თოკის ჩანთები ყველა სეზონისათვის - გზაპრესი

თოკის ჩანთები ყველა სეზონისათვის

ხელნაკეთი ჩანთები, რომელიც მარიამ მახარობლიძეს ეკუთვნის, ყველა ასაკის ქალბატონისთვის მზადდება. ჩანთებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ჰყავთ მფლობელები. პროფესიაც ეხმარება, რომ პროდუქციის ფოტო-ვიდეომასალა თავად დაამზადოს და ვინაიდან საკუთარ ნახელავის მომხმარებელია, ქუჩაში მოსიარულე რეკლამადაც შეიძლება ჩაითვალოს.

6-1693166408.jpg

- 32 წლის ვარ, 8 წლის დემეტრეს დედა. შვილთან დიდი დრო რომ გამეტარებინა, შინ სხვადასხვა ხელნაკეთი ჩანთის დამზადება დავიწყე. საბოლოოდ, თოკის ჩანთებზე შევჩერდი, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. თითქმის 4 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. პანდემიის დროს ონლაინგაყიდვები დავიწყე. თუ მანამდე ნაკლები გამოხმაურება ჰქონდა, იმ დროს გაყიდვები თითქმის გაოთხმაგდა. თავდაპირველად, თოკით შექმნილი ჩანთა ჩემთვის მინდოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ აქ არ იშოვებოდა და არც ვინმე ამზადებდა. ამიტომ გადავწყვიტე, თოკისგან და სილიკონისგან საკუთარი ხელით შემექმნა. ჩემი ჩანთა ქუჩაში ყურადღებას იქცევდა და მაშინ გადავწყვიტე, რამდენიმე მსგავსი ნივთი დამემზადებინა. ბაზარზე მსგავსი ნივთები რომ არ იყო, პოპულარობას ხელი ამანაც შეუწყო. მერე ხელი ნელ-ნელა დავხვეწე და ბოლოს ჩანთებმა ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის აქსესუარი მხოლოდ ზაფხულის სეზონისაა, თუმცა, ჩემი შემუშავებული ტექნიკით, ის ზამთარშიც ძალიან კარგად გამოსაყენებელი და კომფორტულია. ცივი სეზონისთვის ბეწვიან და ფუმფულა მოდელებს ვამზადებ. საზოგადოების ინტერესისა და მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალ-ახალ მოდელებს ხშირად ვამატებ. მაქვს: ხელჩანთები, წელჩანთები, მხარზე გადასაკიდებელი ვარიანტი, ასევე საფულეები და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, თავის ქვესახეობებიც აქვს. ასევე ვამზადებ ჩანთებს დედა-შვილისთვის, რომლის გამოყენება 3 წლიდან ასაკის პატარებსაც შეუძლიათ.

ზოგადად, ჩემი დაკვირვებით, ამ ნივთებს უმთავრესად 3-დან 55 წლამდე ასაკის მომხმარებელი ჰყავს. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ჩემი ნივთების მფლობელები ოჯახის სამი თაობა გამხდარა: დედა, შვილი და ბებია.

- ყველაფერს თავად უძღვებით?

- მარტო ვმუშაობ და ყველაფერს თავად ვაგვარებ, როგორც მომხმარებელთან ურთიერთობას, ისე საკურიერო კომპანიებთან კავშირს. ნივთის გაფრთხილებისა და პასუხისმგებლობით მოკიდების მიზნით, სერიოზულ კომპანიებთან ვთანამშრომლობ და ამგვარი მიდგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი მყავდეს.

7-1693166398.jpg

- ქუჩაში თუ შეგხვედრიათ ვინმე თქვენი დამზადებული ნივთით?

- დიახ და ეს ძალიან მიხარებს. მომხმარებელიც მცნობს, რადგან საკუთარ ნახელავს თითქმის სულ ვატარებ.

- დღეს როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა ეს საქმე წამოიწყეთ?

- დიახ, სწორი გადაწყვეტილება იყო. ბავშვთანაც დიდ დროს ვატარებ და ჩემთვის სასიამოვნო საქმესაც ვაკეთებ. ფოტოგრაფი, ოპერატორი და მემონტაჟე ვარ, რაც იმაშიც მეხმარება, რომ სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი ვმართო. დღეს უკვე ვეღარ წარმომიდგენია, ვინმესთან რუტინულ სამსახურში ვიმუშაო (იღიმის). სამომავლოდაც ვაპირებ ახალი მოდელების დამზადებას, თუმცა არ ვაპირებ სხვა მასალა გამოვიყენო. თოკის ნიშა არ უნდა დავკარგო, რადგან მინდა, ჩემი სახელი მასთან ასოცირდებოდეს.

ანა კალანდაძე