მათემატიკის მასწავლებლის ყაისნაღით ნაქსოვი ნამუშევრები - გზაპრესი

მათემატიკის მასწავლებლის ყაისნაღით ნაქსოვი ნამუშევრები

30 წლის მარიკა ეცადაშვილი სკოლაში მათემატიკას ასწავლის, პარალელურად, ყაისნაღით ქსოვს სხვადასხვა ნივთს, რომელთაგან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება სათამაშოებმა მიიქცია. მათი ქსოვა კურდღლების ფიგურებით დაიწყო და ახლა მის პროდუქციაში საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოველთა სამყაროა.

2-1654502758.jpg

- მეხუთე წელია, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვასწავლი. ჩემს პროფესიაზე უზომოდ ვარ შეყვარებული. მიყვარს ბავშვები, მათთან ურთიერთობა... დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა ჩემს სკოლაში ქსოვის წრე გაიხსნა. დედამ მიმიყვანა და იქ ვისწავლე ქსოვის ანი და ბანი. ვფიქრობ, ასეთი წრეების არსებობა სკოლებში აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურად ძალიან მცირე თანხა იყო გადასახადი, მშობლები პრიორიტეტულად არ თვლიდნენ შვილების ამ წრეზე შეყვანას და ბავშვების სიმცირის გამო, ის წრე რამდენიმე თვეში დაიხურა. მცირე დრო საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ქსოვისადმი ინტერესი გამჩენოდა. დღეს უკვე ძალიან ბევრი ჩხირი მაქვს, მაგრამ ახლაც სათამაშოებს სწორედ იმ ყაისნაღით ვქსოვ, რომელიც წრეზე სიარულისას ჩვენმა მასწავლებელმა, ეკა ეცადაშვილმა მოსწავლეებს დაგვირიგა და მას შემდეგ 18 წელია გასული. სკოლაში ვსწავლობდი, როცა პატარა ძმისშვილისთვის ქუდებსა და სათამაშოებს ვქსოვდი. შემდეგ სტუდენტობის დროს პოლიეთილენის პარკებისგან ჩანთა მოვიქსოვე. მოგვიანებით პანდემიამ შემიწყო ხელი, ქსოვას რომ ისევ დავბრუნებოდი. იმ დროს ყველაფერი დაიკეტა და ახალი ძაფის შეძენა გაჭირდა, რაც მანამდე მქონდა მოქსოვილი და რაღაც არ მომწონდა, ვარღვევდი და ხელახლა ვქსოვდი, ასე ხელი კარგად გავიწაფე.

3-1654502770.jpg

- რომელი ფიგურაა ყველაზე პოპულარული და სათამაშოებამდე რა იყო პირველი ნივთები, რომელთა მოქსოვაც დაიწყეთ?

- თავდაპირველად ჩანთების ქსოვა დავიწყე. განსხვავებული რომ ყოფილიყო, გარედან ყაისნაღითვე ნაქსოვ ჩემს საყვარელ ყვავილებს ვაკერებდი: ალუბალს, მზესუმზირას, ასევე კესანებს, გვირილებს... "აყვავებული ჩანთებიც" გაჩნდა. საერთოდ, ბუნება ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი ყვავილები - გვირილა და კესანეა, ამიტომ ჩანთებზეც გადავიტანე. შემდეგ ლარნაკში ჩასალაგებელი გვირილები, ტიტები მოვქსოვე, ამასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიდხანს ვქსოვდი კესანებს, წვრილი ყვავილია და არაერთი ღამის გათენება მომიხდა, მაგრამ როცა ნამუშევარი დავასრულე, შედეგით ბედნიერი ვიყავი. ზუსტად არ მახსოვს, რა ვითარებაში გამიჩნდა სათამაშოების მოქსოვის სურვილი, მაგრამ ბავშვები და მათთან ურთიერთობა იმდენად მიყვარს, რომ სათამაშოების ქსოვა მათ მიმართ სიყვარულმა გადამაწყვეტინა. შემდეგ ნამუშევრების რეალიზაციაც დავიწყე. დროდადრო მშობლები თავიანთი შვილების ფოტოებს მიგზავნიან ჩემს მოქსოვილ სათამაშოებთან ერთად. მათი ბედნიერი სახეები მარწმუნებს, რომ ეს ამ საკმაოდ რთულ შრომად ნამდვილად ღირს და მეც ისეთივე სიხარულს განვიცდი. ყველაზე დიდი ინტერესით ჟირაფები სარგებლობენ; ასევე მოთხოვნადია ბაჭიების ფიგურები, რომელთა კაბებს ჩემი საყვარელი გვირილებით ვაფორმებ. თითოეულ ნამუშევარში მთელ გულსა და სულს ვაქსოვ. დიდი სიყვარულითაა ისინი დამზადებული. შარშან, 18 ივნისს ჩემი პირველი სათამაშო განვათავსე "ფეისბუკზე". 2 წლის წინ ალბათ ვერც ვიფიქრებდი, თუ მათი ქსოვა ასე გამიტაცებდა. ახლა იდეაში მაქვს, გოგონა-თოჯინები მოვქსოვო და ვნახოთ, რა გამოვა. იმედია, ჩემს საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გავხდი და უფრო "გავიზრდები" (იღიმის).

ანა კალანდაძე