Friday, March 27, 2015

ვაზის ისტორია

არ გაუვლია ქართულ მიწაზე უცხოელ მოგზაურს, რომ ქართული ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებითა და დიდებით არ მოეხსენებინოს იგი. ეს განცვიფრება იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი ვაზი უძველესია მსოფლიოში. ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართული ერისათვის იგი მისი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაში, ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს სისხლთან ასოცირდება. ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანების ლეგენდაშიც. წმინდა ნინომ ვაზისაგან შეკრული ჯვრით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. ვაზის ჯვრად ქცევა ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს „ვაზის ჯვრის კულტი“. ვაზს მიეძღვნა არაერთი საგალობელი, მათ შორის კი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის შვილის დემეტრე უფლისწულის საგალობელი „შენხარ ვენახი“ , რომელიც ღვთისმშობელს უძღვნა. მრავლად გვხვდება ვაზის ორნამენტები ეკლესია მონასტრებში. ასე, რომ ვაზისა და ქართველი კაცის ურთიერთობა ღვთივ კურთხეულია. საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული.

საქართველო ლეგენდების ქვეყანაა, ერთერთი ყველაზე ძველი და საინტერესო ქართული ლეგენდის მიხედვით ღვინის შექმნას ქართველები მამა ღმერთს უკავშირებენ: ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა. მრავალი ადგილი შეარჩია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ისეთ ადგილზე გააკეთა სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები, ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა. როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა, როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით მოსასმენია, როდასაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება, უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ადამიანი ემსგავსება ღორს, თუ რატომ, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.
ძველი საქართველოს ეკონომიკაში, მეტადრე სასოფლო მეურნეობაში, მევენახეობა–მეღვინეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დარგის უაღრესობა ქართველი ერის ყოფაცხოვრებისა და ქონებრივი კეითილდღეობისათვის იმ საგულისხმო გარემოებიდანაც ჩანს, რომ მიწა–წყლის ორ მთავარ გეოგაფიულ და ბოტანიკურ–აგრონომიულ ნაწილად, მთად და ბარად გაყოფა, სწორედ მევენახეობის გავრცელების თვალსაზრისზე იყო დამყარებული. სადამდეც მევენახოება შესაძლებელი იყო იქამდე ქვეყნის ეს ნაწილი ბარად ითვლებოდა, საიდანაც ვაზის მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, იქედან მოყოლებული უკვე მთად იყო მიჩნეული.
ყურძნის მომსხმელ ხეს თანამედროვე ქართულშიც და ძველადაც ვაზი ეწოდებოდა. თუმცა მეთერთმეტე–მეთორმეტე საუკუნეებში უკვე ამ სიტყვას მნიშვნელობა შეცვლილი აქვს და ვაზებით დარგული ბაღის აღმნიშვნელი გამხდარა.
სასოფლო მეურნეობის ყველა სხვა დარგისგან მევენახეობა იმით განსხვავდება, რომ მის საგანს და მთელ საზრუნავს ერთადერთი მცენარე, ვაზი შეადგენს. ეს გარემოება ვაზის კულტურის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობითა და მისი სირთულით აიხსნება. ვაზს დიდი მოვლა ჭირდება, რადგან მოუვლელად იგი სწრაფად გაველურდება და ნაყოფიერებასაც მოიკლებს, თუმცა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ვაზის მოვლის წესი შემუშავდა, მაგრამ მევენახეს ამ წესის ცოდნასთან ერთად, თვითონაც უნდა შეძლებოდა დაკვირვება მოეხდინა.
ვაზისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მარგებელი გასხლვა იყო. გასხლვის დროს ემჩნეოდა ვაზს, სახელდობრ, რამდენად მას ლერწამს ჩამოაცლიდნენ, იმდენად მისი ნაყოფიერება მატულობდა. ვაზისათვის გასხლვის უაღრესი მნიშვნელობა იმდენად ღრმად ჰქონდათ საბერძნეთში შეგნებული, რომ გასხლვის დღესასწაულიც კი იყო დაწესებული, რომელსაც ყოველ წლივ იხდიდნენ. ვაზის გასხლვა ადვილი საქმე არ არის, მას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, მევენახემ უნდა იცოდეს ვაზის რომელი რქები და სად, ან რა დროს უნდა მოჭრას. კახეთში ვაზს დარისდა მიხედვით, შემოდგომაზეც სხლავდნენ და გაზაფხულზეც, ასევე იქცეოდნენ ქართლშიც, იმერეთსიც. ლეჩხუმში მხოლოდ გაზაფხულზე სხლავდნენ, გურიასა და სამეგრელოში უფრო ხსირად გაზაფხულზე, მაგრამ ზოგჯერ შემოდგომაზეც სხლავდნენ. ვაზის მოჭრილ რქას ქართულად მეორე სახელიც ჰქონდა და აქვს ეხლაც, ეს არის წალამი. რაკი გასხლვის მიზანი ვაზის ნაყოფიერების გაძლიერება იყო, ამიტომ გამსხვლელს, უპირველესად ის უნდა სცოდნოდა, თუ რომელ რქას რა დანიშნულება აქვს. ვაზის გასასხლავად საქართველოში განსაკუთრებულ მჭრელ იარაღს ხმარობდნენ, რომელსაც სხვადასხვა თემში სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ. კახეთში სასხლავად ნამგლის მაგვარი დანა იყო გავრცელებული, რომელსაც სავაზე ეწოდებოდა, იმერეთშიც ნამგალს ხმარობდნენ და მას სასხლავი ეწოდებოდა, ზოგგან მას წალდით სხლავდნენ მაგალითად ქართლში, გურიაში კი მხოლოდ წალდით სხლავდნენ, ამასვე ხმარობდნენ სამეგრელოშიც სადაც წალდს ბურჭული ეწოდებოდა. ვაზის რქების დანეკვა სამამულედ და საყურძნედ დატოვება საქართველოში ევროპული მევენახეობის გავლენამდე სცოდნიათ. არც ერთი ტერმინი, რომელიც სხლვასთან არის დაკავშირებული უცხო ენიდან შეთვისებული არ არის, როგორც თვით სხლვა, ისე მოსაჭრელი იარაღისა და რქების სახელები: სასხლავა, წალდი, სავაზე, სამამულე, ანუ საწინაო რქა, საკავებელი, საყურძნე რქა და გაბმულა, ნეკი, ყველა ნამდვილი ქართული სიტყვებია. ვაზის მოვლა მარტო ასარვით, გასხლვითა და დაკავებით ანდა შეყელვით ან შეკონით არ მთავრდება. გადაუდებელ სასწრაფო სამუშაოთა შორის რომელიც მევენახეობაში უნდა გაკეთებულიყო გიორგი მთაწმინდელი აჯოჯვასაც ასახელებს. ეს არის ზედმეტი ტოტების მოცლა. და მას როგორც საბა აღწერს ფურჩქნას ანდა ანდა ვაზის, ვენახის გაფურჩქვნას ეძახიან. ვაზის ნაყოფს მაშინაც ყურძენი ეწოდებოდა და ეხლაც. ვაზის ნაყოფი ყურძენი როგორც ცნობილია მრავალი ცალკეული, მაგრამ ერთად შეკრული ნაწილისაგან შედგება. ამ ნაყოფს მთლიანად განსაკუთრებული სახელი ქვია მტევანი. ყურძნის მტევნის აღსანიშნავად არსებობს თავთავისი სახელები. ყურძნის ღეროს კლერტი ეწოდება ან და ბურძღენი. საბას უთქვამს:“ბურძღენი ყურძნის კლერტია და კლერტი ყურძნის ღეროაო“. ანუ ყურძნის მთავარ ღეროს კლერტი მის ტოტებს კი ბურძღენი ეწოდება.
მტევანს ბურძღენებზე ორ–ორი, ზოგჯერ სამი მარცვალი ასხია ხოლმე, ასეთ რამდენიმე მარცვლის შემცველ ბურძღენსაც თავისი სახელი ჰქონდა და კაფხალი ეწოდებოდა.
ვაზი შეიძლება ღონიერი გამომდგარიყო და დიდი ტანი აეყარა, შესაძლებელია სუსტიც აღმოჩენილიყო და პატარა ტანის ბუჩქად დამდგარიყო.სუსტ ვაზს ეწოდებოდა ვენახი უძლური, ტან დაბალ ვაზს ვენახი კნინი, სიდიდითა და სახედავად ღონიერს კი ვენახი ძლიერი.
ვაზის ჯიშები ერთმანეთისგან განირჩევიან მტევნის მოყვანილობით და სიდიდით. არსებობენ ისეთი ჯიშები, რომელთაც დიდი მტევნები აქვთ ანუ დიდტევნიანია ან მტევანდიდია. ისევე როგორც პატარა მტევნიანებიც მოიპოვება. ასევე ჯიშები განირჩევიან მტევნის სიგრძით, ზოგი გრძელტევნიანია ზოგი, ზოგს მოკლე ან საშუალო მტევანი აქვს. მტევანს კლერტზე აქეთ იქით ბურძღები აქვს. ზოგიერთ ყურძენს, რომელთაც ბურძღები ჩვეულებრივზე გრძელი აქვთ ქართველმა მევენახემ მხარგძელი უწოდა. ყურძნის ჯიშებრივი განსხვავება შეიძლება მტევნის აგებულებით. ზოგიერთ ჯიშს ბურძღები შორიშორს აქვს და ამის გამო მტევანიც გაფარჩხულის შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ ქართველმა მევენახემ მას ფარჩხატი და თხელი უწოდა. ზოგს კი ბურძღნებიც და მარცვლებიც მჭიდროდ ასხია და მარცვალი ზედმიკრულის შთაბეჭდილებას ახდენს, ასეთი ჯიშისთვის ხალხს კუმსი კუმში, კუმუშა და ჯუმუტა უწოდებია. ყურძნის ჯიშები ასევე განირჩევიან მარცვლის მოყვანილობით. სულხას–საბას ჰქონდა აღნიშნული, რომ „ბუდუშაური ყურძენი“ მოგრძომარცვლიანი იყო. ძველად ყურძნის მარცვლის ორ სახეს არჩევდნენ რვალსა და მოგრძოს, აქედან გამომდინარე არსებობდა ორი ჯიში მარცვალ მოგრძო და მრგვალმარცვლიანი. ცყურძნის ჯიშები ადრეც და ეხლა შეიძლება გამოვარჩიოთ კანის თვისებით, თხლაფი–თხელკანიანია, ხოლო კაკნატელა–სქელკანიანს ნიშნავს და ასევე ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი განმასხვავებელი არის და იყო ყურძნის ფერი

No comments:

Post a Comment