უფასო ონლაინ-მეგზური იტალიასა და რომში


 რომი ერთ დღეში

თუკი რომის დასათვალიერებლად მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, ბევრი გეტყვით, რომ ძალზე ცოტა ღირსშესანიშნაობის დათვალიერებას მოასწრებთ, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. შემოგთავაზებთ მარშრუტს, რომლითაც იტალიის დედაქალაქის ყველა მნიშვნელოვან ადგილს ეწვევით. თუ მხოლოდ გადარბენაზე იქნებით, მარშრუტს ოთხ საათშიც დაძლევთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აუჩქარებლად გაისეირნებთ, ხედებით დატკბებით, დაათვალიერებთ, შეჩერდებით, წაიხემსებთ, შეისვენებთ და ა.შ., 8-10 საათი დაგეხარჯებათ. ამიტომ გირჩევთ ექსკურსია დილის 8-9 საათზე დაიწყოთ. თუ ფიქრობთ, რომ ძალზე დატვირთული მარშრუტია, შეგიძლიათ მხოლოდ რომის უმთავრესი ღირსშესანიშნაობებით დაკმაყოფილდეთ, რომლებიც სარჩევშია ჩამოთვლილი საიტზე ყველაფერი რომის შესახებ.


თუ გსურთ, რომ რომის მთავარი ღირსშესანიშნაობები ერთ დღეში დაათვალიეროთ, ექსკურსია ბარბერინის მოედნიდან დაიწყეთ. იქ მოსახვედრად ტერმინის სადგურიდან მეტროთი ხუთ წუთში მიხვალთ.



ბარბერინის მოედანი XVI საუკუნიდან არსებობს. უწინ სწორედ აქედან იწყებოდა საზიდრის მარშრუტი, რომელზეც ამოუცნობი ადამიანების გვამები ეწყო. საზიდარს ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებში ჩაატარებდნენ, რათა დაღუპულები ვინმეს ამოეცნო.


მოედნის სახელწოდება მომდინარეობს ამავე მოედანზე მდებარე ბარბერინის სასახლიდან. მოედანზე ორი შადრევანია. ერთს ზემოთ მოყვანილ სურათზე ხედავთ. მას "ტრიტონი" ჰქვია. მეორეა "ფუტკრების შადრევანი" (ფუტკარი ბარბერინების ცნობილი გვარის ემბლემაზე იყო გამოსახული). ის ვიტორიო-ვენეტოს ქუჩის კუთხეშია. ორივე შადრევანი ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა და მხატვარმა ჯოვანი ბერნინიმ შექმნა.



ბარბერინის მოედნიდან მარჯვნივ შეუხვიეთ via Sistina-ზე. დაახლოებით 5 წუთში ესპანეთის მოედანზე აღმოჩნდებით:



ესპანეთის მოედნიდან იწყება "მარადიული ქალაქის" ერთ-ერთი სიმბოლო ესპანური კიბე", სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა. მის ძირში ცნობილი შადრევანი "ბარკაჩაა".



დეტალურად ესპანური კიბის შესახებ =>>


თუ კიბეს აუყვებით, მიადგებით XVI საუკუნის წმინდა სამების ეკლესიას (Santa Trinita dei Monti). მასში მოთავსებულია სკულპტურული ჯგუფის, სახელწოდებით "პიეტა", ასლი და დანიელე და ვოლტერას ცნობილი ფრესკა "ჯვრიდან გარდამოხსნა".


თუ არ დაიზარებთ და ორასამდე მეტრსაც გაივლით, თქვენგან მარჯვნივ ვილა მედიჩის დაინახავთ.



ეს არის არისტოკრატიული ვილა, რომელსაც XIV საუკუნიდან ფლობდა მედიჩების ოჯახი. აქ ხშირად იკრიბებოდნენ იტალიური აღორძინების უდიდესი პიროვნებები, აქვე წყდებოდა დინასტიის განვითარების ბედი.


თუ მის დათვალიერებას გადაწყვეტთ, 12 ევროს გადახდა მოგიწევთ, თუმცა თუ მხოლოდ ერთი დღე გაქვთ რომის დასათვალიერებლად, გირჩევთ, ის მხოლოდ გარედან დაათვალიეროთ, მის ულამაზეს ბაღებში გაისეირნოთ და ქალაქის საუცხოო ხედებით დატკბეთ.


ახლა ესპანეთის კიბის გავლით კვლავ ესპანეთის მოედანზე ჩადით - ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ზონაა. აქ შეგიძლიათ via Condotti-ზე გაისეირნოთ - რომის ძალზე საინტერესო სავაჭრო ქუჩაზე. სხვათა შორის, ამ ქუჩის 86 ნომერში მდებარეობს კაფე "გრეკო", რომელსაც თავის დროზე სტუმრობდნენ შილერი, სტენდალი, გოეთე და სხვა ცნობილი პიროვნებები.



თუ ესპანეთის მოედნიდან via del Babuino-ს გაუყვებით, მიადგებით პოპოლოს მოედანს - Piazza del Popolo, - იგივე "სახალხო მოედანს", რომელიც რომის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა.




მოედნის ცენტრში აღმართულია ობელისკი. ის ეგვიპტიდან ჩამოიტანეს ჩვ. წელთაღრიცხვით 10 წელს, მისი ასაკი კი დაახლოებით 3500 წელია!


მოედანზე ბევრი ღირსშესანიშნაობაა. ერთმანეთის გვერდით დგას XVII საუკუნის ორი ეკლესია: სანტა-მარია-დეი-მირაკოლი და სანტა-მარია-ინ-მონტესანტო:



აქვეა ბაზილიკა სანტა-მარია-დელ-პოპოლო. ის 1099 წელს ააგეს, 1472 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარეს.



მოედანზე იხილავთ "პოპოლოს კარიბჭეს" - Porta del Popolo.



აქედან იწყება Via Flaminia, რომლის გავლითაც რომაელთა ლეგიონები ჩრდილოეთის ხალხების დასაპყრობად მიდიოდნენ.


მოედანზე მდებარეობს ლომების შადრევანი, ნეპტუნის შადრევანი და რომის ქალღმერთის შადრევანი. მოედნის პარაპეტზე სფინქსის ქანდაკებასაც იხილავთ.



დავბრუნდეთ ესპანეთის მოედანზე. თუ მოედნიდან მარცხნივ წახვალთ, მიადგებით მოედანს Piazza Mignanelli, მარჯვნივ შეუხვევთ და მშვენიერ via Frattina-ს ბოლომდე გაუყვებით.



გადაკვეთეთ via del Corso და აღმოჩნდებით მოედანზე Piazza San Lorenzo in Lucina. აქ შეგიძლიათ კაფე Ciampini-ში ყავა დალიოთ, ყავა ან სხვა რამე მიირთვათ. გთავაზობთ, საუკეთესო რომაული ნაყინი იყიდოთ და გზა განაგრძოთ (თუ კაფეში დაჯდებით და ისე შეუკვეთთ, უფრო ძვირი დაგიჯდებათ).



ახლა via di Campo Marzio-ზე გაისეირნეთ. ეს ძველი რომის ერთ-ერთი უძველესი ნაწილია.



პირდაპირ იარეთ, არსად გადაუხვიოთ და პანთეონთან მიხვალთ, რომელიც ჯერ კიდევ 126 წელს არის აგებული იმპერატორ ადრიანეს დროს.



პანთეონის წინ აღმართულია ფარაონ რამზეს II-ის ობელისკი და შადრევანი.



პანთეონში შესვლა უფასოა. შედით, არ ინანებთ.


დეტალურად პანთეონის შესახებ =>>


პანთეონიდან ფეხით სამი წუთის სავალზეა ნავონას მოედანი (Piazza Navona). გირჩევთ, არ გამოტოვოთ რომის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი.



ნავონას მოედანი ძველთაგანვე იყო რომაელთა შეჯიბრებების, ბაზრობებისა და დასვენების ადგილი. აქ მრავალი ღირსშესანიშნაობაა: სამი შადრევანი - "ოთხი (ნილოსის, განგის, დუნაისა და ლაპლატეს) მდინარის" (არქიტექტორი ჯოვანი ბერნინი), "ნეპტუნისა" და "მავრის", ოთხი სასახლე - Palazzo de Cupis (აგებულია 1520 წელს), Palazzo Torres Lancelotti (აგებულია 1552 წელს), Palazzo Pamphili (აგებულია 1650 წელს), Palazzo Braschi (აგებულია 1792 წელს), ეკლესია "სანტა მარია დელ საკრო კოურე" და წმინდა აგნესას ეკლესია:



ნავონას მოედნიდან გაუყევით via del Governo Vecchio-ს - სიმპათიურ მოკირწყლულ ქუჩას, რომელზეც ბევრი ბუტიკი, ვინტაჟური მაღაზია და კაფეა.



ამ ქუჩის დასაწყისში მდებარეობს პასკვინოს მოედანი (Piazza di Pasquino). იქ კარგი ბარია, სახელწოდებით "Cul de Sac", რომელშიც შეგიძლიათ წაიხემსოთ, თუ ჯერ არ გისადილიათ.


ახლა გადადით ქუჩაზე via dei Banchi Nuovi, გადადით წმინდა ანგელოზის ხიდზე და მიდით წმინდა ანგელოზის ციხეკოშკთან (Castel Sant’Angelo):



ამ ციხეკოშკს ადრიანეს მავზოლეუმსაც უწოდებენ (Mausoleum of Hadrian). ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია რომში. მას საფუძველი ჯერ კიდევ 135 წელს ჩაეყარა იმპერატორ პუბლიუს ადრიანეს დროს. საუკუნეების განმავლობაში ის იყო საძვალე, თავდაცვითი ნაგებობა, რომის პაპების რეზიდენცია, ციხე, ახლა კი სამხედრო ისტორიული მუზეუმი (Museo Nazionale di Castel Sant’Angelo) და საოცარი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს რომში ჩასულმა ყველა ტურისტმა.


ცილინდრულ ნაგებობას გარშემო კედლები აქვს შემოტყმული. ამ კვადრატის თითოეულ კუთხეში მრგვალი კოშკია აღმართული. მათ მოციქულთა სახელები ჰქვია: წმინდა იოანე, წმინდა ლუკა, წმინდა მათე და წმინდა მარკოზი. აი, როგორ გამოიყურება შენობა ზემოდან:



მის თავზე აღმართულია მიქაელ მთვარანგელოზის ბრინჯაოს ქანდაკება:



ხიდზე განთავსებული ათი ანგელოზის ქანდაკების ავტორი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი ბერნინია.


ციხეკოშკის სახელწოდება ლეგენდას უკავშირდება: 590 წელს რომის პაპს, გრიგორიუს დიდს, გაგანია შავი ჭირის ეპიდემიის დროს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა, რომელმაც ხმალი ქარქაშში ჩადო, რაც საშინელი დაავადების დასასრულის ნიშანი იყო.


კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, ბეატრიჩე ჩენჩის, 16 წლის ქალიშვილს, სიკვდილი მიუსაჯეს მამის მკვლელობის გამო, რომელიც მას სასტიკად ექცეოდა, და 1599 წლის 11 სექტემბერს თავი მოჰკვეთეს მოედანზე, ციხეკოშკის წინ. ყოველი წლის 11 სექტემბრის ღამეს აქ მისი აჩრდილი დადის.


მუზეუმში დასათვალიერებელიც ბევრია: ბიბლიოთეკა, სამხედრო არსენალი, სამლოცველო, დარბაზები, გალერეები, ფრესკები და სხვ.


შესვლა ფასიანია და 15 ევრო ღირს.


ამის შემდეგ გაისეირნეთ წმინდა პეტრეს მოედანზე და შეიარეთ წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც იმ ადგილას არის აღმართული, სადაც პეტრე მოციქული აწამეს. ტაძარში შესვლა უფასოა.




დეტალურად წმინდა პეტრეს ტაძრის შესახებ =>>


თქვენ ახლა ვატიკანის ტერიტორიაზე იმყოფებით. აქ იმდენი ღირსშესანიშნაობაა, რომ მათ დასათვალიერებლად ერთი დღეც კი არ გეყოფათ (ვატიკანის მუზეუმები, ბელვედერის სასახლე, სიქსტეს კაპელა, ვატიკანის ბაღები, ვატიკანის ბიბლიოთეკა, ვატიკანის პინაკოთეკა, რაფაელის დარბაზები და ლოჯიები და სხვ.)


დეტალურად ვატიკანის შესახებ =>>


დაბრუნდით წმინდა ანგელოზის ციხეკოშკთან და ამჯერად via Giulia-ს გაუყევით. მიდით თაღამდე, რომელზეც ვაზია ჩამოკიდებული. ეს საფრანგეთის საელჩოს (იგივე ფარნეზეს სასახლის) შენობის უკანა ფასადია. შეუხვიეთ მარცხნივ, გასცდით საელჩოს კედლებს და ფარნეზეს მოედანზე აღმოჩნდებით:



ფარნეზეს მოედნიდან გაემართეთ კამპო დეი ფიორისკენ. ეს ისტორიული მოედანია, რომელზეც ოდესღაც საჯაროდ სჯიდნენ სიკვდილით ხალხს. სწორედ აქ დაწვეს კოცონზე ჯორდანო ბრუნო 1600 წელს. სწორედ მის პატივსაცემად დგას მოედანზე მისი ქანდაკება 1889 წლიდან.



ახლა via dei Giubbonari-ით ლარგო დი ტორე არჯენტინას მოედნისკენ გაისეირნეთ. აქ ოთხი ძველი ტაძრის ნანგრევებსა და იმ ადგილს იხილავთ, სადაც იულიუს კეისარი მოკლეს.



აქედან Via delle Botteghe Oscure-ს ქუჩით ვენეციის მოედანზე მოხვდებით.



ვენეციის მოედანზე რომის მთავარი ქუჩები იყრის თავს: კორსო - დედაქალაქის სავაჭრო არტერია, 4 ნოემბრის, პლებისციტის, ვიქტორ ემანუელის პროსპექტი (წმინდა პეტრეს ტაძრისკენ), ფორი იმპერიალი (რომის ფორუმის გავლით კოლოსეუმამდე). ვენეციის მოედანზე გამოვყოფთ ვენეციის სასახლეს, რომლის ნაწილიცაა ბაზილიკა სან-მარკო (IV საუკუნის ფრესკებით):



ამჟამად აქ განთავსებულია დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი და ჩერეს მუზეუმი - ცვილის ფიგურების ექსპოზიცია.


აქვეა ბონაპარტეს სასახლე. ის 1818 წელს შეისყიდა ნაპოლეონ ბონაპარტეს დედამ.



უნდა ავღნიშნოთ, აგრეთვე, აფინეუმი - II საუკუნის აკადემია, რომლის ნანგრევებიც 2009 წელს აღმოაჩინეს მეტროპოლიტენის ხაზის გაყვანისას, და 38 მეტრი სიმაღლის ტრაიანეს სვეტი, რომელიც 113 წელს შეიქმნა დაკებზე იმპერატორ ტრაიანეს გამარჯვების აღსანიშნავად.


მოედნის პირდაპირ, შემაღლებულ ადგილზე, დაინახავთ გაერთიანებული იტალიის პირველი მეფის, ლეგენდარული ვიტორიო ემანუელ II-ის ძეგლსა და მისთვის მიძღვნილ არქიტექტურულ კომპლექსს - ვიტორიანოს, იგივე "მამულის საკურთხეველს". იტალიელებისთვის ის გამარჯვების, ერთგულებისა და თავისუფლების სიმბოლოა.



მასში განთავსებულია მუზეუმი რისორჯიმენტო, რომელიც ეძღვნება იტალიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას XIX საუკუნეში. კომპლექსის სიმაღლე 81 მეტრია. მუშაობს ლიფტი, რომლის წყალობითაც ტურისტებს შეუძლიათ 196 საფეხურის გაუვლელად ავიდნენ გადმოსახედ მოედანზე, საიდანაც ქალაქის მშვენიერი ხედები იშლება.


ვიტორიანოს უკან კაპიტოლიუმის ბორცვია. ის ერთ-ერთია იმ შვიდ ბორცვთაგან, რომლებზეც ძველი რომი შეიქმნა. მასზე კაპიტოლიუმის ტაძარი მდებარეობდა. იქ სენატის სხდომები და სახალხო შეკრებები იმართებოდა.



ახლა აქ მდებარეობს კაპიტოლიუმის მუზეუმი, რომელიც სამი სასახლისგან შედგება: კონსერვატორების, სენატორებისა და ახალი სასახლე. ტრაპეციის ფორმის კაპიტოლიუმის მოედნის ცენტრში აღმართული ცხენზე ამხედრებული რომის იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის, ქანდაკება.



აქ განთავსებული მუზეუმებისა და გამოფენების დასათვალიერებლად ბილეთის შეძენა მოგიწევთ.


ბილეთის ღირებულებაა:

- მოზრდილებისთვის - 15 ევრო;

- 6-25 წლის ახალგაზრდებისთვის - 13 ევრო;

- 6 წლამდე ბავშვებისთვის - შესვლა უფასოა.


დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და ბილეთების ონლაინ-რეჟიმში შესაძენად ეწვიეთ კაპიტოლიუმის მუზეუმების ოფიციალურ საიტს: http://www.museicapitolini.org/en.


კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობს, აგრეთვე ბაზილიკა სანტა-მარია-ინ-არაჩელი, რომელშიც იხილავთ ღვთისმშობლის X საუკუნის ხატს, წმინდა ელენეს წმინდა ნაწილებსა და ყრმა იესოს ქანდაკებას (ამბობენ, რომ მას სამკურნალო თვისებები გააჩნია). ბაზილიკაში შესვლა უფასოა.



ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ მამერტინოს ციხე (Carcere Mamertino), რომელიც წმინდა იოსების ეკლესიის ქვეშ არის განთავსებული. ლეგენდის თანახმად, აქ გაატარეს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მოციქულებმა პეტრემ და პავლემ, სანამ მათ სიკვდილით დასჯიდნენ. შესვლა უფასოა.



თუ მოედნის ბოლოში მიხვალთ, ზემოდან დახედავთ რომის ფორუმს:



დეტალურად რომის ფორუმის შესახებ =>>


დაეშვით ამ ბორცვიდან, მარცხნივ შეუხვიეთ და აღმოჩნდებით ქუჩაზე via Fori Imperliali. აქედან კოლოსეუმს დაინახავთ.



თუკი დრო არ გაქვთ, რომ ის შიგნიდან დაათვალიეროთ, შეგიძლიათ მისი დიდებულებით გარედან დატკბეთ.


დეტალურად კოლოსეუმის შესახებ =>>


დაბრუნდით ვენეციის მოედანზე და მარჯვნივ შეუხვიეთ via IV Novembre-ზე, გაუყევით მას, ახლა მარცხნივ შეუხვიეთ via della Pilotta-ზე და ტრევის შადრევანთან აღმოჩნდებით.



შეგიძლიათ ზურგშექცევით დადგეთ, თვალები დახუჭოთ და მონეტა მარჯვენა ხელით მარცხენა მხარზემოდან წყალში გადააგდოთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში რომში აუცილებლად დაბრუნდებით.


დეტალურად ტრევის შადრევნის შესახებ =>>


აქედან ფეხით ხუთი წუთის სავალზეა ბარბერინის მოედანი, საიდანაც დილით თქვენი ექსკურსია დაიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ რომის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება ერთ დღეში მოახერხეთ.













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!