მი­ვიწყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი საკ­რა­ვე­ბი - გზაპრესი

მი­ვიწყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი საკ­რა­ვე­ბი

ორიგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში, რომლის წიაღშიც X საუკუნეში წარმოიქმნა ეროვნული მუსიკალური დამწერლობა". დროთა განმავლობაში, ნატიფად დამუშავებულ გუნდურ მრავალხმიანობას, მუსიკალური ინსტრუმენტები შეემატა. ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ უხსოვარ დროში იზიარებდნენ მსოფლიოს ხალხთა კულტურულ მიღწევებს, მაგრამ თუ რამით შეუძლია ქართველმა ხალხმა იამაყოს, ქართული ხალხური მუსიკა, ხალხური ცეკვები და მუსიკალური საკრავებია.

დრო გადიოდა, საუკუნეებმა კი ბევრი ქართული სიმღერა და ინსტრუმენტი ჩააბარა წარსულს ისე, რომ დღემდე ვერ მოაღწია.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლებისა და წერილობითი წყაროების გამოკვლევების საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი ერის სამუსიკო კულტურის დასაბამი დაახლოებით სამი ათასწლეულის სიღრმეში იკარგება. 1930 წელს, ქალაქ მცხეთაში, კერძოდ, სამთავროში აღმოჩენილ ძველ სამარხებში უამრავ ყოფით ნივთთან ერთად ნაპოვნია გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული პატარა უენო სალამური, რომელიც სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვის XV-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ქართული ხალხური მუსიკის უძველეს წარმომავლობას ადასტურებს არქაული ჭედური ხელოვნების ნიმუშებიც...

ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში საკრავთა 100-ზე მეტი დასახელებაა შემონახული. ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს შორის, ზოგიერთ მათგანის არსებობა, დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. მივიწყებულ ინსტრუმენტებზე მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ქეთევან ბაიაშვილი გვესაუბრა.

ასე იქმნებოდა ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი...

ქეთევან ბაიაშვილი:

- მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული ავთენტური მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტები, არღნების კოლექცია, ასევე ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ფონო-ფოტომასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი, ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები... ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმის დამაარსებელი, ერთი თბილისელი კაცი, არკადი რევაზიშვილი გახლდათ, რომელსაც ძალიან უყვარდა მექანიკური საკრავები. მთელი მისი შეგნებული სიცოცხლე ინსტრუმენტებს ეძებდა და აგროვებდა. როდესაც მოხუცდა, თავისი კოლექცია გადასცა საკრავთა მუზეუმს. სირთულე ბევრი იყო, მაგრამ მთავარი მუზეუმის თანამშრომელთა თავდადებული შრომაა. აქ ინახება შეუფასებელი განძი - ჩვენი ერის მატერიალური და არამატერიალური მუსიკალური მემკვიდრეობა. ჩვენი მთავარი პრობლემა მცირე ბიუჯეტია. მუზეუმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საექსპედიციო ჯგუფის არსებობა, რათა ვიმოგზაუროთ საქართველოს მასშტაბით და გავამდიდროთ ჩვენი კოლექცია. ამ ყველაფერს თანამშრომლები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმზე აკეთებენ და ძალიან გული გვწყდება... პირველად, ქართული ეროვნული, დავიწყებას მიცემული ფოლკლორული ნაწარმოებების შეგროვებისა და ჩანაწერების გაკეთების გადაწყვეტილება დიმიტრი არაყიშვილმა მიიღო. სწორედ ამ ადამიანის თაოსნობით დაედო დასაბამი მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური ფონდის შექმნას. მუზეუმში არის დაცული პირველი ფონოგრაფი. აპარატი, რომელიც პირველად გაჩნდა საქართველოში და ხალხური სიმღერები შემოგვინახა. ეს პირვანდელი ჩანაწერები ფირფიტების სახით დაიკარგა, გატყდა, მაგრამ კვლავ დიმიტრი არაყიშვილის გაშიფრული და სანოტო ვერსიით გამოცემული ანალოგიური მასალების გამოცემა მოვიშველიეთ და აღვადგინეთ. ასე შეივსო სრული სახით რეპერტუარი.

ექსპონატებს შორის იშვიათი და დავიწყებას მიცემული საკრავი სანთურიGzaPress

- გვაქვს მაგნიტოფირებზე ჩაწერილი, ვიზუალური და ვიდეომასალები, უნიკალური ვიზუალური მასალიდან ე.წ. სანთურია. ესაა საკრავი, რომლის არსებობაც თითქმის აღარავინ იცის. ეტიმოლოგიით სიტყვა სანთური ნათებას უკავშირდება. ბერძნულად "ანთი" ნიშნავს ვარდის კოკორს. მოიპოვება ერთი ცნობა: ისტორიულად, ქართველ მეომრებს სანთური ბრძოლის ველზე მიჰქონდათ, დაღლილობის ჟამს უკრავდნენ და სჯეროდათ, რომ ბრძოლის ჟინს გაუღვივებდა და ძალას დაუბრუნებდა. სავარაუდოდ, ეს საკრავი უნდა ყოფილიყო საგალობლების შესრულებისას გამოყენებული, მაგრამ დამტკიცება ჯერ არ შეგვიძლია. ცნობილია, რომ ბიზანტიაში ფსალმუნების კითხვისას გამოიყენებოდა მსგავსი ინსტრუმენტი. მოგეხსენებათ, ქართულ საგალობლებამდე, ჩვენს ქვეყანაში სწორედ ბიზანტიური საგალობლები სრულდებდა საღვთო ლიტურგიისას. მას შემდეგ, რაც საკრავთა გარეშე დაიწყო გალობა ღვთისმსახურებისას, სანთურმაც ფუნქცია დაკარგა. სპარსეთში შორეულ წარსულში არსებობდა ამ საკრავის შესატყვისი "შატატანტრივინა". ასევე, ვხვდებით ცნობებს საბერძნეთის, სომხეთის, ინდოეთის სამუსიკო ისტორიაში. ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ქართველების შექმნილი საკრავია, მაგრამ უამრავი მაგალითი არსებობს, რომ საქართველოში სახეცვლილების გარეშე პირდაპირ ვიღებთ უცხოურ საკრავებს. ყოველთვის ადაპტირება ხდება ჩვენს ეთნომუსიკალურ ფონდთან, ეროვნულ მოტივებზე გადმოტანით, ამის დასტურია ზურნა-დუდუკიც. შემდეგ, სანთურთან მიახლოებულ ინსტრუმენტს ვხვდებით კამულაკის სახით. ეს საკითხი ჰგავს ქათმისა და კვერცხის პირველობის გარკვევას. ვიცით, რომ სპეციალისტები სანთურს აღწერენ, როგორც დასარტყამსიმებიან საკრავს. ჩანგის წარმოშობის კვლევისას მივაგენით ცნობებს, რომ არსებობდა პატარა და დიდი ზომის ჩანგები. ეს არ არის მრავალძალი ინსტრუმენტი. არსებობდა ამ საკრავის ნაირსახეობა, რომელიც დასარტყამსიმებიან ინსტრუმენტს წარმოადგენდა. არის ვარაუდიც, რომ სანთურსა და ჩანგს შორის გარკვეული მსგავსება არსებობს. ისტორიაში შემორჩენილია საკრავი ებანი. ოთარ ჩირაბაძეს მიაჩნდა, რომ ეს იყო დასარტყამი საკრავი. სულხან-საბა ორბელიანი აღწერს ამ ინსტრუმენტს, როგორც საცემელ საკრავს. არის ცნობებიც, სადაც სიმებიან ინსტრუმენტადაა მოხსენიებული.GzaPress

იმისათვის, რომ სანთურის პირვანდელი სახის აღდგენა მოხდეს, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა და ანალიზი. უნდა დადგინდეს ჟღერადობის ხარისხი. დამზადებულია ხის, ლითონისა და ტყავის მასალისგან. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო მასშტაბით ვიმუშაოთ სხვადასხვა საკრავის ეტიმოლოგიაზე. იმედი გვაქვს, საქართველოშიც დადგება დრო, როცა დაფასდება სამუზეუმო სამეცნიერო შრომა და მოგვეცემა რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი ისტორიისა და კულტურისთვის აუცილებელი. შესაძლოა, უამრავ საიდუმლოს აეხადოს ფარდა. მუზეუმს არ ჰყავს რესტავრატორი. ახალგაზრდებს შორის არ არის ინტერესის სფერო საკრავთა რესტავრაცია. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტს ვეძებთ ძველ თაობებში.

ყველაზე იშვიათია ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი საჩხაკუნებელი საკრავი, რომელიც კავკასიაში იყო გავრცელებული ავი სულების გასაფანტავად. არის ჩასაბერი ინსტრუმენტები: ლარჭემი და სოინარი, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამ საკრავებს სამეგრელოსა და გურიაში იყენებდნენ ნადირობისას. საოცრად ზუსტად ჰბაძავენ ჩიტების ჭიკჭიკს. ყოფაში არის სხვადასხვა სახელი: სასტვენელი, საშვიტელა, საფშტვენელი...

თორნიკე ყაჯრიშვილი