"ბავშვობის ოცნებად მქონდა ფეხსაცმლის კერვა" - გზაპრესი

"ბავშვობის ოცნებად მქონდა ფეხსაცმლის კერვა"

თამთა გოგლიჩაძე ნატურალური ტყავისგან კერავს ფეხსაცმელს, ამ ეტაპზე მხოლოდ მამაკაცისას, თუმცა სამომავლოდ წარმოების გაზრდას აპირებს. პატარაობისას თურმე, ხშირად შეირბენდა მამასთან სახელოსნოში და უყურებდა, როგორ კერავდა ის ფეხსაცმელს, აინტერესებდა თითოეული დეტალი და იცოდა, რომ ოდესმე აუცილებლად გააგრძელებდა მამის გზას. ასეც მოხდა.

- ვცხოვრობ დაბა ლაითურში, წარმოშობით წყალტუბოს რაიონიდან ვარ. კოსტიუმის კონსტრუირებისა და დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ბავშვობის ოცნებად მქონდა ფეხსაცმლის კერვა. ყოველთვის მინდოდა შემექმნა ჩემი მოდელები, მაგრამ უსახსრობის გამო, აქამდე ვერ შევძელი.

- როგორც ვიცი, ასეთი ინტერესი მამის საქმიანობამ განაპირობა?

- დიახ, მამა კერავდა ფეხსაცმელს, ძირითადად, სხვასთან მუშაობდა, მაგრამ არაერთხელ შეუკერავს ჩვენთვისაც, შვილებისთვის. იმდენად მომწონდა ეს საქმე, რომ ხშირად მივდიოდი მასთან სამსახურში და ვეხმარებოდი სხვადასხვა დეტალის კეთებაში.

- დედას არ უკვირდა თქვენი ეს გატაცება? მეწაღეობას ხომ ქალისთვის შეუფერებელ საქმიანობად მიჩნევდნენ?

- დედამაც კარგად იცის ეს საქმე, მამაჩემისგან შეისწავლა და დამოუკიდებლადაც მუშაობდა, უბრალოდ ეს იყო გარემო, სადაც მხოლოდ კაცები იყვნენ დასაქმებულები, რაც უხერხულობას ქმნიდა და სწორედ ამის გამო, როდესაც დაქვრივდა, ვეღარ შეძლო ამ საქმიანობის გაგრძელება. ამიტომ მოსწონს, რომ მეც დავინტერესდი ამ სფეროთი, თუმცა დედის ოცნებები შვილთან მიმართებაში, ხომ იცით, კიდევ უფრო სხვაა, მეტია...

- როდის შექმენით პირველი ფეხსაცმელი?

- ადრე სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი, სალონებში ვიზაჟისტად, ჩოხებზე, სადედოფლო კაბებზე, სამოსზე... ახალი მოდელები შემიქმნია ჩემთვისაც, ბავშვისთვისაც და ამან კიდევ უფრო მეტად მომანდომა ფეხსაცმელიც შემეკერა. მამის დანატოვარი მანქანა მქონდა, რომელიც დედასთან, სახლში ინახებოდა, შემდეგ შევიტყვე ფონდის შესახებ, რომელიც ქალბატონებს ეხმარებოდა წარმატების მიღწევაში და გავწევრდი. ეს იყო ფონდი "ტასო" და სწორედ ამ ჯგუფის დახმარებით გადავდგი პირველი ნაბიჯები ბავშვობის დროინდელი ოცნების ასასრულებლად. მიღებული გრანტით ვიყიდე 2 დანადგარი, სხვა წვრილმანი ინსტრუმენტები და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი შევკერე. ამ პროცესს რთული პერიოდი დაემთხვა - პანდემიას ვგულისხმობ და ხელი შემეშალა. რაკი ახლა ქვეყანა ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდება, მეც დავიწყებ წარმოებას.

- ეს იყო ქალის ფეხსაცმელი თუ მამაკაცის?

- ეს იყო მამაკაცის ფეხსაცმელი. თავი შევიკავე ქალის ფეხსაცმლის შექმნისგან, რადგან ის უფრო მეტად პრეტენზიულია. მომავალში ვფიქრობ შევკერო ბავშვის ფეხსაცმელი, რომელზეც დიდი მოთხოვნაა. ვიდრე შევკერავ, მოდელს ვაჩვენებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მაინტერესებს მათი აზრი. ძირითადად, სადა მოდელებს ვანიჭებ უპირატესობას. მიხარია, რომ ბაზარზე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა ნახელავმა. აღნიშნეს, რომ ისინი არის კომფორტული და ხარისხიანი, ამ ეტაპზე შექმნილი მაქვს 4 მოდელი, სულ 50 წყვილი.

- თამთა, რამდენად შრომატევადია ეს საქმე და რა უნარებს მოითხოვს?

- პირველ რიგში, ვარჩევ მოდელს, დეტალებს, ვაკეთებ თარგს, ამის შემდეგ ხდება აჭრა და დეტალების შეერთებები, გადაგვაქვს პირზე, რაც საკმაოდ რთული პროცესია და რამდენიმე საათით ყალიბში თავსდება. უნდა გაცივდეს, თბილი ფეხსაცმლის ყალიბიდან ამოღებამ შეიძლება, დეფორმირება გამოიწვიოს. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა. გარდა იმისა, რომ უნდა გქონდეს მხატვრული ნიჭი, კარგი მხედველობა, ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოახდინო. როგორც ყველა საქმეს, ამასაც დიდი სიყვარულითა და მოთმინებით უნდა მიუდგე, რადგან ბევრი წვრილ-წვრილი დეტალია, რაც არ უნდა გამოგეპაროს, სხვანაირად არაფერი გამოვა. ამ საქმეში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ასევე მხატვრული ნიჭი და გემოვნება.

- როგორ ახერხებთ ოჯახთან თქვენი საქმიანობის შეთავსებას, გეხმარებათ ვინმე?

- დიდი ოჯახი მყავს, ერთად ვცხოვრობთ მეუღლე, 2 შვილი, დედამთილ-მამამთილი და ბაბუა. ყველა მეხმარება - მეუღლე საქმეში, დედამთილი ბავშვის მოვლაში, 3 და 2 წლის არიან და ამ ასაკში, ხომ იცით, როგორი ყურადღება სჭირდებათ. როცა მხოლოდ საქმეზე ვარ გადართული, ყველაფერი კარგად გამომდის. მეუღლე პროფესიით კბილის ტექნიკია, მაგრამ ამ ეტაპზე ელექტროშემდუღებლად მუშაობს. მოსწონს ეს საქმე... ეს არის ის პროფესია, სადაც რეალიზებულად ვიგრძნობ თავს, მატერიალური თვალსაზრისითაც. მიფიქრია გამოფენის მოწყობაზე, მაგრამ ყველაფერი ხარჯებსაც უკავშირდება და სერიოზულ ორგანიზებასაც მოითხოვს. იმედია, ოდესმე მიზანს მივაღწევ...

- წარმატებებს გისურვებთ!

ნინო ჯავახიშვილი