ეროტიკა ქართულ კინოში - როდის გამოჩნდა ქალის შიშველი სხეული პირველად (I ნაწილი) - გზაპრესი

ეროტიკა ქართულ კინოში - როდის გამოჩნდა ქალის შიშველი სხეული პირველად (I ნაწილი)

სურათზე მსახიობები, ია ფარულავა და ზაზა პაპუაშვილი არიან გამოსახული ფილმის - "სიყვარული ვენახში" გადაღების დროს.  მეტისმეტად გულახდილი სცენები პირველად, ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა კინორეჟისორმა - გიორგი შენგელაიამ შესთავაზა მაყურებელს თავის მოკლემეტრაჟიან ფილმში. საინტერესოა, რომ საბჭოთა დროინდელ ქართულ კინოშიც პირველი "შიშველი" ეპიზოდი, ამავე ხელოვნის სურათში - "მაცი ხვიტიაში" გაჩნდა.

- ბატონო გიორგი, როგორ მოახერხეთ კომუნისტური მმართველობის დროს, ფილმში შეგეტანათ ეროტიკული ელემენტი და როგორ გადაურჩა ეს ეპიზოდი ცენზურას?

- "მაცი ხვიტიაში" მხოლოდ ერთი ეროტიკული კადრია. როდესაც კოჭოია და მისი ძმაკაცი სახლის ქვეშ მიწას გამოთხრიან და ცხენის მოსაპარავად შედიან. კოჭოიას როლს გოგი ქავთარაძე თამაშობს. მისი გმირი ცოტა მოსულელო ბიჭია. ოთახში დახვდებათ მძინარე ქალი, რომელსაც ცალი ძუძუ უჩანს. იმის მაგივრად, რომ მეგობარს გაჰყვეს, ცხენი აუშვას და მოიპაროს, გოგოს დააცქერდება. მძინარე გაიღვიძებს, კივილს ატეხს. ქურდებს დაიჭერენ და ასე მთავრდება ყველაფერი. ეს კადრი ისეა გადაღებული, როგორც იმდროინდელი ნორმებით იყო დაშვებული. სწორედ ამიტომ, ცენზურასაც გადაურჩა. მაშინ დაუშვებელი იყო იმ კადრების გადაღება, რასაც ლოგინის სცენები ჰქვია. ძუძუს გამოჩენა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. "მაცი ხვიტია" ვესტერნის ჟანრის ფილმია, ნამდვილი ეროტიკული სურათი კი, სულ ცოტა ხნის წინ გადავიღე.

GzaPress

- "სიყვარული ვენახში", ჯერჯერობით, ერთადერთ ქართულ ეროტიკულ ფილმად რჩება. შეიძლება ის ექსპერიმენტად მოვნათლოთ?

- არა, ეს ფილმი შეკვეთით გავაკეთე, სექსი და ეროტიკა - ეს არის მხოლოდ ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილი, ისევე, როგორც ყველა მამაკაცის. მე თვითონ არასოდეს გადავწყვეტდი ასეთი სურათის გადაღებას, რადგან მე ვარ "ალავერდობისა" და "ფიროსმანის" ავტორი და ეროტიკული ჟანრის ფილმით მაყურებლის მოზიდვა ჩემი მიზანი არასოდეს იქნება. მე ვიყავი ამსტერდამის კინოფესტივალზე, სადაც წარვადგინე ჩემი ფილმი - "ორფეოსის სიკვდილი". იქ იყვნენ გერმანული ფირმის "რეგინა ზინგლერის" წარმომადგენლები. ფირმის პროდიუსერი ქალია. ის სატელევიზიო სერიალებსა და 30-წუთიან ეროტიკულ ფილმებს იღებს. სხვადასხვა ქვეყანაში უკვეთს თითო ფილმს, იმისათვის, რომ მაყურებელს საშუალება ჰქონდეს, ნახოს, თუ როგორ ვითარდება ამა თუ იმ ქვეყანაში ეროტიკული კინო. ასეთივე ფილმები აქვს გადაღებული ინდოეთში, ფინეთში, ამერიკაში... საქართველოს ჯერი რომ დადგა, გადაწყვიტეს, სურათი ჩემთვის შეეკვეთათ, რადგან მათი პირობით, ფილმი აუცილებლად ცნობილ რეჟისორს უნდა გადაეღო.

საზღვარგარეთ, ბოლო ოცი წლის მანძილზე, ორი ქართველი რეჟისორის სახელი ჟღერს - ჩემი და ოთარ იოსელიანის. ოთარს იმ პერიოდში სამუშაო ჰქონდა, მე კი თავისუფალი ვიყავი და შემომთავაზეს. ფილმზე მუშაობას მხოლოდ იმ მიზეზით დავთანხმდი, რომ კარგი ანაზღაურება შემომთავაზეს. აღებული თანხით თითქმის სამი წელი ვინახავდი ოჯახს. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, ვნახე დანარჩენი, უკვე გადაღებული სურათები. მათი ხასიათი ეროტიკული იყო, მაგრამ ძირითადად ურბანისტული - ყველა მათგანში მოქმედება ქალაქში ვითარდება, თანაც, არც ერთი მათგანი კომედია არ იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მოქმედების ადგილი სოფელი ყოფილიყო.

- მაგრამ რატომ მაინცდამაინც კახეთის სოფელი?

- იმიტომ, რომ ვფიქრობ, კახეთი არის ყველაზე ჯანსაღი მხარე საქართველოში. ამას ვამბობ პირდაპირი გაგებით - ჯანმრთელი ხალხი, კლიმატი, იუმორი... ქართველები ყველაფერს და მათ შორის - სექსსაც ცოტა სხვანაირად ვაკეთებთ. ცხოვრებისეულად ვუყურებთ ყველაფერს და ხალასი იუმორიც გვახასიათებს. სწორედ ამიტომ ავირჩიე კახეთი და კომედიური ჟანრი. როდესაც სურათი გერმანიაში ჩავიტანე და ზინგლერმა ნახა, სიცილისგან სკამიდან გადმოვარდა. ფილმს საკმაო მოწონება ხვდა წილად, მაგრამ ძირითადი ეროტიკული სცენა, პროდიუსერის აზრით, საკმარისი არ იყო. მეორე, მსგავსი სცენა - უცხოელ ქალთან მიშა გომიაშვილის გმირის სექსუალური ეპიზოდი - მერე ჩავამატეთ.

- როგორ შეხვდა თქვენს ფილმს მაყურებელი?

- ყველაზე სასიხარულო ჩემთვის იყო ის, რომ ევროპაში არსებულმა ტელეკომპანია "არტემ" აარჩია ზინგლერის 30 სურათიდან - 6, მათ შორის - "სიყვარული ვენახში". ეს ტელეკომპანია გერმანელებისა და ფრანგების ერთობლივი პირმშოა, მისი ცენტრალური ოფისი სტრასბურგშია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ არხზე მხოლოდ დიდი მხატვრული ღირებულების ფილმებს უჩვენებენ. ახლა შემიძლია კარტი გავხსნა და საიდუმლოც გავამხილო: ფილმს საფუძვლად დავუდეთ ძველი, ეროტიკული სიუჟეტები, ისეთივე, როგორიც არის "დეკამერონში" - არის ცოლი, ქმარი, ღალატი, მღვდელი. მაგრამ მე მღვდელი არ გადავიღე: ვიცოდი - გამიბრაზდებოდნენ... ფილმმა სწორედ სიუჟეტით მოიგო და არა ეროტიკულობით.

- "ალავერდობის", "ფიროსმანის", "ხარება და გოგიას" რეჟისორისთვის ძნელი იყო, ამ ჟანრის ფილმზე მუშაობა?

- (იცინის) არა, ყველაზე ძნელი, ფილმის გადაღების დროს, იყო კახელების მოშორება გადაღების ადგილიდან. უამრავი ადამიანი დავიქირავეთ იმისთვის, რომ კახელები ჩამოეცილებინათ ჩვენთვის. ერთ საინტერესო მომენტს გავიხსენებ: როდესაც ეროტიკულ სცენას ვიღებდით ვენახში, მოგროვილ კახელებს ვუთხარი, წადით, შორს დადექით, მსახიობებს რცხვენიათ-მეთქი. თავიდან წავიდნენ. შემდეგ, ვენახის პატრონი გაბრაზდა, მოვიდა და მეუბნება: ჯო, თუ ახლო არ მიმიშვებ და არ მაყურებინებ, ტრაქტორ მოვიყვან და აემ ვენახ სუ გადავხნამო... მეც ვუთხარი: რას ამბობ, ჯო? - ვენახები მეტი რა არი? - წავალ და სხვა ვენახში გადავიღებ-მეთქი...

- ქალის მთავარ როლს ფილმში ია ფარულავა ასრულებს. გაგიჭირდათ მისი დათანხმება ამ როლზე?

- სიმართლე რომ გითხრათ, სხვა კანდიდატი არც მყავდა. იას კარგად ვიცნობ. რაც მთავარია, ვიცი, რომ ის ამერიკაში ცხოვრობდა, იქაური ხალხის დამახასიათებელი ფსიქოლოგია ჰქონდა და ყველა კომპლექსიც მოხსნილი ექნებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ადვილად დავითანხმებდი. მართალიც აღმოვჩნდი. ჩვეულებრივად აღიქვა ჩემი წინადადება და სამუშაოსაც კარგად გაართვა თავი. აქ პრობლემას მეც ვერ ვხედავ. საზღვარგარეთ, ყველა დიდი მსახიობი თამაშობს ეროტიკულ სცენებში. აქაც, ხომ ნახეთ, სურათმა ჩაიარა და მას არავითარი ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია. ვფიქრობ, ეს ეტაპი ჩვენთანაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიძლიოს. თითოეული ზრდასრული ადამიანი ცხოვრებაში, ლოგინში ამას თვითონაც აკეთებს, ახლა ქუჩაშიც აღარ ერიდებიან, ეროტიკული ურთიერთობები ყოველ-დღიურობაში ხდება. ჩვენ რატომღა დავმალოთ? ვამბობთ - ქართველები ვართ და ჩვენთვის მიუღებელიაო? ცივილიზაციას თავისებური გათავისუფლება მოაქვს. წინათ გერმანელები ამბობდნენ - ქალის საქმე მხოლოდ სამზარეულო, ბავშვი და ეკლესიააო. ახლა? ახლა სხვანაირადაა ყველაფერი მოწყობილი, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა: მე მაინც გიორგი შენგელაია ვარ და რა თანხაც არ უნდა გადამიხადონ, სიბინძურესა და საზიზღრობას არასოდეს გადავიღებ. ყველაფერს მხოლოდ ესთეტიკურ ფორმაში მოვაქცევ და ისე მივიტან მაყურებლამდე.

- კარგი, ახლა რომ მსახიობი ადვილად დაითანხმეთ ასეთ როლზე გასაგებია. როგორ მოახერხეთ ეს "მაცი ხვიტიას" გადაღებისას?

- ნუ გიყვართ ყველაფრის გაზვიადება! "მაცი ხვიტიაში" იმ ქალის როლს, რომელსაც მკერდი უჩანს, ერთი სოფლელი გოგო თამაშობს და არც არავითარი პრობლემა ყოფილა მისი დათანხმება. ასეთი კომპლექსები ქალებს არ გააჩნიათ, მათ მოსწონთ, თუ გამოაჩენენ იმას, რაც კარგი აქვთ, მით უმეტეს, რომ მას მთლიანად კი არ გავხადეთ, მარტო ცალი ძუძუ გამოვუჩინეთ.

- როდესაც ეროტიკულ სცენას იღებთ, კაცები უფრო იოლად შედიან როლში თუ პირიქით?

- (იცინის) მოგიყვებით, რა ხდებოდა, როდესაც ვიღებდით ეროტიკულ სცენებს ფილმისთვის "სიყვარული ვენახში". როგორც კი ვიტყოდი - ვიწყებთ ამ სცენის გადაღებას-მეთქი, - ქალები მაშინვე იხდიდნენ და წვებოდნენ, მამაკაცები - ზაზა პაპუაშვილი და მიშა გომიაშვილი კი, მათ საერთოდ ვერ ეკარებოდნენ... ვიღებდით პირველ სცენას - ეს იყო გომიაშვილისა და გერმანელი ქალის სექსი. მიშამ კინაღამ სირცხვილი ჭამა. შიშისგან ისე ცახცახებდა, რომ შეგეცოდებოდა კაცს. ვეუბნები: ბიჭო, დრო მიდის, მზე ჩავა და ვერ მოვასწრებთ-მეთქი, ის კი დგას და მიკარებას ვერ ბედავს. ავდექი და მივვარდი ამ ქალს, ვუჩვენებ, - აი, ასე უნდა გააკეთო-მეთქი, - და ამ გერმანელმა დაიძახა: ვაიმე, ახლა მართლა ვიგრძენი რაღაცო... მთავარი კი ის იყო, რომ ოპერატორს ეს სცენა გადაუღია და შემდეგ ვნახეთ, როგორ "ვხმარობდი" ამ ქალს... არანაკლებ ცუდ დღეში იყო იას პარტნიორი - ზაზა პაპუაშვილი. ია უყვიროდა, - მოდი, ბიჭო, რა მოგივიდა, ქალთან არ ყოფილხარო?.. საწყალი ზაზა კი ცახცახებდა და ვერაფერი მოეხერხებინა...

რეჟისორმა მიხო ბორაშვილმა გადაიღო ფილმი "ცარიელი სივრცე," რომელიც ფართო მაყურებლისთვის შესაძლოა, არცთუ ისე ცნობილია. ამ სურათშიც ეროტიკული მომენტები რამდენიმე სცენაში გვხვდება. ფილმის სიუჟეტური ქარგა ასეთია: 50-ოდე წლის მამაკაცი, რომელიც აფხაზეთის ომში ბევრ სისაძაგლეს სჩადიოდა, 2-3-წლიანი გაუჩინარების შემდეგ, ბრუნდება შინ. მეუღლესთან ერთად, ის ძველ, თბილისურ ეზოში ცხოვრობს და ფანჯრიდან, მეზობლების ცხოვრებას ადევნებს თვალს. იმაზე, თუ როგორ იღებდნენ ეროტიკულ სცენებს, მიხო ბორაშვილი მოგვითხრობს.

- მთავარი გმირის მეუღლის როლს ხათუნა იოსელიანი ასრულებს. ის უკვე საკმაოდ ასაკოვანია, მაგრამ მაინც განსაკუთრებულ ქალად რჩება. ჩემს ფილმში მას მხოლოდ მკერდი უჩანს. როდესაც მეუღლე წლების შემდეგ შინ ბრუნდება, ის მონატრებულია მამაკაცის სითბოს. ჯდება სარკესთან, იხდის და ცოტა ხანს შიშველი მკერდით კეკლუცობს.

GzaPress

- ადვილად დაითანხმეთ ხათუნა ამ როლზე?

- დიახ, ის უკომპლექსო ქალია, თანაც განსაკუთრებულს აქ არაფერს აკეთებს - მხოლოდ მკერდს იშიშვლებს. სხვა რეჟისორების ფილმებში გაცილებით "მაგარი" ეროტიკული სცენები აქვს ნათამაშები. გადაღების დროს შევთავაზე, ზედმეტ ხალხს ოთახიდან გავუშვებ და მხოლოდ აუცილებელ პერსონალს დავტოვებ-მეთქი. - არაო, - მიპასუხა, - ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არისო. სიმართლე რომ გითხრათ, სხვა ორი ქალის დათანხმება უფრო გამიჭირდა: როდესაც ცოლ-ქმარი ფანჯრიდან იყურება, ერთ-ერთ ოთახში ქალსა და მამაკაცს ხედავს. მათ სექსი აქვთ გაჩაღებული. ამ როლისთვის მოვძებნეთ ერთი ქალბატონი. ის თურმე ადრე თანამშრომლობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" და თუ ვინმე შესთავაზებდა მსგავს როლს, გარკვეული ანაღზაურების საფასურად თანხმდებოდა. ჩვენც დაგვთანხმდა, მაგრამ ერთი პირობით - პარტნიორ მამაკაცს მე თვითონ შევარჩევო. მართალია, სურათს ისეთი ხედით ვიღებდით, რომ სახეები უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა სახეს. მთავარი, შიშველი სხეულია გამოჩენა იყო და იმიტაცია იმისა, რომ ნამდვილი სქესობრივი აქტია. მან თავისი მეგობარი მამაკაცი მოიყვანა. რა თქმა უნდა, მასაც რაღაც თანხა გადავუხადეთ. საინტერესო ის იყო, რომ წყვილმა გვთხოვა: გადაღების დაწყებამდე სასმელს დავლევთ, რომ გამბედაობა მოგვემატოსო. გასაკვირი არც არის: როგორი დიდი ხნის მეგობრებიც არ უნდა იყვნენ და რაოდენ ხშირი ინტიმური კავშირიც არ უნდა ჰქონდეთ, როდესაც ამას სახალხოდ აკეთებენ, ამას სხვაგვარი გამბედაობა სჭირდება და ის, რომ გადაღების დროს ნამდვილი აქტი კი არა, იმიტაცია ხდება, არაფერს ცვლის... ამგვარად, ნასვამებმა უკეთ გაართვეს თავი და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

კიდევ ერთი ეროტიკული სცენაა ფილმში. სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთ ღია ფანჯარაში ჩანს ქალი, რომელიც იხდის და იცვამს ტანისამოსს. ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან იცის, რომ უთვალთვალებენ. ამ როლის შემსრულებლის პოვნა კიდევ უფრო გამიჭირდა. მივაკითხეთ სამხატვრო აკადემიას, მაგრამ ისინი საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩენილან: მცირე ანაზღაურების გამო, მენატურე ახალგაზრდა გოგონები აღარ ჰყოლიათ. შემორჩენილი არიან მხოლოდ 50-60 წელს გადაცილებული, საკმაოდ ასაკოვანი ქალები, რომელთაც ქალის ფორმა უკვე დაკარგული აქვთ. სირცხვილიც კი იქნებოდა ასეთ როლში მათი გადაღება. თანაც მინდოდა, რომ აუცილებლად ქართველს ეთამაშა ეს სახე, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ და აკადემიაში შემორჩენილი მენატურეებიდან, ისევ ეს ერთადერთი, შედარებით ახალგაზრდა, რუსი ქალი მოვიწვიეთ. მართალია, არც ის გახლდათ მაინცდამაინც გტ¬ჰდჯქ ცდტ;ტცნბ^ მაგრამ ისიც ძლივს დავითანხმეთ, თანაც - იმ პირობით, რომ სახე არ გამოუჩნდებოდა და ქვედა საცვალსაც არ გაიხდიდა. ვარწმუნებდით, რომ არაფერი მოხდებოდა, თუ გაიხდიდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ბოლოს, მის პირობებს დავყაბულდით, რადგან სხვა გზა არ იყო და არც ჩვენს თვითმიზანს წარმოადგენდა მაინცდამაინც ეროგენული ზონების გამოჩენა. ფილმი შავ-თეთრია, ამიტომ ხორცისფერი საცვალი ჩავაცვით და ეკრანზე თითქმის შიშველის შთაბეჭდილებას ახდენს.

- როგორ ფიქრობთ, - გაცილებით დიდ თანხა რომ შეგეთავაზებინათ, თქვენს პირობებს დასთანხმდებოდა?

- დიახ, ვფიქრობ დავითანხმებდით. შეიძლება მცირე პრეტენზიები მაინც გასჩენოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, პურს ამ საქმით ჭამს - აკადემიაში მენატურედ მუშაობს და, ბუნებრივია, თითქმის ყოველდღე შიშვლდება. გეტყვით იმასაც, რომ ადვილად გადავწყვეტდით ამ პრობლემას, ცირკთან მდგარი ქალისთვის რომ შეგვეთავაზებინა ეს როლი, მაგრამ კინო პირველ რიგში ესთეტიკური უნდა იყოს და ასეთი კატეგორიის ქალის მონაწილეობა მასში დაუშვებელია.

GzaPress

- ქალს უფრო ეადვილება ეროტიკული სცენის გადაღებისას როლში შესვლა თუ მამაკაცს?

- ქალს, ქალს უფრო უადვილდება. ქალები უფრო თამამები არიან, მამაკაცებს კი რაღაც ემართებათ - თითქოს ეშინიათ, ცახცახებენ...

- თქვენ თავად, რას განიცდიდით, როდესაც ამ სცენას იღებდით?

- იცით, რა, ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, პირველი შემთხვევა იყო ასეთ სცენაზე მუშაობა. წინასწარ ვფიქრობდი - რა მოხდებოდა, როგორ იმოქმედებდა ჩემს ფსიქოლოგიურ განწყობაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე. არავითარი შინაგანი თრთოლა არ ყოფილა, თუმცა, შიშველი ქალი ყოველთვის მხიბლავს, ისევე, როგორც ყველა მამაკაცს. გამიკვირდა კიდეც, რომ რეჟისორი - მიხო ბორაშვილი და მამაკაცი - მიხო ბორაშვილი, შიშველ ქალთან დამოკიდებულებაში განსხვავებულ გრძნობას განიცდის.

- ვფიქრობ, უცხოურ ფილმებში უხვად განთავსებულ ეროტიკულ სცენებს ქართველი მაყურებელი უფრო ლოიალურად ხვდება, ვიდრე ქართულ ფილმებში. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

- ბუნებრივიცაა, რადგან ის ვიღაც, ვინც უცხოურ ფილმში მონაწილეობს, გადამთიელია, ჩემს გულს არ ხვდება, მთავარია, ჩემიანი, ქართველი არ დავინახო ასეთ ფორმაში. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართულ ფილმშიც ზოგჯერ აუცილებელია, ეროტიკული სცენა იყოს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი სცენები ფილმისთვის აუცილებელია?

- რეჟისორის მიზანია, მიიტანოს თავისი სათქმელი და საწუხარი მაყურებლამდე, ხოლო რა ხერხით გააკეთებს ამას, უკვე მასზეა დამოკიდებული. თუ ეს სიუჟეტის განვითარების ფონის შესაქმნელადაა საჭირო, მაშინ გამართლებულია, მაგრამ მხოლოდ კომერციული მიზნისთვის, ეს არ უნდა გაკეთდეს. საერთოდ, ცნობილია, რომ მალული და ჭუჭრუტანიდან დანახული, ყველაფერი "გემრიელია": შიშველი ქალიც, ხილიც და თვით სექსუალური აქტიც კი, რომლის მონაწილეც თავად, ბევრჯერ ყოფილხარ... დააკვირდით კინოკლასიკოსთა შედევრებს - ყველა მათგანი ფაქიზად და ნაზად გადმოსცემს ეროტიკულ მომენტებს. კინოკრიტიკოსებიც ყოველთვის "ეფერებიან" იმ რეჟისორებს, რომელთაც შეძლეს, სათათუდ გადმოეცათ, ეჩვენებინათ სიყვარული და ეროტიკა. მეც ვიზიარებ მათ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი.

P.S. ამ ინტერვიუებიდან შევიტყვეთ რეჟისორების დამოკიდებულება ეკრანზე "აჟღერებული" ეროტიკისადმი. რას ფიქრობენ თავად მსახიობები - ასეთი როლის შემსრულებლები? გაუჭირდათ თუ არა, შიშვლად გამოჩენილიყვნენ ეკრანზე?

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე