ღრუბლებს ზემოთ, ბახმაროში







                 

  კურორტი ბახმარო გურიაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს . იქ  მთის მშრალ ჰაერს ერთვის ზღვის ნოტიო ჰავა და ჯამში სასიამოვნო და სამკურნალო ნაზავი იქმნება. მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, ულტრაიისფერი სხივები, დაბალი წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის ჰავა ახდენს გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე.   ბახმარო შესანიშნავი ადგილია, როგორც სამკურნალოდ, ასევე დასასვენებლად.

  არსებობს ლეგენდა, თუ როგორ წარმოიშვა სახელწოდება ბახმარო, რომლის მიხედვითაც ულამაზესი თავადის ქალი მარო თურქებმა გაიტაცეს, მდევარადევნებულმა თურქებმა კი ქალი ხანჯლით მოკლეს, იქვე დატოვეს და ქვაზე დააწერეს "ბახ მარო" , რაც ითარგმნება, როგორც "აი თქვენი მარო".   უშუალოდ ბახმაროს მიდამოების აღმოჩენის ისტორია გურულ მწყემსებს უკავშირდებათ, რომლებიც ამ ტერიტორიებს საძოვრებად იყენებდნენ, მოგვიანებით კი პატარა ხის სახლების მშენებლობა და ოჯახების ამოყვანა დაიწყეს. ბახმარო კურორტად 1923 წლიდან გამოცხადდა და  მას შემდეგ ყოველწლიურად მატულობს, როგორც დამსვენებელთა, ასევე ახალი კოტეჯების  რიცხვი.

  მთის კურორტების მოყვარულთ ბახმარო სთავაზობს  ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებს, შესანიშნავ ჰავას, რომელიც ადგილობრივის გარდა ზღვიდან მონაბერი თბილი ჰაერით არის გაჯერებული, სამკურნალო წყლებს და რა თქმა უნდა ულამაზეს ბუნებას. უეცრად ჩამოწოლილი ნისლი, რომელმაც შესაძლოა 2 მეტრშიც კი შეუძლებელი გახადოს ხილვადობა, საოცარ სანახაობას ქმნის. დამსვენებლებლები ხშირად დადიან ლაშქრობებზე, მაგალითად მზის ჩასვლისა და ამოსვლის გორებზე, ობოლი ქვაზე, სილამაზის წყაროზე, ფიქრის გორასა თუ ფოთლოვანი ტყეში, თითოეული მათგანი განსხვავებულ სანახაობას პირდება მნახველებს. თოვლს მონატრებულ დამსვენებელს აქ აგვისტოს თვეშიც  შეუძლია იხილოს და შეეხოს კიდეც მას, თუ რა თქმა უნდა 7-8 მთის გადავლა უღირს ამ სიამოვნებად. კურორტზე 1997 წელს დასრულდა სრულიად ხის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ფერისცვალობის სახელობისაა, იქ ყოველ ზახულს აღევლნება მსახურება.

  სააგარაკო სეზონი ბახმაროში ივნისის თვეში იწყება და სექტემბრის შუარიცხვებამდე გასტანს.  თუმცა პირველი სტუმრები ბახმაროს მაისის თვეშიც ჰყავს, ძირითადად აჭარლები, რომლებიც ბახმაროს გვერდით სამიოდ მთის იქეთ სახლობენ და ამ ადგილს ზორტიყელს უწოდებენ. ისინი პირველები მოემართებიან კურორტისკენ და ყველაზე ბოლოს ტოვებენ ამ ადგილს. მოჰყავთ ძროხები, ღორები, ცხენები, ქათმები, საჩქაროდ ამუშავებენ მიწას, კარტოფილის მოსავლის აღება რომ მოასწრონ და არ გაუთოვდეთ. ტყეში კრეფენ სხვადასხვა კენკრეულს, ამზადებენ ხის კევებს, რომლებსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ამუშავებენ ხეებს და აკეთებენ ჯოხებს, რომლებსაც იქ ტროსს ეძახიან, ასევე სათამაშო ჯოხს ბავშვებისთვის, საგორიალას,  რომლებიც არცთუ სასიამოვნო ხმას გამოსცემენ და ამ ყველაფრით დატვირთული  აჭარელი ბაბუები თუ 7-8 წლის ბიჭები, იგივე "დოსტები" ცხენზე ამხედრებულები დაატარებენ კურორტზე.
დამსვენებელმა აუცილებლად უნდა გასინჯოს  ყველასათვის ნაცნობი არაჟნის აჭარული შესატყვისი "კაიმაღი", რომელიც აბსოლიტურად ნატურალურად უძველესი ტრადიციის მიხედვით მზადდება.

    შებინდებისას კოცონის დანთებას ბახმაროში ტრადიციული სახე აქვს, დღის განმავლობაში ახალგაზრდები ტყეში დამტვრეულ ნაძვის ტოტებს აგროვებენ, რითაც ერთი მხრივ ასუფთავებენ ტყეს, მეორე მხრივ კი ულამაზეს სანახაობას ქმნიან. კოცონის  გარშემო დამსვენებლები იკრიბებიან და გვიან საღამომდე მიდის საუბარი, სიმღერა, ცეკვა თუ თამაში. ბოლო რამდენიმე წლის  განმავლობაში ბახმაროში კიდევ ერთი ტრადიცია ცდილობს ფეხისმოკიდებას, ყოველ დღე სხვადასხვა ოჯახი ფეიერვერკს უშვებს ცაში, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ეს სანახაობა მართლაც თვალისმომჭრელია, თუმცა გარემოს დაბინძურების კუთხით  ამ ტრადიციის დამკვიდრება  არ არის სასურველი.
 
 
კურორტის უმთავრესი დღესასწაული, დოღი 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე იმართება. ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. ამ დღეს ბახმაროში დიდი სტუმრიანობაა, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მხედრებს თან მაყურებლებიც უხვად მოყვება. დოღში მონაწილეობას იღებს, როგორც სოფლის ასევე სპორტული ცხენები, სხვადასხვა დისტანციაზე გამარჯვებულს კი პრიზები გადაეცემა. ბახვისწყლის გარშემო შეკრებილი მაყურებელი დიდი ვნებათაღელვით  აკვირდება დოღის მიმდინარეობას და აქტიურად გულშემატკივრობს საკუთარ რჩეულს. განსაკუთრებით დიდია მაყურებელთა ემოციები თუ მხედარი გოგოა, ამ შემთხვევაში დამსწრეთა თითქმის სრული შემადგენლობა მის მხარესაა და შეძახილებით ამხნევებენ მას.
დოღის დასრულების შემდეგ ჟრიამული და სასიამოვნო განწყობა მდინარის ნაპირებიდან ოჯახებში გადაინაცვლებს, სამეზბლო ერთად იკრიბება და საერთო სუფრაზე ტრადიციული ქართული ქეიფი იწყება. მეორე დღეს ბახმარო დაცარიელებას იწყებს, ამ დღეს ბევრი დამსვენებელი ტოვებს კურორტს, თვლიან რომ სეზონი უკვე დამთავრად, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით აქ მოსახლეობა სექტემბრის ბოლომდეც კი რჩება.

 
 ბახმაროს ზამთრის კურორტად გარდაქმნაზე უკვე წლებია ლაპარაკია. ავსტრიული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით იქ 7-8 თვის განმავლობაში მუდმივად თოვლია, რაც უდაოდ იძლევა  სათხილამურო ტრასების შექმნის შესაძლებლობას. გასულ ზამთარს კურორტს გერმანელი მოთხილამურეები ეწვივნენ, რომლებიც კურორტის პოტენციალის შესასწავლად ჩავიდნენ იქ. მათ მიერ რამდენიმე  სიტყვით შეფასებული ბახმრო ბევრის მთქმელი აღმოჩნდა, როგორც ჩვენთვის ასევე მსოფლიოსთვის ჩვენი ბახმაროს გასაცნობად, „მარტოხელა, უცნაური და ავთენტური, ამაზე უკეთესს ვერსად ნახავთ" – წერდნენ გერმანელი ტურისტები ბახმაროს შესახებ. იმედია კურორტის განვითარების პროცესები დაჩქარდება და მალე შეძლებს დამსვენებელი ბახმაროს  სასურველ სეზონზე ეწვიოს.


Comments

Popular posts from this blog

ქუჩის მუსიკოსები

როცა ნახევარი რჩები