მზიური - წარსულის ფურცლები - გზაპრესი

მზიური - წარსულის ფურცლები

"ოცნებას კაცი არ მოუკლავს" - ამ სათაურით იბეჭდება გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" 1975 წლის ერთ-ერთი ნომერში ნოდარ დუმბაძის წერილი, სადაც ის ბავშვთა ქალაქის დაარსების შესახებ დეტალურად საუბრობს. მწერალი ნატრობდა, რაც შეიძლებოდა მალე გამოსჩენოდა თანამოაზრეები, რომ საქმის დასაწყებად პირველი ნაბიჯები გადადგმულიყო. თუმცა, გარდა "მზიურისა", აღნიშნული სტატია საინტერესო ისტორიულ ინფორმაციას გვაწვდის მაშინდელ მდინარე ვერეს მდგომარეობაზე. წერილიდან რამდენიმე ვრცელ ამონარიდს გთავაზობთ...

"...ჩემი სახლის გადაღმა - მდინარე ვერეს ხეობაში, სწორედ იქ, სადაც ზოოპარკი თავდება, აი უკვე ორი წელია ვეებერთელა ბელტიყლაპია ექსკავატორი დგას, გრუხუნებს, რკინის ხორთუმს მძლავრად იქნევს, დედამიწას გულ-ღვიძლს უჯიჯგნის და უტრიალებს. ცნობისმოყვარეობამ - ადამიანთა ამ სახელგატეხილმა, მაგრამ ძალიან სასარგებლო გრძნობამ მეექსკავატორესთან მიმიყვანა.

გამოირკვა - მდინარე ვერე განსაზღვრულ მანძილზე უნდა გადაიხუროს და ზედ, ამ გადახურულ ტერიტორიაზე, ბაღი გაშენდეს.

- მერე ნიავი, ჰაერი, ხევი, ჭალა? - ვკითხე მე.

- ჰაერი, თორემ აბასთუმანია, აქაურობას შმორის სუნი ასდის, მთელი დღე ცხვირი სად წავიღო, აღარ ვიცი. - მიპასუხა მეექსკავატორემ და ზიზრით გახედა საბრალო ვერეს, ძლივს რომ მიიკვლევდა გზას ნაგავში, მაზუთსა და სხვა ათასგვარ სიბინძურეში.

GzaPress

ჩემი ბავშვობა გამახსენდა. 1935-1936 წლებში ნიკო მარის ქუჩის #2-ის პატარა ბიჭები და გოგოები როგორ ჩამოვდიოდით მდინარე ვერეს ჭალაში უნივერსიტეტის გადაღმა. ვთამაშობდით, ვჭყუმპალაობდით, ვბურთაობდით, ვთევზაობდით, საათობით ვუცქერდი ნოხის მრეცხავ ქურთებს, წყალში ჩაფენილ ნოხებს უზარმაზარ კეტებს რომ უტყაპუნებდნენ გამეტებით. და თუ მოგვწყურდებოდა, იქვე ვერეს ანკარა წყალს ვსვამდით. დიახ, დღეს, ამ ჩემს მეექსკავატორის მიერ გალანძღულ ვერეს წყალს. საღამოობით ხშირად ნანადირევი თევზითაც კი დავბრუნებულვარ, სახლში არც არავინ მიკრძალავდა ამას, არც არავინ მიჯავრდებოდა ამის გამო, პირიქით, ის თევზი გამოურთმევიათ ჩემთვის, შეუწვამთ და უჭმევიათ კიდეც, თუმცა ამ პერიოდში არც უპატრონო ვყოფილვარ და მით უმეტეს, მშიერი. რაიკომის მდივნის შვილი გახლდით.

მოგეხსენებათ, სიცოცხლის გაჩენის დღიდან ადამიანები მდინარის გადახურვას კი არა, სულ იმას ცდილობდნენ, როგორმე მდინარისპირას დასახლებულიყვნენ, რათა მისი დაუშრეტელი სიკეთით, თევზით, ნოყიერი ჭალით, წყლით, ნიავით, შლამით, ქვით, ღორღით ესარგებლათ. ამ და ბევრ სხვა მიზეზთა გამო აშენდა თბილისი მტკვრის პირას, და სიგანეში კი არ წავიდა, სიგრძეში გაიზარდა, მაცოცხლებელ მტკვარს რომ არ მოსწყვეტოდა, რადგან მდინარე ქალაქისათვის არტერიაც არის და ფილტვიც. ეს ჩვენი დალოცვილი ვერეს ხეობაც ხომ ბეთანიიდან მონაბერი თავისი გრილი ნიავით ივნისის, ივლისისა და აგვისტოს პაპანებაში მაცხოვრებელი ფილტვია თბილისისა, ჰოდა, ამ სასტიკი ურბანიზაციის პერიოდში, შეიძლება ისედაც ფილტვებდაჩრდილულ ქალაქს ერთ-ერთი ფილტვი დაუხურო? - მე მგონი, არ ივარგებს. ჩვენ, ქართველები, ცოტა წამხედური ხალხი ვართ. საბჭოთა კავშირში ღობეების წინააღმდეგ გამართული კამპანიის დროს, სხვისი წამხედურობით, თბილისელებმა ყველაზე ადრე ზოოპარკს მოვხსენით ღობე და მერე მახსოვს, ერთი კვირა ვემალებოდით გალიიდან გამოპარულ მშიერ ლომს. მეც ასეთ წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული "დისნეილენდი" აგვეშენებინა? მე უკვე ვხედავ თქვენს სახეზე უნდობლობითა და ირონიით სავსე ღიმილს, მაგრამ ნუ აჩქარდებით, ამდენ ნალაპარაკევსა და ნაფიქრალს ნუ გადამიყრით ნაგავივით მდინარე ვერეში, დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ... რა იქნებოდა, რომ მდინარე ვერეს ხეობაში პიონერთა ქალაქი მზიური აგვეშენებინა თავისი თავშესაქცევი ქალაქის საბჭოთი და ქალაქის მერით, ქარხნებით, საამქროებით, ჰერბარიუმებით, ლაბორატორიებით, ყანებით, ბაღჩებით, ვენახებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზებით, ტრანსპორტით, გვირაბებით, ხიდებითა და სადგურებით, თავისი მატარებლით, რომელიც ივლიდა შესანიშნავი ისტორიული მარშრუტით (თბილისი-ბეთანია), თავისი დასასვენებელი სახლებით, სანატორიუმებითა და კლინიკებით"...

GzaPress

"...ვისაც ეს წერილი ღიმილს მოჰგვრის, ვთხოვ, თითო აგური იშოვოს, მოიტანოს და მდინარე ვერეს ხეობაში დადოს. მერე ნახონ, ის ჩვენი ოცნების ქალაქი თუ ნება-ნება, თანდათან ყველა ჩვენგანის გულმოდგინე მეცადინეობით არ აშენდეს. სხვისი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გავხდებოდი ამ მზიური ქალაქის პირველი ხანდაზმული მოქალაქე".

***

ამ წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, ჟიული შარტავას ძალისხმევის შედეგად, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ბავშთა ქალაქის შექმნის იდეას გამოეხმაურნენ. მომზადდა წერილი, რომელიც კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაიგზავნა. ედუარდ შევარდნაძის პირადი ინიციატივით მიიღეს დადგენილება ბავშვთა ქალაქ "მზიურის" მშენებლობის დაწყების შესახებ. აქ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ ის, რომ 2 წელზე მეტი დრო დასჭირდა "მზიურის" პროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის სხდომებს, ვერეს ხეობაში განთავსებული სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებისა და მიმდინარე ტერიტორიების შესწავლას, ნიადაგის ადგილზე გაცნობას.

"მზიურს" უნდა ეტვირთა როგორც გასართობი, ასევე შემეცნებით-აღმზრდელობითი ფუნქცია. საინფორმაციო ცენტრი, კაფეები, სასტუმრო, ატრაქციონები, ორანჟერეა, ბოტანიკური ბაღი, კინოთეატრი, ადმინისტრაცია - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომლის აგებაც ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა და თავდაპირველი პროექტის მიხედვით "მზიურს" საკმაოდ დიდი ფართობიც დაეთმო.

1979 წელს მშენებლობის ხელმძღვანელებად დაინიშნენ არქიტექტორები: ირაკლი მასხარაშვილი, გია აბულაძე, ბიძინა ჩიგოგიძე, ლევან კილაძე, ქალაქის გასაფორმებლად და მთავარ მხატვრად გია ჯაფარიძე მიიწვიეს. თუმცა, ჩანაფიქრის მხოლოდ უმცირესი ნაწილი განხორციელდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში "მზიურის" მშენებლობისთვის არავის ეცალა. მოგვიანებით კი ერთ დროს ბავშვთა ქალაქისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით "მომრავლდა" ობიექტები, ნაირ-ნაირი მაღალსართულიანი და კერძო სახლი. და რა შედეგი მივიღეთ ბოლოს, თითოეული ჩვენგანი ვხედავთ.

***

ნოდარ დუმბაძეს მწერლებში მოგელ დე სრვანტესი გამორჩეულად უყვარდა. ერთხელ თავის მეგობარ მერი ცანავასთან ერთად დიდხანს აღტაცებით უსაუბრია ამ მწერლის შესახებ. ამ უკანასკნელს მისთვის უთქვამს:

- "ნოდარ, რას იტყვი, მადრიდში, "დონ კიხოტის" პერსონაჟებივით "მზიურში" შენი პირველი რომანის გმირების ქანდაკებები რომ დავდგათ?

GzaPress

აშკარად დავინახე, უცბად ნოდარს თვალები როგორ აენთო და ასევე უცბად როგორ ჩაუქრა, - იხსენებდა მოგვიანებით ქალბატონი მერი, - ამას მე ვერ ვეღირსებიო, - წყნარად მიპასუხა. შენ ნებართვა მომეცი და დანარჩენი მე ვიცი-მეთქი, სიცილით დავაიმედე"...

რამდენიმე წლის შემდეგ, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი პირველი რომანის გმირები: ზურიკელა, ბებია, ილიკო, ილარიონი და ზურიკელას საყვარელი ძაღლი მურადა მწერლის ოცნების ქალაქში გააცოცხლა. ეს 1986 წლის 1-ელ სექტემბერს მოხდა. ნოდარ დუმბაძე ამას ვერ მოესწრო, ის ამ დროს უკვე 2 წლის გარდაცვლილი გახლდათ. იმავე დღეს (1986 წლის 1-ლი სექტემბერი) გაიხსნა "მზიურის" შესასვლელის მარჯვენა მხარეს მერაბ ბერძენიშვილისავე ავტორობით შესრულებული ნოდარ დუმბაძის მემორიალიც.

ანა კალანდაძე