რძალ-მულის ერთობლივი მცირე ბიზნესი - გზაპრესი

რძალ-მულის ერთობლივი მცირე ბიზნესი

თავდაპირველად ჩემი ყურადღება თიხის უბრალო გულსაკიდმა მიიქცია, რომელიც მეტალის ჯაჭვზე ეკიდა, შემდეგ ბუნებრივი ქსოვილით შექმნილი ხელჩანთა და ფანქრების ჩასაწყობი ვნახე; იქვე იყო ყაისნაღით ნაქსოვი მხრის ჩანთები და ქუდებიც. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარი რძალ-მულის - ნატალია და რუსუდან ბედოშვილების შემოქმედებაა. "როცა ნივთებს ვქმნით, ყოველთვის ვცდილობთ კარგ განწყობაზე ვიყოთ. გვინდა დადებითი აურა, ჩვენი ხელით შექმნილ თითოეულ ნივთში "ჩაიდოს", - ამბობს ნატალია.

4-1688974396.jpg

ნატალია ბედოშვილი:

- მე და რუსუდანი თბილისში ვცხოვრობთ. დაახლოებით 15 წელია, რძალ-მული ვართ. ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ დავარღვიოთ ყველანაირი სტერეოტიპი, რომელიც რძალ-მულს უკავშირდება. რუსუდანი მხატვარია და დაახლოებით სამი წლის წინ, პირველად თავისივე იდეის მიხედვით, თიხით სადა, უბრალო საყურე შექმნა, შემდეგ გულსაკიდების დამზადებაზე გადაინაცვლა, რომელზეც სხვადასხვა მცენარის ანაბეჭდია. გვიყვარს ბუნებაში გასვლა, მცენარეებს ერთად ვკრეფთ და თუ რომელიმე განსაკუთრებით მოგვეწონა, რუსუდანს გულსაკიდებზე ან თმის სამაგრებზე გადააქვს.

5-1688974411.jpg

- როდის შეუერთდით თქვენ მის წამოწყებას და თავდაპირველად რა ნივთების დამზადება დაიწყეთ?

- ორი წლის წინ შევუერთდი. უმთავრესად ქსოვით ვარ მე დაკავებული. ქსოვა მოზარდობის პერიოდში ვისწავლე, მოყვარულის დონეზე ტანსაცმელს ხშირად ვქსოვდი ჩემი ორი შვილისა და ოჯახის სხვა წევრებისათვის. შემდეგ ინტერნეტში ყაისნაღის ჩხირით ნაქსოვი ჩანთები და ქუდები ვნახე. ვისწავლე, ისინი როგორ უნდა შემექმნა და საქმიანობა ამ მიმართულებით გავაგრძელე. შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენ-ჩვენი პროდუქცია ერთად წარმოგვედგინა. რუსუდანის შექმნილია ჩვენი ლოგო, ასევე ჩვენი ხელით ვაკეთებთ იმ ყუთებს, რომელშიც ნივთებს ვათავსებთ. სოციალურ სივრცეში გვაქვს გვერდი, სადაც ნამუშევრებს წარმოვადგენთ, ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ გამოფენა-გაყიდვებსა და ფესტივალებზე. დღესდღეობით ჩვენთან იქმნება როგორც სამკაული, ისე ხელჩანთები, ეკომეგობრული ჩანთები, ნაქსოვი ჩანთები და სხვადასხვა დიზაინის ქუდი. პირველად ჩვენი ნივთები "დედა ენის ბაღში", წიგნების ფესტივალზე წარვადგინეთ. პანდემიის პერიოდში ჩვენი პროდუქციის რეალიზება ძირითადად, ინტერნეტგაყიდვებით ხდებოდა, ახლა კი უმთავრესად თბილისური მარკეტების მეშვეობით ხდება.

6-1688974423.jpg

- ერთ სახლში ცხოვრობთ? როგორ გაქვთ საქმე გადანაწილებული?

- დიახ, ერთად ვცხოვრობთ. რუსუდანი თავის ნივთებს ქმნის, მე ჩემსას და შეიძლება ითქვას, საქმეში არ ვიკვეთებით. გამოფენებსა და ფესტივალებზე ერთად დავდივართ და მათში ჩემი შვილებიც ჩართულები არიან - გვეხმარებიან. გოგონა 15 წლისაა, ბიჭი 12-ის. გოგონა ბისერებით აქსესუარებს ამზადებს და პერიოდულად, მათი რეალიზაციაც ხდება. რუსუდანი სამკაულსა და თმის სამაგრებზე მუშაობს, რომელზეც განსაკუთრებით დიდი დაინტერესება საახალწლო პერიოდშია. თუმცა, თემატიკიდან და ვფიქრობ, ორიგინალურობიდან გამომდინარე, წლის ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო საჩუქარია. მე კი ზამთარში ვქსოვ ქუდებს, ჟილეტებს და ასევე ბალაკლავებს, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მოდურია. ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური კი ყაისნაღით ნაქსოვი ჩანთები და ქუდებია, და ამ ეტაპზე ძირითადად, ამ ნივთებს ვქმნი.

ანა კალანდაძე