თოჯინები, რომლებიც იცინიან - გზაპრესი

თოჯინები, რომლებიც იცინიან

ნაჭრის თოჯინა ერთ-ერთი უძველესი სათამაშოა. ნარჩენი ქსოვილებისგან შექმნილი ნივთი, წარსულში ამა თუ იმ ქვეყნის, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი პატარების საყვარელი "მეგობარი" იყო. მისი მასობრივი წარმოება დაახლოებით 1830-იან წლებში დაიწყო და მას შემდეგ გვხვდება როგორც "ქარხნული", ისე ცალკეული ადამიანების მიერ, შინ შეკერილი სერიული ნაჭრის თოჯინები.

შორენა ტერაშვილი:

- ბავშვობაში თოჯინებით თამაში მიყვარდა. 7-8 წლის ვიყავი, მათთვის ტანსაცმლის შეკერვა რომ მოვინდომე, თუმცა მას შემდეგ ეს საქმე არ მიცდია. პროფესიით არქეოლოგი ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიც დავამთავრე, ოფისის მენეჯერის სერტიფიკატიც მაქვს, მაგრამ არც ერთი პროფესიით არ მიმუშავია. ვცხოვრობ გორში და ბოლო 7 თვეა, თოჯინების კერვით ვარ დაკავებული. აქამდე კერვა არასდროს მიცდია. ჩემს ძმისშვილს თოჯინით ვეთამაშებოდი და უცბად ვიფიქრე, ამის გაკეთება მეც ხომ შემიძლია-მეთქი. ეს აზრი თავიდან ვეღარ ამოვიგდე, ამიტომ წავედი, ვიყიდე ყველა საჭირო მასალა და შევკერე პირველი თოჯინა, ჟღალი გოგონა, რომელსაც თავზე ყვავილების გვირგვინი ადგას. ვინც ნახა, ყველას მოეწონა და ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. გავაკეთე მეორე, მესამე და ხალხის ინტერესი რომ გამოიწვია, მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ. დღესდღეობით შეკვეთებსაც ვიღებ. ჩემი პირველი, მეორე და მესამე თოჯინა სახლში მყავს, მათ არ ვყიდი. მსგავსის დამზადებას მთხოვენ, მაგრამ არ ვთანხმდები, პირველი ვარიანტები ჩემთვის მინდა შევინახო.

2-1664265795.jpg

- თქვენი თოჯინები მხიარულები არიან, იღიმიან, იცინიან და ალბათ, მათი ამგვარი "ხასიათი" თქვენი ნამუშევრების გამორჩეული ხაზია. თოჯინების იერი თქვენი ინიციატივით იქმნება, თუ კონკრეტული პორტრეტების მიხედვით გიკვეთენ?

- ძირითადად ტიპაჟური თოჯინები მაქვს. მიგზავნიან ფოტოს, ვაკვირდები სახის ნაკვთებს, ვათანხებ ქსოვილს, რითაც თოჯინის ტანსაცმელს ვკერავ და ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას. თოჯინებში უმეტესად ბამბისა და ბაიკის მასალას ვიყენებ. გორში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მაღაზიებში ქსოვილების მრავალფეროვანი არჩევანი იყოს, თუმცა ყველა საჭირო მასალის შეძენას შეკვეთით მაინც ვახერხებ. 2-3 წლის ბავშვების პორტრეტის მიხედვითაც შემიქმნია ტიპაჟური თოჯინები, ასევე ზრდასრულებისაც - სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ფოტოების მიხედვით. ასე შევკერე მანდატურის, პოლიციელის ფიგურები და ექიმის "გაკეთებასაც" ვაპირებ. დედაჩემი მანდატურია და პროფესიის მიხედვით პირველად მისი ტიპაჟური თოჯინა გავაკეთე. კარგი გამოვიდა, ხალხს მოეწონა.

- სხვებისთვის სასაჩუქრედ თუ მშობლები თავიანთი შვილების პორტრეტების მიხედვით გთხოვენ თოჯინების დამზადებას?

- ხშირად ბებიები მიკვეთენ შვილიშვილებისთვის.

შეკვეთა მაქვს სხვადასხვა ადგილიდან: თბილისი, მცხეთა, ბათუმი, სვანეთი, ერთ-ერთი საფრანგეთშიც "მიბრძანდება". გული მწყდება, როცა "მიდიან". ძალიან მომწონს ეს თოჯინები, იმდენად რეალური სახეები აქვთ, რომ პატარა ბავშვები მგონია. ტანსაცმელს რომ ვაცმევ ან თმას ვუკეთებ, ზოგჯერ ისე ვეფერები და ველაპარაკები, როგორც ბავშვებს (იღიმის).

ანა კალანდაძე