ადვილია თუ არა მერსი სულხანიშვილის წონასწორობიდან გამოყვანა - გზაპრესი

ადვილია თუ არა მერსი სულხანიშვილის წონასწორობიდან გამოყვანა

ამბობს, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა აკეთოს ის, რაც თავად უნდა. არასოდეს უნდა ინანო, რაც ერთ დროს სიამოვნებით გაგიკეთებიაო. მერსის სიმპათიური და განათლებული მამაკაცები მოსწონს.

- ჩემი მშობლები განქორწინებულები არიან. მე დედასთან ერთად ვცხოვრობ. ის პროფესიით სამართალმცოდნეა.

- შეგიძლია მითხრა, როგორი ადამიანი ხარ? მხიარული თუ უფრო დეპრესიისკენ მიდრეკილი?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა, როგორც ვხედავ, მაინც მომიწევს (იცინის)... ამბობენ, რომ პოზიტიური ადამიანი ვარ. წარმოუდგენელია, ჩემ გვერდით ადამიანმა მოიწყინოს. ყოველთვის ვცდილობ, ირგვლივ მყოფებს კომფორტული გარემო შევუქმნა იმისთვის, რომ თავი ცუდად არ იგრძნონ. მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ. ვფიქრობ, თუ შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა არ გიყვარს, წარმოუდგენელია, წარმატებას მიაღწიო.

- ფიცხი ხასიათის ხარ?

- არა, უცებ არ "ავფეთქდები". კრიტიკულ სიტუაციებში ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.

- ანუ ადვილად არ ბრაზდები?

- ასეა, ჩემი გაბრაზება ადვილი არ არის (იცინის).

- წონასწორობიდან შენი გამოყვანა რას ან ვის შეუძლია?

GzaPress- მსგავსი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ თუ გავბრაზდი და წონასწორობიდან გამოვედი, მერე რა მოხდება, ამას ვერ გეტყვი... მიმაჩნია, ადამიანმა საკუთარი საქციელი ყოველთვის უნდა აკონტროლოს.

- კომუნიკაბელური ხარ?

- საკმაოდ. ყველანაირი კატეგორიის ადამიანთან შემიძლია საერთო ენა გამოვნახო. არ გახლავართ ამაყი და მეტიჩარა; არ ვფიქრობ, რომ ვინმეზე რაიმეთი მეტი ვარ და ზემოდან არავის ვუყურებ.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- ერთი წელია, სიგარეტს ვეწევი, ალკოჰოლსაც პატივს ვცემ, მაგრამ არასდროს დამილევია იმდენი, რომ საკუთარი საქციელი ვეღარ გამეკონტროლებინა. ზომიერების დაცვა ვფიქრობ, ყოველთვის აუცილებელია.

- რის გამო შეიძლება იტირო?

- იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც გრძნობები გააჩნია, აუცილებლად დგება ისეთი მომენტი, როდესაც ცრემლი თავისთავად მოსდის. ჰოდა, ზოგჯერ მეც ვტირი ხოლმე. არ მიმაჩნია, რომ ცრემლი ადამიანის სისუსტეა.

- შენთვის ქართული ტრადიციები მისაღებია? თავად რამდენად ტრადიციულ ოჯახში გაიზარდე?

- ნამდვილად ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ეს ყველაფერი ჩემთვისაც მისაღებია. ვფიქრობ, ქართულ სუფრას არაფერი სჯობს.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- მომწონს განათლებული და ზრდილობიანი მამაკაცები. ჩემი რჩეული აუცილებლად, სიმპათიური უნდა იყოს და რაც ყველაზე მთავარია, იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

- თავისუფალი ჩაცმის სტილი გაქვს. საყვარელმა მამაკაცმა ისეთი სამოსის ტარება რომ აგიკრძალოს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებ, როგორ მოიქცევი?

- ჩემთვის აკრძალვები არ არსებობს! რა ჰქვია, ვინმემ რამე ამიკრძალოს?! შეიძლება, რჩევა მომცეს და გავითვალისწინო. ყველა ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც მოსწონს.

- სიყვარულის გამო რაიმეს დათმობ?

- ამ საკითხზე არ მიფიქრია და შესაბამისად, ვერც გიპასუხებთ. თუმცა, გააჩნია, რა დონეზე შემიყვარდება პიროვნება და რამდენად დაიმსახურებს დათმობებზე წასვლას.

- როგორ ფიქრობ, ღარიბი მამაკაცი შეგიყვარდება?

- ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ბევრი ფული იშოვოს, მთავარია, მამაკაცი შრომისმოყვარე იყოს და ისეთ საქმეს ემსახურებოდეს, რომელიც უყვარს. შეიძლება, პიროვნებას მუშაობა არ ეზარებოდეს, მაგრამ არ გაუმართლოს და წარმატებას ვერ მიაღწიო. მაგრამ როცა ხედავ, ადამიანი რაღაცის გაკეთებას ცდილობს, ეს უკვე დასაფასებელია. უსაქმურთან და მუქთახორასთან მეგობრობაც კი შეუძლებელია, სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ.

- ბევრჯერ გყვარებია?

- ვინც ფიქრობს, რომ ბევრჯერ ჰყვარებია, იმას სინამდვილეში, არავინ უყვარს. როცა შეყვარება და მერე ამ სიყვარულის ობიექტის მალევე გადაყვარება გიიოლდება, გამოდის, რომ კონკრეტული პიროვნებით უბრალოდ, გატაცებული ხარ.

- მამაკაცისთვის სიყვარული აგიხსნია?

- მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია და მომავალში რა მოხდება, ვერ გეტყვი (იცინის).

- ცალმხრივად თუ გყვარებია?

- არა! არ შემიყვარდება ისეთი ადამიანი, ვისაც არ ვუყვარვარ, ვინც ჩემზე არ ფიქრობს, არ ზრუნავს. ასეთი რამ ჩემთვის მიუღებელია.

- საყვარელმა მამაკაცმა რომ მიგატოვოს, რას იზამ?

- ნებისმიერ ურთიერთობას აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ ცუდზე წინასწარ არ უნდა იფიქრო. უინტერესო და მოსაბეზრებელი ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.

- ამჟამად შეყვარებული ხარ?

GzaPress- სამწუხაროდ, შეყვარებული არ მყავს.

- ფულისა და სიმდიდრის გამო შეიძლება, ისეთ ადამიანს გაჰყვე ცოლად, ვინც არ გიყვარს?

- ჩემი აზრით, ფულში არ არის ბედნიერება. თუ ადამიანი არ გიყვარს, როგორი მდიდარიც უნდა იყოს, ვერ გაგაბედნიერებს.

- ქართველ მამაკაცებს არ მოსწონთ ზედმეტად თამამი ჩაცმული მანდილოსნები...

- (მაწყვეტინებს) მოკლედ, მკერდი რომ გამოვაჩინე, ხალხს სალაპარაკო თემა მივეცი. ჩემს გარდერობში მხოლოდ ერთი გამჭვირვალე მაისურია. მერწმუნეთ, მკერდს ყოველთვის არ ვაჩენ... ქართველ მამაკაცებს კი უბრალოდ, წარმატებული და ძლიერი ქალები არ მოსწონთ.

- მერსი, საოჯახო საქმეები თუ გეხერხება?

- ამ ეტაპზე საოჯახო საქმეების კეთება არ მიწევს. მსგავსი რაღაცებისთვის დრო არც მაქვს. თუმცა, ძალიან მიყვარს ლამაზად გაწყობილი სუფრა და თუ თავისუფალი დრო მაქვს, ამ საქმეში სიამოვნებით ვმონაწილებ. სხვათა შორის, საცივიც მომიმზადებია.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- ბოლომდე დამოუკიდებელი ვარ და გადაწყვეტილებებსაც ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ. თუმცა, სხვების აზრის გათვალისწინებაც შემიძლია. და კიდევ, არასოდეს ვნანობ იმას, რასაც ვაკეთებ.

სოფო ჭონიშვილი