უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის სახელმწიფო ოპერა

ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. აქ შეგიძლიათ დატკბეთ უმაღლესი დონის მრავალფეროვნებით, ვინაიდან სახელგანთქმული სცენა ყოველდღიურად მიმზიდველ პროგრამას გთავაზობთ. წელიწადში 300 დღის განმავლობაში 60 სხვადასხვა საოპერო და საბალეტო წარმოდგენა იმართება. ვენის ოპერის თეატრში გამოდიოდნენ და გამოდიან მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მომღერლები, შემსრულებლები და დირიჟორები. ყოველ წელს პროგრამას 4-5 პრემიერა ემატება, ბავშვებისთვის რეგულარულად აწყობენ საოპერო საღამოებს.



ვენის ოპერა სათავეს XVII საუკუნიდან იღებს, მაგრამ წარმოდგენები სხვადასხვა თეატრებში იმართებოდა. იმპერატორ ფრანს იოზეფის ბრძანებით, 1863 წელს დაიწყო და 1869 წელს დასრულდა ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის - შტაატსოპერის - მშენებლობა (არქიტექტორები აუგუსტ სიკარდ ფონ სიკარდსბურგი და ედუარდ ვან დერ ნიული). გახსნა შედგა 1869 წლის 25 მაისს, მოცარტის "დონ ჟუანით". ასე რომ, ის უკვე 150 წლისაა.



თუ ოპერა, ინტერიერი და არქიტექტურა გიყვართ, ეს შენობა თქვენს გემოვნებას უთუოდ დააკმაყოფილებს.


აღსანიშნავია, რომ II მსოფლიო ომის დროს, 1945 წელს, ვენის ოპერის თეატრი დაბომბვების შედეგად ნაწილობრივ დაინგრა. ის 1955 წელს აღადგინეს.


წელიწადში ერთხელ, უფრო ხშირად თებერვალში, სახელმწიფო ოპერის სცენა და პარკეტი, თითქოს რაღაც ჯადოსნობით, ერთი ღამით უზარმაზარ სამეჯლისო დარბაზად გადაიქცევა - აქ ვენის საოპერო მეჯლისი იმართება. ავსტრიის პრეზიდენტის თანდასწრებით ამ მეჯლისთა მეჯლისს საღამოს გრძელ კაბებსა და ფრაკებში გამოწყობილი 100-ზე მეტი დებიუტანტის წყვილი ხსნის. ამ ღონისძიებაზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთი 200 ევრო ღირს.



აპრილში, მაისში, ივნისსა და სექტემბერში ჰერბერტ ფონ კარაიანის მოედანზე, ოპერის წინ, 50 კვადრატულ მეტრ ეკრანზე ცოცხალი შესრულებით იხილეთ 80-მდე საოპერო და საბალეტო წარმოდგენა - სრულიად უფასოდ.



თუ მხოლოდ შენობის შიგნიდან დათვალიერება გსურთ, ყოველდღიურად იმართება 40-წუთიანი ექსკურსია გიდის თანხლებით14 საათზე (მოზრდილებისთვის - 13 ევრო, პენსიონერებისთვის 65 წელს ზემოთ - 9 ევრო, 6 წელზე უფროსი ბავშვებისა და 27 წლამდე სტუდნტებისთვის - 7 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის ექსკურსია უფასოა).


აი, ასე გამოიყურება ფოიე:



მთავარი შიგა კიბე:



დერეფნები:



დარბაზი:




ვენის ოპერაში არის 1300 მეტი დასაჯდომი და 435 დასადგომი ადგილი.


სახელმწიფო ოპერის მისამართია: მეტროს სადგური Karlsplatz, U1, U2 და U4 ხაზების გადაკვეთაზე.


დასაჯდომი ბილეთების ღირებულება 10-240 ევროა. ეს C კატეგორიის ბილეთია. არსებობს გაცილებით ძვირი A (ახალი დადგმები მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით) და B კატეგორიის ბილეთებიც. დასადგომი ბილეთები სპექტაკლის დაწყებამდე 80 წუთით ადრე იყიდება და მათი ფასი 13-18 ევროა, BundestheaterCard-ის მფლობელებისთვის - 4-5 ევრო.


შეღავათების, ფასდაკლების, აფიშისა და სხვა დეტალების გასაგებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.wiener-staatsoper.at.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!