მუსიკალური ინსტრუმენტები


მუსიკალური ინსტრუმენტი–მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურული ცხოვრების დაწყებასთან ერთად. არსებობს ფორმით, ზომით და ხმის სიმძლავრით განსხვავებული საკრავები. ფორმით ყველაზე დიდი ხემიანი საკრავი–კონტრაბასია. მას იყენებენ  საორკესტრო ჟღერადობის ინსტრუმენტად. ხის ჩასაბერ საკრავთა შორის ყველაზე მოძრავი და საშემსრულებლო ტექნიკის მდიდარი შესაძლებლობების მქონეა ფლეიტა. ,,ფლატუს” ნიშნავს ქროლვას. საოპერო ორკესტრში ფლეიტა პირველად შეიყვანა ჟ.ლიულიმ. ფლეიტის თემები გამოირჩევა მელოდიურობით, გრაციოზული მოქნილობით, ნაზი ჟღერადი ტემბრით.
არ შეიძლება არ გამოვყოთ გიტარა. ეს არის სიმებიანი საკრავი მისი სამშობლო ცნობილი არ არის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველად საბერძნეთში წარმოიშვა, თუმცა შემდეგ ესპანეთში გავრცელდა ყველაზე ფართოდ. ესპანეთიდან ის მთელ ევროპაში ხოლო საბოლოოდ ამერიკაშიც კი გახდა პოპულარული. დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკრავია. მას უკრავენ თითებით ან მედიატორის საშუალებით. გამოიყოფა გიტარის ორი ოჯახი: ელექტრო და აკუსტიკური.
სხვა საკრავებთან შედარებით ყველაზე გვიანდელი არის კლარნეტი, ის ყველაზე ახლოს დგას ადამიანის ხმასთან. კლარნეტს ორკესტრის საკრავებს შორის გამომსახველობითი ფართო დიაპაზონი აქვს და იგი გამოსადეგია პოეტური გრძნობების გამოსახატავად. ეს საკრავი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ერთადერთია ჩასაბერ საკრავებს შორის, რასაც შეუძლია თანდათანობით გააძლიეროს ან შეასუსტოს ხმოვანება. ცნობილია კლარნეტის ორი ნაირსახეობა: მცირე ზომის ეს კლარნეტი, ხოლო მეორე ბას კლარნეტი. ისინი სრულიად განსხვავდებიან ტემბრითა და ჟღერადობით.
არფა უძველესი საკრავია. გავრცელებული იყო ეგვიპტეში, ფინიკიაში, საბერძნეთში, რომსა და ბიზანტიაში. ჰენდელი იყო პირველი, ვინც არფა საოპერო საკრავად გამოიყენა. მას ფორტეპიანოს მსგავსად, აქვს სრული დიაპაზონი  და მასზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის ჟღერადობის გამოწვევა. მას 47 სიმი აქვს და ამასთან ერთად გამოირჩევა ნაზი ჟღერადობით. ეს საკრავი ორკესტრში პირველად შემოიტანა ბერლიოზმა. არფა ირლანდიის ემბლემად არის აღიარებული.
ძველ ეგვიპტეში, ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომსა და ბიზანტიაში საყვირი გამოიყენებოდა საზეიმო რიტუალებზე, სამხედრო პარადების და ბრძოლის პროცესების დროს. სანამ საყვირი ორკესტრის შემადგენლობაში შევიდოდა, იგი ფხიზელი მესაყვირის ინსტრუმენტად ითვლებოდა. XIX საუკუნიდან დღემდე საყვირი უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრში.
ვიოლინო–”ორკესტრის დედოფალი,” ყველაზე გავრცელებულია სიმებიან საკრავებს შორის. ვიოლინოს ორკესტრში ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო როლი აკისრია, მას ევალება უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესრულება. ვიოლინო ორ ჯგუფად იყოფა. პირველი ვიოლინოები მეტი სირთულით გამოირჩევა, ხოლო მეორე ვიოლინოები აორმაგებენ პირველი ვიოლინოების ჟღერადობას, ხან კი მათი თანმხლებები არიან. ვიოლინო 4 სიმისგან შედგება, მათი სახელებია: სოლ, რე, ლა, მი.
ორგანი-ეს საკრავი გამოირჩევა სხვა დანარჩენ საკრავებს შორის იმით, რომ მას შეუძლია სხვა ყველა საკრავის ტემბრის მიმსგავსება, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება სიმებიანი თუ ჩასაბერი. ამის გამო მას უწოდებენ მუსიკალური საკრავების მეფეს.
ტრომბონი-ეს საკრავი გამოირჩევა დაბალი რეგისტრით და მძიმე ტემბრით. ტექნიკური თვალსაზრისით მასზე უფრო რთული მხოლოდ საყვირია.
ტუბა-მიეკუთვნება სასულე საკრავებს და მათ შორის ის ყველაზე უფრო დაბალხმოვანია.
ფანდური-განეკუთვნება სიმებიან საკრავთა ჯგუფს, ის შედგება სამი სიმისაგან. მას ასევე ,,ჩამოკვრით საკრავს” უწოდებენ, რადგან სიმებზე თითების ჩამოკვრით გამოსცემს ხმას. მას საცეკვაო მუსიკაშიც იყენებენ.
ჩონგური-ფანდურის მსგავსად ესეც სიმებიან საკრავებს მიეკუთვნება. ის ოთხი სიმისგან შედგება, ჩამოკვრის გარდა შესაძლებელია სიმის მოზიდვა და ამოკვრა.
გუდასტვირი-ეს არის საკმაოდ რთული აგებულების ჩასაბერი საკრავია. ის შედგება გუდის და მასში ჩადგმული ორი სტვირისგან. გუდა მზადდება ან ცხვრის ან თხის ტყავისგან. საქართველოში გავრცელებულია ქართლული, რაჭული, აჭარული, მესხური და ფშავური გუდასტვირი.

No comments:

Post a Comment