებით აღვწერ ყველაფერს :) ხო, შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ასე ჩანს. რომელ პროფესიონალიზმზეა საუბარი, ელემენტარული კულტურა არ გაგვაჩნია ერთმანეთთან ურთიერთობის. გეგონაბა იმდენნი ვართ და იმდენი რამე გვაქვს ფრენბურთელებს, რომ ამის გამო ღირს ერთმანეთს თავ-პირი დავამტვრიოთ(უფრო ზედა ეშელონებს ვუსვამ აქ ხაზს). როდესაც გაკვირვებული ადამიანი გკითხავს: "პროფესიონალი ფრენბურთელები არსებობენ საქართველოში?" და შენ გაღიზიანებული ეუბნები: "კი, როგორ არა?!" მერე უფიქრდები შენს სიტყვებს... რა პროფესიონალები, ყველანი ხომ მოყვარულები ვართ...
მალე საქართველოს (მოყვრაულთა :) ) ჩემპიონატი დაიწყება, ზოგიერთი გუნდი ახლა იწყებს მომზადებას, ზოგიც საერთოდ არ ემზადება. რატოომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მოყვარულები და ფრენბურთის გამო სხვა რაღაცებზე უარს ვერ და არ ვიტყვით, საქართველოში კი ორი რაღაცის კარგად შეთავსება შეუძლებელია. ხოდა ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს და "ვჩაგრავთ" ფრენბურთს. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ზოგი ზაფხულში კარგად სცემეს და უკვე გაგიკვირდებათ და ფორმაშია, ზოგს არ სცალია, ზოგს კიდევ აქვს ეს დრო და აქვს ბედნიერება სრულად ჩაერთოს ფრენბურთში. ბევრი ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეტყვის ან საერთოდ გინებასაც გაიგებთ ერთო-ორს, მაგრამ ეს ხო ფრენბურთია, ჩვენ ხო ამას უკვე მივეჩვიეთ და ჩვენ ყველანი ხო ასეთი "საყვარლები" ვართ. ხოო... მიუხედავად ყოველივე ამისა, მე მაინც მიხარია საქართველოს ჩემპიონატის დაწყება. თქვენ არ მოგენატრათ "წიწაკამოყრილი" ფრენბურთი? მე - კი. იმიტომ რომ ბევრი სასიამოვნო მოგონება ამომიტივტივდება და კარგ ადამიანებსაც ვნახავ :) გოგოებო და ბიჭებო,წარმატებულ და სასიამოვნო ჩემპიონატებს გისურვებთ :)

Saturday, June 30, 2012

ფრენბურთი

დიდი შესვენების შემდეგ ისევ გესალმებით :) ფრენბურთის სფეროში რა მოხდა საინტერესო? ჩატარდა უნივერსიადა, ჯერ ვერ ჩატარდა მფრინავი ბურთი, ჩატარდა რაღაც ახალი... ეს არის ფრენბურთის ფესტივალი, ახლა კიდევ უნდა იყოს ქართველას თასი და პატარებისთვის დაგეგმილია ბათუმში ტურნირი. ნამდვილად, ისიც კარგია, რომ მცირე, არც-ისე მნიშვნელოვანი ტურნირები ტარდება საქართველოს ჩემპიონატის გარდა. ეს კარგია პირველ რიგში იმიტომ, რომ ფრენბურთელებს არ დაავიწყდეთ ფრენბურთის თამაში ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე :) ახლა მე ვხუმრობ, მაგრამ ეს სამწუხაროდ სიმართლეა. ასევე კარგია იმიტომ, რომ სხვადასხვა ადგილას ფრენბურთის მცირე ტურნირი უფრო მეტი ადამიანის ყურს მიაწვდენს საქართველოში ფრენბურთის არსებობის შესახებ და მესამე... უბრალოდ კარგია! არ მეთანხმებით? რაც მეტი მით უკეთესი და რაც უფრო კარგი საპრიზო ფონდით, მით უმეტეს უკეთესი. ყოველ ტურნირზე სულ უფრო მეტ ახალ სახეს ვხედავ, ბევრიც ნიჭიერი და პერსპექტიულია (რა ბანალური სიტყვებია), მთავარია მხოლოდ ნიჭიერებად და პერსპექტიულებად არ დარჩეთ. თანაც ასე დარჩენა საქართველოში არც თუ ისე რთულია. იცით რამდენ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ამ სიტყვებს იმსახურებდა როცა ფრენბურთის თამაშს იწყებდა და 20 წლის შემდეგ ბებერად რომ მიიჩნიეს? ვიცი, რომ ბევრნი ხართ ასეთები და თქვენ შრომის ასე დაუფასებლობას არ იმსახურებდით.
ახლა გადავიდეთ უნივერსიადაზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, მასში ბევრმა ფრენბურთელმა მიიღო მონაწილეობა. უნივერსიადა წლიდან წლამდე სულ უფრო სანახაობრივი ხდება, გუნდები ძლიერდება და დაძაბულობაც მატულობს.
არის ძირითადად ფრენბურთელებით დაკომპლექტებული და უდაო ლიდერი გუნდები და ასევე ისეთი გუნდები, რომლებშიც ძირითადად ყველა "არაფრენბურთელი" სტუდენტია, მაგრამ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს ყველას. ასეთია აგრარული უნივერსიტეტის გოგოების გუნდი, რომელშიც მხოლოდ ერთი ფრენბურთელი თამაშობს და მასზე მიდის ძირითადი დატვირთვა, მაგრამ დანარჩენი გოგოები ძალიან მონდომებულები არიან და ეტყობათ, რომ მათ ძალა არ დაიშურეს ვარჯიშისთვის.
ასევე გამოირჩევა საქართველოს უნივერსიტეტის ბიჭების გუნდი, რომელშიც არც ერთი ფრენბურთელი არ თამაშობს, მაგრამ სტუდენტებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ყველა მოწინააღმდეგეს და მესამე ადგილზე გასვლის შანსიც ჰქონდათ. ბიჭები უბრალოდ სისტემატურად მონდომებით ვარჯიშობდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა. სამედიცინო უნივერსიტეტის გოგოების გუნდიც კარგად გამოიყურებოდა ფრენბურთელების სიმწირის თაობაზე. გამარჯვებულებზე უკვე აღარ ვისაუბრებ :) ეს უკვე ყველამ კარგად იცით. რამდენიმე უნივერსიტეტმა ყველას იმედი გაუცრუა კიდეც, მაგრამ ხო იცით... ეს თამაშია, თან საყვარელი, ლამაზი და სასიამოვნო თამაში.
ამ დღეებში ფრენბურთი მომენატრა საშინლად ... იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი გუნდელები ვნახე, შევიკრიბეთ ძველი "სასტავი" და ძალიან სასიამოვნო იყო ეს შეხვედრა. სასიამოვნო განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენთან ამერიკიდან ჩამოვიდა ჩვენი საყვარელი მუყუსა! ყველამ რომ კარგად გაიგოთ, ჩამოვიდა ნინო მუყასაშვილი და ძალიან გაგვახარა. აი, ფრენბურთელებო, ეს სპორტი თუნდაც იმიტომ მიყვარს, რომ მე ფრენბურთის წყალობით მყავს მეგობრები, რომლებთანაც დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა ვარჯიში, თამაში, ცხოვრება, გართობა და ცუდი რაღაცების გაგებაც. ერთად იმდენი რამ გვაქვს გადატანილი, რომ მთელი ცხოვრებაც გვეყოფა. კარგი ფრენბურთელები თუ ვერ გამოდიხართ, შეიძინეთ კარგი მეგობრები და ნუ გადაახტებით თავზე ერთმანეთს არაფრის გამო, ნამდვილად არ ღის. ისევ გავიმეორებ სიტყვებს, გიყვარდეთ და ისიამოვნეთ ფრენბურთით :)

Saturday, April 7, 2012

ჩვენი ბლოგი ერთი წლის გახდა:))



პირველი პოსტი ამ გვერდზე 2011 წლის 28 მარტს გამოქვეყნდა... პოსტი ენთუზიაზმით აღსავსე იყო :) ასევე გამოქვეყნდა ბევრი საკმაოდ კრიტიკული, ბევრისთვის გულის მოსაფხანი და ზოგიერთისთვის არასასიამოვნო პოსტი. ზოგიერთ რაღაცაში მეთანხმებით და ზოგში - არა. რა თქმა უნდა, დიდი აქტიურობით არ გამოვირჩეოდი... ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი ობიექტური ვყოფილიყავი, ზოგჯერ ემოციების შემოტევა მქონდა, ზოგჯერ ცინიკური ვიყავი, ზოგჯერ კიდევ მშვიდობის მომტანი თეთრი მტრედი მეგონა ჩემი თავი პოსტის წაკითხვის შემდეგ :D
ყოველი ახალი პოსტი რამდენიმე ათეული ადამიანის ინტერესს იწვევდა, შემდეგი პოსტის გამოქვეყნებამდე კი მუდმივი 2-3 "ვიზიტორი" ჰყავს ბლოგს. დიდი პაუზა თუ გამომივა ხოლმე, მეკითხებიან, ხო მშვიდობააო :)) ზოგს უთქვამს კიდეც.. რა საქმეც დაიწყე ბოლომდე მიიყვანეო. რეალურად არც ვიცი რა საქმე არის ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას აზრი მაინც აქვს. სკეპტიკურადაც არიან განწყობილები - რა აზრი აქვსო მეუბნებიან... მაგრამ ეს ხომ გრძელვადიანი "პროექტია"?! :))
რა ვქნა, რომ მაგრად მტკივა გული, ჟარგონულად რომ ვთქვათ, მიტყდება, როდესაც ვიგებ ფრენბურთის ამბებს... რამდენი უაზრო დავა და ერთი ამბავი არის ხოლმე, ზოგიერთი კაცი კაცის სახეს კარგავს და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რომ თავისი გაისწოროს... თავი ყოვლისშემძლე რომ ჰგონია და საკუთარ თავს რომ ყოველთვის სხვებზე მაღლა აყენებს. საერთოდ არ მიყვარს ასეთი ადამიანები და ვფიქრობ არც თქვენ აფასებთ ასეთებს. ასეთი ადამიანები ყოველთვის ძალაინ მცირდებიან ჩემს თვალში და მხოლოდ აგრესიას იწვევენ. საქართველოში არც არავინ არაფერს წარმოადგენს ისეთს, რომ სხვებზე მბრძანებლობა დაიწყოს. არც-ერთი ფრენბურთელი არ არის რომელიმეზე რაიმეთი უკეთესი და ნაკლები, არც არავინ არაფერს წარმოვადგენთ ახლა და განუწყვეტელი დავა მარტო სასაცილოებს გვხდის.
ისინიც საშინლად გამაღიზიანებლები ხდებიან, ვინც მუდამ ჩაგრულის როლს ირგებს და კომპლექსი აქვს, რომ ყოველთვის ყველა მის წინააღმდეგ მიდის.
მოკლედ, აღარ გვინდა დეტალებში ჩაღრმავება მეტი. უბრალოდ, მოდით დავმშვიდდეთ ყველანი, დავტკბეთ ფრენბურთით, ვივარჯიშოთ, იქნებ გაგვიმართლოს და ნორმალურად გამოგვივიდეს. ნუ უღალატებთ გუნდის წევრებს, თავს ნუ დაიზოგავთ. აჩვენეთ ყველას თქვენი ბრძოლისუნარიანობა, იყავით გიჟივით მოედანზე და არა გასახდელში ან სოციალურ ქსელებში.

რა ჯობია უმაგრეს თავდასხმას, ხელზე გემრიელად რო მოგაჯდება და ბლოკში გააძვრენ!
ან მარტო რო ხარ ბლოკზე და იიიისე მოინდომებ, რომ ლამის გადაუძვრები მეორე მხარეს მეტოქეს... ის კი მთელი ძალით არტყამს... შენ კი ყრუ ბლოკში სვამ, დაზღვევის შანსს არ უტოვებ, კედელი გგონია თავი და უბედნიერესი ხარ... გუნდელებს კი მაგრად ევასები!
აიიი.... მაგარ თავდასხმას რო აუღებ ხო გმირი ხარ... და ლამის ტრიბუნაზე ავარდნილ ბურთს რო შემოაბრუნებ...
მოკლედ, მაგარია ფრენბურთი, არც-ერთ სპორტს არ ვადარებ, სხვაც მაგარია, მაგრამ ის რაც გიყვარს და თამაშობ სიყვარულით, მაინც სულ სხვაა...

ფოტოები ისევ და ისევ ინტერნეტიდან :)

Thursday, March 29, 2012

ეს ისე...

მწვრთნელებო, ძალიან გთხოვთ, ასწავლეთ ბავშვებს, რომ როდესაც ბურთი ხაზზე ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთი ჩავარდა.

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, ასწავლეთ ბავშვებს, რომ არ შეიძლება ბურთის ჯერ ხელში დაჭერა და ისე გადაცემა.

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, ასწავლეთ ბავშვებს, რომ თამაშის დროს სულ ერთ ადგილას არ უნდა იდგნენ და უნდა იტრიალონ ზონებში წესის მიხედვით. კიდევ ერთხელ... ძალაინ გთხოვთ, წესის მიხედვით... ლიბერომ არ უნდა მოაწოდოს და წინა ხაზზე არ უნდა გადავიდეს.

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, ასწავლეთ ბავშვებს, რომ უკანა ხაზზე როცა დგას, წინა ხაზიდან ნახტომში ბურთის გადატანის უფლება არ აქვს.

მწვრთნელებო, ძალაინ გთხოვთ, ასწავლეთ ბავშვებს, რომ მოწოდების დროს ფეხი ხაზს არ უნდა დააბიჯონ, ანუ ხაზის უკნიდან მოაწოდონ.

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, ბავშვებს თამაშის დროს კი ნუ უყვირით, ვარჯიშზე ასწავლეთ თავის დროზე.

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, იფიქრეთ ბავშვების სწორ ვარჯიშზე და არა იმაზე, თუ როდის რა იაფერისტოთ!

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, მეტი საქმე გააკეთეთ, ეს ნამდვიად ჯობია უაზრო ჩხავილს და დავას თამაშის დროს.

მწვეთნელებო, ძალიან გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ თამაშის დროს არსებული წესების დაცვა, იყავით კორექტულები და სიმართლეს ჩახედეთ თვალებში!

დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მეტიც, რამდნიმეს ეხება.

P.S. გეყოთ ერთმანეთზე ზურგსუკან ლაპარაკი, მარტო დალევასა და მეტი ფულის მოტეხვაზე ფიქრი. ნუ აფერისტობთ!

Saturday, March 10, 2012

ფრენბურთი და...


როგორ მაინტერესებს, რამდენი ფრენბურთელი არსებობს საქართველოში, ვინც მარტო ფრენბურთით არის დაკავებული და პარალელურად არ სწავლობს ან არ მუშაობს. თითებზე ჩამოსათვლელია ასეთი ადამიანების რაოდენობა. რასაც ჰქვია, საღოლ მათ :)
ხედავთ, როგორი გასაოცარია მსგავსი ფაქტი საქართველოში?! საზღვარგარეთ კი ეს ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენაა. თუ ხარ სპორტსმენი, უნდა იყო სპორტსმენი. არ უნდა იყო პარალელურად დაკავებული სრულიად სხვა სფეროს პროფესიით და არ უნდა იყო გადარბენაზე სწავლას, სამსახურსა და ვარჯიშს შორის (თუმცა ესეც შესაძლებელია ხელშეწყობის შემთხვევაში). ამიტომაც არის, რომ ვარჯიშები ძირითადად ტარდება თამაშებამდე (ნებისმიერი სახის თამაშზე მაქვს საუბარი, საერათაშორისო, საქართველოს მასშტაბით ან თუნდაც რაიმე კერძო ტურნირზე)მაქსიმუმ ერთი თვით ადრე. ამაზე არავინ შემედაოს, რომ ეს მომზადება და ვარჯიში კი არა, მასხარაობაა.
არიან გამონაკლისები, რომლებიც გუნდისგან დამოუკიდებლად, მაინც დადიან სავარჯიშოდ ნებისმიერ დროს, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ. ვიცნობ ასეთ ადამიანებს გოგოებშიც და ბიჭებშიც. ასეთ ადამიანებს ვაფასებ და ვინც ამას ვერ აკეთებს გარკვეული მიზეზების გამო, მათიც მესმის. ეს ყველაფერი არსებულ მდგომარეობაზე, პირობებზე, ადამიანის ბუნებაზე, მოტივაციასა და სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული. ვინმეს მიზნად თუ გაქვთ დასახული საზღვარგარეთ სათამაშოდ წასვლა, ყოველ დღე იფიქრეთ ამაზე(მარტო ფიქრიც არ შველის, იმოქმედეთ კიდეც :)). ვისაც უბრალოდ გიყვართ ფრენბურთი და გასართობად დადიხართ, ისიამოვნეთ ამ სპორტით :) არ არის აუცილებელი ყველა მაგარი იყოს ან მაგარ გუნდში თამაშობდეს, უბრალოდ ერთმანეთს ნუ შეუშლით ხელს, პირიქით, წააქეზეთ და გაამხნევეთ გუნდელები, მეგობრები... და ფრენბურთსაც მოუტანეთ რამე კარგი, მისგან კი ნუ ელოდებით სულ სიკეთეს.
ამჟამად 2015 წლისთვის 1998 წელს დაბადებულ ბავშვებს ავარჯიშებენ და ამზადებენ. ისიც სასიხარულოა, რომ უკვე დღეს ფიქრობენ ამაზე. მთავარია ერთმანეთში უაზრო კამათმა და ჩხუბმა არ გააფუჭოს ბავშები (ბავშვების კამათზე არ მაქვს საუბარი). პატარა ფრენბურთელებს უკვე სერიოზულად ამზადებენ ფიზიკურად, მთავარია ყველა მწვრთნელმა პირველ რიგში მოთამაშეების მომზადებაზე იფიქროს. ახლა მარტში ჩატარდება ჩემპიონატი 98-იანებს შორის. 17-18 მარტს ბიჭებს და 23-24-25 მარტს გოგოებს შორის. ბავშებმა თავი უნდა გამოიჩინონ, რომ ნაკრებში თამაშის უფლება მოიპოვონ. ვფიქრობ კარგი თაობები მოდის და სიტუაცია ნელ-ნელა გაუმჯობესდება.
წარმატებები ყველას!

P.S.
Never, Never, Never Give Up!

Friday, February 3, 2012

ერთად ვაშენოთ ფრენბურთი


როდესაც პირველად მიდიხარ ვარჯიშზე, მიდიხარ გასართობად და უბრალოდ გაინტერესებს. ასე გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. შემდეგ უკვე გბეზრდება, გეზარება... ან პირიქით, ისე ერთვები, რომ მზად ხარ სხვა ყველაფერი მიატოვო. ხვდები, რომ ეს შენია, გიყვარდება გარემო, რომელიც შეიძლება არც თუ ისე სახარბიელოა.
ენთუზიასტო ფრენბურთელებო, წარმომიდგენია, რამდენი შეკრება გახსენდებათ, რომლის უსაშინლეს პირობებში გატარება მოგიწიათ, მაგრამ გახსენდებათ მაინც კარგად და ღიმილს გგვრით. ნებისმიერ ცუდ მოგონებას მოყვება სასიამოვნოდ გასახსენებელი და პირიქით. საერთო ჯამში კი ყველაფერი ფრენბურთს უკავშირდება. ბევრი ალბათ ვერც გაგიგებთ, რატომ ფიქრობთ, რომ ფრენბუთის გარეშე თქვენს ცხოვრებას ბევრი ლამაზი ფერი დააკლდებოდა, მაგრამ მე მესმის თქვენი.
აღიარეთ, რამდენჯერ დაგზარებიათ ვარჯიშზე წასვლა, „გიხალტურიათ“ მწვრთნელის ყურადღების მოდუნებისთანავე. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, არიან გამონაკლისებიც, მაგრამ ვფიქრობ, სიზარმაცე მაინც ნებისმიერი თქვენგანისთვის არის დამახასიათებელი.
ყველას სურს მოხვდეს მოწინავე მოთამაშეების რიგებში, ასე ვთქვათ - „სასტავში“. ეს მართლაც მაგარია, მაგრამ ზოგჯერ ერთმანეთს ვემტერებით ამის გამო. ბევრი ცდილობს არასწორი გზით მოიპოვოს ძირითადში დგომის უფლება. დამერწმუნეთ, არ ღირს, როდესაც ვარჯიშით და მონდომებით დაიმსახურებ, მხოლოდ მაშინ აქვს ამას გემო. ჩვენ გვახასიათებს არაჯანსაღი კონკურენცია, ამას უფრო თავ-პირის მტვრევას დავარქმევდი. ადრე თუ გვიან, ერთმანეთის გვერდზე დგომა და ერთად თამაში მოგიწევთ, ამიტომ არ გინდათ უაზრობაზე ჩხუბი.


თუნდაც საქართველოს ჩემპიონობა ან ნაკრებში მოხვედრა, ამას არავითარი გემო არ აქვს, როდესაც არ გიფასებენ. ყველაზე დიდი, გაზეთ „ლელოში“ დაბეჭდოს არაკომპეტენტურმა ჟურნალისტმა სტატია ჩემპიონზე ან ნაკრების გამგზავრების წინ რამდენიმე არხმა ჩამოგართვას ინტერვიუ. უფრო სწორად, ყველამ ერთი და იგივე შეკითხვა დაგისვას - „რა მოლოდინი გაქვს? როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებთ?“ - გინდა რომ უპასუხო: ჩემს ფეხებს ვიზამ :)
კიდევ აპირებთ ერთმანეთს გადაემტეროთ? მხოლოდ იმისათვის, რომ თქვათ ნაკრებში ვარ და ნახოთ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტი და სასტუმრო? არა, არ გირჩევთ. ინტრიგების ხლართვის ნაცვლად, ივარჯიშეთ და მწვრთენელბს უთხარით, რომ გავარჯიშონ. თქვენ თვითონაც ეძებეთ სპონსორები, ნუ ელოდებით როდის გადმოგიგდებენ ლუკმას. ხო ხედავთ, ფედერაციის სათავეშიც ზუსტად იგივე სიტუაციაა, სხვადასხვა ადმიანები ერთმანეთს ჭამენ, რომ მოვიდნენ და თქვენთვის გამოყოფილი ფული ჭამონ.
მოდით დავივიწყოთ შუღლი და მივხედოთ საკუთარ საქმეს, ნუ ვიფიქრებთ სხვისი საქმის გაფუჭებაზე. საქართველოში ალბათ სულ 10 ფრენბურთელი მოიძებნება, რომელიც სერიოზულად ფიქრობს პროფესიონალი სპორტსემნი გახდეს. კარგი იქნება ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და თავი დავანებოთ „არც შენი და არც ჩემის“ პრინციპს.
ვისიამოვნოთ ამ სპორტით, რაც მართლა არ არის რთული და ვაშენოთ ფრენბურთი :)



ფოტოები გამოყენებულია ინტერნეტიდან