ხელოვანი, რომელმაც ლითონის ჟანგვის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა - გზაპრესი

ხელოვანი, რომელმაც ლითონის ჟანგვის საკუთარი მეთოდი შეიმუშავა

ქართული დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის 2022 წელს მხატვართა კავშირის მიერ დაჯილდოვდა, მანამდე ღირსების ორდენიც გადაეცა და არაერთი პრემია თუ სიგელიც, მაგრამ მაინც რთულია ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მხატვრული თვალსაზრისით შეაფასო, რაც დატოვა. აღარაფერს ვიტყვი ნივთების ფასზე, რომელიც ფულის ერთეულით "იზომება", თუმცა ვფიქრობ, ხელოვნებაში ცოტა რამ მეც გამეგება და მინახავს, ამიტომ მსგავს სიტყვებს არ მოვერიდები: ჭედურ ხელოვნებაში მსგავსი სრულყოფილება და ნამუშევრების ფერწერული ეფექტი, მხოლოდ გივი სადაღაშვილის კომპოზიციებშია. ლითონმოქანდაკე, რომელმაც დაჟანგვის საკუთარი ტექნიკა შეიმუშავა, ახლახან, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა...

4lurja-cxenebi-1683529840.jpg

კედლებიდან ლითონამდე

ოჯახში 3 დედმამიშვილი იზრდებოდა, 2 ძმა და 1 და. ხატვით გივი ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მოზარდი იყო, როცა ქვახვრელის სახლის ინტერიერს აფორმებდა, კედლებს, პარკეტს ხატავდა, ავეჯს ამზადებდა. მისი პირველი ფერწერული ნამუშევრები დიდხანს ეკიდა სარდაფში, რადგან დედამისს უთხრა, იქიდან არ ამოიტანო და სახლის კედლებზე არ გამოფინოო. ერთი მცხეთობის პეიზაჟი ყოფილა, მეორე თევზაობის თემაზე შეუქმნია. ეს უკანასკნელი საქმიანობა მისი ერთ-ერთი ჰობი ყოფილა, ისევე როგორც მოგვიანებით დაწყებული კონიაკების კოლექციონერობა და ამ ალკოჰოლური სასმელების საკუთარი ხელით დამზადება. ერთ-ერთi კონიაკის ბოთლზე მხატვრის ხელით გაკეთებული ეტიკეტია, დამზადებულია შავ-თეთრი პროფილით და წარწერით: "1991 წელი, კონიაკი, ფირმა კოკობი". ოჯახის წევრებმა რომც არ გითხრან, ამ ბოთლის შემყურე, თავადაც მიხვდები, რომ ის იუმორის გრძნობას არ უჩიოდა. მხატვარი მაღალი, ცისფერთვალება მომნუსხველი ტიპაჟი ყოფილა, რომელსაც უყვარდა ოჯახში სტუმარი. მღეროდა, არაერთ ინსტრუმენტზე უკრავდა და როგორც ამბობენ, მის გვერდით ნებისმიერ ადგილას, წამით არ მოიწყენდი.

mxatvris-samotxe-1683529852.jpg

თვითნასწავლი ალქიმიკოსი

გივი სადაღაშვილი იაკობ ნიკოლაძის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე სწავლობდა, მერე ლითონს შეეჭიდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი ნამუშევრები ორად იყოფა: ერთია ის მცირე ზომის ნიმუშები, რომელსაც სამხატვრო სალონში აბარებდა და მასზე ყოველთვის ინტენსიური მოთხოვნა იყო, ხოლო მეორეა საკუთარი კოლექცია; წელიწადში 5-6 დიდი ზომის კომპოზიცია, რომელიც დღეს მის ბინაშია თავმოყრილი.

ხელოვანი 1967 წლიდან მონაწილეობდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. პირველი პერსონალური გამოფენა 1997 წელს, ეროვნულ გალერეაში ჰქონდა, მეორე 2005-ში სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 80 წლის რომ გახდა, მისი გამოფენა ღია ცის ქვეშ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყო, სადაც ამ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ისტორიის თემაზე შექმნილი კომპოზიციები ჰქონდა წარმოდგენილი.

თითბeრისა და სპილენძის დაჟანგვას მრავალი წელი სჭირდება, მან კი ცდების შედეგად საკუთარი ტექნიკა შეიმუშავა და 1 კვირაში აღწევდა იმ ეფექტს, რასაც სხვები წლობით ელოდნენ. ვინაიდან შეხება არაერთ ქიმიურ ხსნართან უწევდა, მუშაობას ღია ცის ქვეშ, აირწინაღით იწყებდა, თუმცა რამდენიმე წუთში ის უკვე აღარ ეკეთა და მთელი არსებით ეშვებოდა საქმეში. პარალელურად, დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი გახლდათ. ლექციებს კითხულობდა ავეჯის პროექტირებასა და ინტერიერის დიზაინის განხრით. ცოლ-შვილის მხრიდან ხელშეწყობა არ აკლდა, რაც ხელოვანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და დიდი გამართლებაც როგორც პირადი, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით.

3adami-da-eva-1683529886.jpg

ლია სადაღაშვილი, მხატვარი (მხატვრის ძმისშვილი):

- გივი სადაღაშვილი ჩემს აღქმაში იმ წლებიდან იწყება, როცა ნახალოვკაში, ჩვენი და ბიძაჩემის ოჯახი ერთ სახლში ვცხოვრობდით. ვინაიდან ბავშვობაში სულ მესმოდა ჩაქუჩის ხმა, მეგონა, რომ ყველა მხატვარი ბიძაჩემივით სულ ჩაქუჩით აკაკუნებდა. გრძელი თითები ჰქონდა და ძლიერი ცერა თითი, რომლითაც ფორმები გამოჰყავდა. მოგვიანებით გავაცნობიერე, თუ რა ტიტანური სამუშაოს შესრულება უწევდა თითბერსა და სპილენძთან. გივის შემოქმედება უდიდესი სიყვარულისა და კოლოსალური შრომის შედეგია. მან თითბeრის და სპილენძის დაჟანგვის სწრაფი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც სამწუხაროდ, დიდად არავინ გამოკითხა და დეტალური ცოდნა არ მიიღო. როგორც ვიცი, ჩინელები დაინტერესდნენ, ჩინეთის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი მოსწავლეც ჰყავდა, რომელიც საქართველოში იყო მოვლენილი, ჭედურ ხელოვნებას სწავლობდა და გივი მისი ხელმძღვანელი გახლდათ. სანამ ის თავის ქვეყანაში გაემგზავრებოდა, მანამდე შარდენზე მისი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. ამ ამბავთან დაკავშირებით პროტესტი გამიჩნდა და ერთხელ გივის ვუთხარი, შეიძლება წლები გავიდეს და ჩინელებმა ეს ტექნიკა თავიანთ გამოგონებად მიიწერონ, შენ ვიღას გაახსენდები-მეთქი?! მერე იმითაც დავინტერესდი, იმ ჩინელს "ხეზე ასვლა", ანუ დაჟანგების ტექნიკის საიდუმლო ბოლომდე გაუმხილა თუ არა, მაგრამ სრულად არ მიპასუხა და ახლაც არ ვიცი, ეს მოხდა თუ არა. ის კი ვიცი, რომ ის კაცი საქართველოდან გამგზავრებამდე სადღეგრძელოებს უკვე ქართულად სვამდა.

მართლაც, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი შემუშავებული ტექნოლოგია შეიძლება დაიკარგოს...

8vazha-1683529915.jpg

ჰარმონიული წყვილი

ეკატერინე ასანიძე, ეკონომისტი (გივი სადაღაშვილის მეუღლე):

- ერთად 64 წელი გავატარეთ. ერთმანეთს რომ შევხვდით, გივი "ნიკოლაძეში" სწავლობდა, ხოლო აკადემიაში რომ ჩააბარა, მაშინ უკვე 1 წლის დარეჯანი გვყავდა. ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავრა და მერე გადაერთო ლითონქანდაკებაზე. თავდაპირველად ნახალოვკაში 1 ოთახი სახელოსნოდ ჰქონდა გამოყოფილი და იქ სისტემატურად მუშაობდა, მერე საბურთალოზე გადავედით, რომელიც ამავდროულად ჩვენი ბინაც იყო და სახელოსნოც. ჯერ ხატავდა, მერე ესკიზს ლითონზე გადაიტანდა. ურთულეს დაჟანგვის პროცესს კი, რომელსაც თავად მიაგნო, ღია სივრცეში ატარებდა და საამისოდ სოფელში მივდიოდით ხოლმე. ენერგიული, თავისი საქმის ერთგული იყო. ღამეს გაათენებდა, არ დაიძინებდა, სანამ საქმეს ბოლომდე არ შეასრულებდა. როცა მუშაობდა, მისთვის ხმა არ უნდა გაგეცა და გარშემო სრული სიმშვიდე უნდა ჰქონოდა. კონფლიქტური სიტუაცია არასდროს გვქონია. ყველანაირად ვცდილობდი მისთვის ხელშეწყობას. როცა ფიქრობდა, აზროვნებდა და ხატავდა, ხელს როგორ შევუშლიდი?! ის ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული იყო... შეიძლება უხერხულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო ხანს მითხრა, ახლა რომ ცოლი მომყავდეს, კიდევ შენ მოგიყვანდიო. მეც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჯერ ნიშნობა გვქონდა, მერე 20 მაისს ქორწილი. ქორწინებიდან 60 წელი რომ შეგვისრულდა, შვილიშვილებმა გადაწყვიტეს აღენიშნათ, თავზე გვირგვინები დაგვადგეს. იმ დღეს გივიმ ბევრი იცეკვა, ბავშვებმა ბაბუას დოლი მოუტანეს. მიუხედავად იმისა, რომ გულის პრობლემა ჰქონდა, უკვე ცუდად იყო და ლაპარაკიც უჭირდა, ისე აათამაშა თითები და დაუკრა, ის ხმა ახლაც ყურებში მესმის... რომც მოგენდომებინა, მასთან ვერასდროს მოიწყენდი.

შინ მოწყობილი ექსპოზიცია და ანდერძი

დარეჯან სადაღაშვილი, იურისტი (მხატვრის შვილი):

- მამაჩემის ყველა ესკიზს, ჩანაწერს ვაგროვებ და მან დამიბარა, ამ ყველაფერს თუ როგორ ვუპატრონო. კარგად იცოდა თავისი შემოქმედების ფასი. შინ მინიმუმ 50 ნამუშევარი გვაქვს. თავის ნამუშევრებს არ ყიდდა და მეც ეს დამიბარა, თუმცა ისიც თქვა, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნებათ, მაშინ არც დაფიქრდეთ და ჩარჩოს ფასში გაეცითო... ვიცი, რა პრინციპით მუშაობდა და თან, წლების წინ, მამამ ლითონის დაჟანგვის ტექნოლოგიის დეტალები ჩამაწერინა. მართალია, ეს არა ვიდეო, არამედ ხელით ნაწერია, მაგრამ ფაქტია, არსებობს. ეს შემოქმედებითი უნარი რომ არ დაიკარგოს და თაობებს გადაეცეს, ყველაფერი შენახული მაქვს.

რამდენჯერმე უთქვამს, მოდი, ერთი ალბომი გავაკეთოთ, რომელსაც მერე შენ გამოსცემო. იმ ნამუშევრების ჩამონათვალს როცა იწყებდა, რომელიც წიგნში სურდა შემეტანა, ამაზე საუბარი ემოციურად იმდენად მიჭირდა, რომ ყოველთვის ვაწყვეტინებდი, მაგრამ ფაქტია, თავად დამიტოვა იმ ნამუშევრების ჩამონათვალი, რომელიც მის ალბომში სურდა შესულიყო და ისინი შემდეგი თანამიმდევრობით არის მითითებული: "მხატვრის სამოთხე", "ნათლისღება მცხეთაში", "ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე", "თამარის ჯვარი გაშალეს" და ა.შ.

P.S. ბინა-სახელოსნოს ერთ-ერთ კედელზე გივი სადაღაშვილის ბოლო ნამუშევარი "მხატვრის სამოთხეა", სადაც ერთ სიბრტყეზეა თავისი ფიგურა, საკუთარი კომპოზიციების ფრაგმენტებით გარშემორტყმული, ხოლო ანგელოზი მას ცაში სულის სავანის გასაღებს აწვდის. თავად ამბობდა და იმედი ჰქონდა, თავისი ცხოვრების წესითა და შემოქმედებიდან გამომდინარე, სამოთხეში ექნებოდა ადგილი.

დაბოლოს, დიდ მადლობას ვუხდი გივი სადაღაშვილის ოჯახს მასპინძლობისა და საუბრისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს მომავალში, რომელიმე შესაფერის სივრცეში ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით მომავალ თაობას საშუალება მიეცემა ნახოს მხატვრის მდიდარი კოლექცია და ის უნიკალურად დამუშავებული ლითონი, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდა გივი სადაღაშვილი.

ანა კალანდაძე