წარბები და სახის ოვალი - გზაპრესი

წარბები და სახის ოვალი

თავდაპირველად, საჭიროა წარბების ბუნებრივი ფორმის შესწავლა. სასურველია კონტურული ფანქრის მეშვეობით რამდენიმე ცდის ჩატარება. წარბის შეფერილობის შესარჩევად შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან მუქი შინდისფერი ფანქრები გამოიყენება. ამავე დროს, შესაძლებელია, მაკიაჟის მეშვეობით წარბების დამოკლება, დაგრძელება, დაწვრილება ან გასქელება და ამდენად, სასურველი ფორმის მიღება. მაგრამ ამ პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია, ქალმა წინასწარ იცოდეს, სახელდობრ რა უნდა გააკეთოს.

• შეერთებული წარბები სახეს პირქუშ გამომეტყველებას ანიჭებს და თითქოს ავიწროებს; ძლიერ დაშორებული კი ფართო სახის ვიზუალურ ეფექტს იძლევა.

• გრძელი, ოდნავ მორკალული წარბები ასაკს მატებს და სახეს მკაცრ იერს სძენს.

• მაღლა აზიდული, მორკალული წარბები ადამიანს არაბუნებრივ, გაკვირვებულ გამომეტყველებას ანიჭებს; ხოლო დაბალი, თვალებთან ახლოს განლაგებული წარბები გაბრაზებულ იერს აძლევს.

• მრგვალი პირისახის მქონე ქალმა წარბებს მორკალული ფორმა არ უნდა მისცენ, რადგან ამგვარი კონტური სახეს კიდევ უფრო "ამრგვალებს". უმჯობესია, წარბებს მაქსიმალურად აღმავალი ფორმა მიეცეს ან მხოლოდ ბოლოებში მომრგვალდეს.

• თუ სახე მოგრძო ფორმისაა, წარბების დამოკლება არამიზანშეწონილია. ამგვარი ფორმის სახე მხოლოდ ზემოთ აზიდულ წარბებს ერწყმის ჰარმონიულად.

• ოვალურ სახეს ყველაზე მეტად წარბის სწორი ხაზი უხდება.

• ნიკაპთან შევიწროებული სახისთვის ჰორიზონტალური ხაზია გამართლებული.

• წარბებისთვის გარკვეული ფორმის მიცემით შესაძლებელია შუბლის ფორმის ოპტიკური შეცვლა. მაგალითად, ცხვირის ფუძესთან წარბების დამოკლებით დაბალი შუბლიც კი შესაძლოა მაღალი გამოჩნდეს.

• მათთვის, ვისაც ძალზე მაღალი შუბლი აქვს, რეკომენდებულია წარბების "დაგრძელება" ცხვირის ფუძესთან.

• წარბების ფორმის მეშვეობით ცხვირის ზოგიერთი ნაკლის "გამოსწორებაც" შეიძლება. ვისაც მსხვილი ცხვირი აქვს, წარბები ერთმანეთს ოდნავ უნდა დააშოროს. ამის შედეგად ცხვირი უფრო თხელი გამოჩნდება.

როგორ უნდა შეიღებოთ წარბები

• არ შეიძლება წარბების ერთ მთლიან ხაზად შეღებვა. ამით სახე არაბუნებრივ იერს იძენს. წარბის დასაწყისი შედარებით ღია ფერის საღებავით იღებება, შუა ნაწილი უფრო მუქით, დაბოლოება კი - წვრილი, მსუბუქი შტრიხით.

• შესაღებად გამოიყენება ფანქარი, ტუში ან წარბების სპეციალური საღებავი, რომელიც 3-4 კვირა ძლებს. წარბების შეღებვა თხევადი ტუშითაც შეიძლება. ამ შემთხვევაში ფუნჯი იხმარება.

• შეღებვამდე წარბები ლოსიონით ან სხვა კოსმეტიკური საშუალებით უნდა გაიწმინდოთ. ამის შემდეგ, ფუნჯის მეშვეობით, ნელ-ნელა დაიწყეთ საღებავის წასმა წარბის დაბოლოებიდან ცხვირის ფუძისკენ. ღებვის დასრულებისას, საღებავი ჯერ მშრალი, შემდეგ კი საპნიანი ტამპონით მოიცილეთ და კანი თბილი წყლით, ფრთხილად დაიბანეთ.

როგორ უნდა განსაზღვროთ წარბების ფერი

• სანამ წარბების მოსავლელ კოსმეტიკურ საშუალებებს შეიძენდეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წარბები ერთი ტონით მაინც ღია ფერის უნდა იყოს, ვიდრე თმა. მაკიაჟის გაკეთებისას ანგარიშგასაწევია აგრეთვე თვალების ფერიც. შავგვრემანთათვის რეკომენდებულია ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი საღებავი. შავად შეღებილი წარბები სახეს მკაცრ და პირქუშ იერს ანიჭებს. ქერა ქალებმა უმჯობესია, ღია წაბლისფერი ან ღია ნაცრისფერი საღებავი გამოიყენონ. ცისფერ თვალებს მოლურჯო ფანქარი მოუხდება; მწვანე თვალებს - ბრინჯაოსფერი, რუხი ფერისას - ყავისფერი.

როგორ უნდა შეარჩიოთ წარბების ფორმა

საჭირო ფორმის წარბების მისაღებად ცხვირის ნესტოზე ფანქარი ვერტიკალურად მიიდეთ. ფანქრისა და წარბის გადაკვეთის წერტილი სწორედ ის ადგილია, საიდანაც წარბი უნდა იწყებოდეს. დაბოლოება შემდეგნაირად განისაზღვრება: ფანქრით პირობითად მოინიშნება ხაზი, რომელიც ნესტოსა და თვალის გარეთა კუთხის გავლით წარბისკენ მიემართება. სწორედ ამ ხაზისა და წარბის გადაკვეთის ადგილას უნდა მთავრდებოდეს წარბის რკალი.