‍ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი (1862-1916)

ავტორი: ნინო ჩიხლაძე
წყარო: ღვაწლმოსილი ქართველი მანდილოსნები, თბილისი, 1976

sarajishvili ekaterineეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილი წარმომადგენელია ქართველი მრეწველის დავით სარაჯიშვილის იმ დიდი ქართული ოჯახისა, რომლის სახლი განთქმული საკრებულო, მღელვარე ცენტრი იყო ჩვეი ქართული საზოგადოებრივი აზროვნებისა და ეროვნული საქმიანობისა.

მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში სარაჯიშვილის ცნობილ ბრწყინვალე სალონში მრავალი ლიტერატურული ხასიათის შეკრება ეწყობოდა, მრავალ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას ეყრებოდა საფუძველი.

ამ ოჯახში კითხულობდნენ მწერლები თავის ნაწრამოებებს, რომელსაც მოჰყვებოდა კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და, როგორც წესი, ყოველი ლიტერატურული საღამო ვახშმითა და მეჯლისით მთავრდებოდა.

დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინეს ხშირი სტუმრები იყვნენ: ილია, აკაკი, რაფიელ ერისთავი, გრ. ყიფშიძე, იონა მეუნარგია, პეტრე უმიკაშვილი, დავით ერისთავი, ვასო აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, ივანე მაჩაბელი, იაკობ მანსვეტაშვილი; მხატვარი დავით გურამიშვილი, მხატვარი გიგო გაბაშვილი, ნინო ყიფიანი, ანასტასია (ტასო) მაჩაბელი და სხვა.

დავით სარაჯიშვილის ბინაზე ჩატარებულ შეკრებებს და საღამოებს, რომლის დამამშვენებელი და სულის ჩამდგმელი ეკატერინე სარაჯიშვილი იყო, უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მარტო ის რად ღირს, რომ დიდმა მწერალმა და მოაზროვნემ ილია ჭავჭავაძემ თავისი ახლად დამთავრებული პოემა „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“ პირველად ამ ოჯახში წაიკითხა, „განდეგილის“ წაკითხვას, როგორც იმ საღამოს ერთ-ერთი დამსწრეთაგანი – გრ. ყიფშიძე – გადმოგვცემს, დასწრებია ქართველ მწერალთა მოწინავე ჯგუფი.

„მაშინდელი ინტელიგენცია, მოყვარული მწერლობისა, თითქმის სულ აქ იყვნენ, – წერს გრ. ყიფშიძე, – თუ ხსოვნა არ მღალატობს, წარმოდგა ი. მ-ა ცნობილი მოყვარული ქართული მწერლობისა და სთქვა აღტაცებით: მშვენიერია, ილია, მშვენიერი, მხოლოდ პოემაში სურათს ვერ ვხედავთ, თვით განდეგილის სურათს. მის გარეგნობის აღწერას, მის პორტრეტს“.

ეს ეროვნული დაინტერესება იყო მიზეზი, რომ სარაჯიშვილის სახლისკენ ასეთი სიყვარულით და ინტერესით მიისწრაფოდნენ ჩვენი საუკეთესო შვილები.

დიახ, ამ სახლის დარბაზებში მათ ხვდებოდათ დიდი ადამიანური კეთილი გული თვით დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილისა.

ეკატერინე ქართული მწერლობის, მწიგნობრობის, ხელოვნების ღრმა პატივისმცემელი და მფარველი იყო. იგი მუდამ ახლო იდგა ჩვენს ქართულ ეროვნულ საქმიანობასთან, მის ავსა და კარგთან. მამულიშვილობა და მოქალაქეობრიობა, მაღალი პატრიოტული გრძნობა – აი, რას ემსახურებოდა ეს შესანიშნავი ცოლ-ქმარი.

ვინ მოსთვლის რამდენი სასარგებლო საქმე გააკეთეს მათ თავის სამშობლოსათვის, რამდენი ნიჭიერი ადამიანი აღუზარდეს თავის ქვეყანას.

1905 წლის 3 აპრილს, როდესაც დიდი ცერემონიალით გაიხსნა სარაჯიშვილების სასახლე, ამ ოჯახის ახლო მეგობარმა აკაკი წერეთელმა ექსპრომტად მიმართა ღირსეულ ცოლ-ქმარს:

„განგებამ მოგცათ სუყველაფერფი!
ნუ სწუხართ იმას, რომ ხართ უშვილო,
ნუთუ არ კმარა შვილად და ძირად
თქვენთვის სამშობლო და საქართველო“.

ეკატერინე სარაჯიშვილს რომ ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესები ამოქმედებდა. ამას ნამდვილად გვიჩვენებს მხატვარ დავით გურამიშვილისადმი მიწერილი წერილი:

„დიდათ პატივცემულო თავადო, დავით ალექსანდრეს ძევ!

მოგილოცავთ წარსულს დღესასწაულებს, მრავალ ახალ წელიწადს დაგასწროთ ღმერთმა ნი ოჯახით და ვუსურვებ, რომ ამ წელიწადმა მოგვიტანოს მშვიდობა და ჩვენი გატანჯული დაობლებული სამშობლოს აღორძინება. როგორ გგონიათ, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რაც ამოდენა მსხვერპლი შესწირა ამ ომს ჩვენმა პატარა საქართველომ, რომ ღირსეული ჯილდო მიიღოს თავის გარჯისათვის?! უთუოდ უნდა ვეცადოთ, რომ ტყუილად არ ჩაიაროს ამოდენა ჩვენი ხალხის მსხვერპლმა და ხარჯმა. ეს ჩვენი ყველასი მოვალეობა არის, რომ ვცდილობდეთ და ვიფიქროთ ამაზე და მეტადრე ყველაზე პირველად ეს დაწინაურებულის წოდების თავადაზნაურობის მოვალეობაა და რას ფიქრობს წინამძღოლი?!

თქვენი ერთგული ეკ. სარაჯიშვილი“.

ცნობილია, რომ დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1911 წ. 20 ივნისი) მისი მეუღლის მთელი საქმიანობა, როგორიცაა მეურნეობის გაძღოლა (მათ ჰქონდათ კონიაკის, ლიქიორის და არყის საწარმოები თავისი სავაჭრო ქსელით, როგორც თბილისში, სიე ერევანში ბაქოში, კავკაზში, ყიზლარში, ბესარაბიაში და სხვა), ოჯახის მოვლა და სხვა ეკატერინემ იდო თავს. ორმოცდაათ წელს მიღწეული ქალი დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში უძღვებოდა კონიაკის მრეწველობას საქართველოში და ამითაც დაუკავშირდა მისი სახელი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებას.

დავით სარაჯიშვილის სიკვდილმა ძლიერ იმოქმედა ეკატერინეზე, როცა დავითი პანთეონში დაასაფლავეს, ეკატერინემ მეუღლის გვერდით თვითონ გაიმზადა სამარე, ორივე საფლავს ვარდ-ყვავილებით ამკობდა. როცა დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტმა ახალგაზრდა იაკობ ნიკოლაძემ დავითის საფლავის ძეგლის პროექტი შეადგინა და ეკატერინეს წარუდგინა, მან ასე უპასუხა: არა, ჩემს დათიკოს ჩემის ხელით ქვას ვერ დავადებო, ოდეს მოვკვდე, დამკრძალონ მის გვერდით და ორივეს მხოლოდ ერთი ქვა დაგვადგითო.

იმ დროს ჩვენს ქვეყანას სწორედ ისეთი ხასიათის მოღვაწე ესაჭიროებოდა, როგორიც იყო ეკატერინე სარაჯიშვილი. ამ ჭკვიამა და შორსმჭვრეტელმა ქალმა, თავისი ქონება ისე კი არ გაფლანგა, როგორც ჩვენი ბრწყინვალე გვარის ბევრმა შთამომავალმა, არამედ დიდი მომჭირნეობით და დაზოგვით ქონება ქონებას მიუმატა, სიმდიდრეს – სიმდიდრე და თავისი სიკვდილის წინ ქართველ ერს სამი მილიონი ქონება უანდერძა.

ამით ეკატერინე სარაჯიშვილმა დიდად შეუწყო ხელი ქართული ეროვნული კულტურის საქმეს. რასაკვირველია, თვითონ ქართველი საზოგადოებაც არაჩვეულებრივი მადლიერებით შეხვდა ეკატერინეს მიერ გაადდგმულ გონიერ ნაბიჯს. ახმაურდა პრესა. თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთმა დაბეჭდა ე. სარაჯიშვილის ანდერძის შინაარსი.

ანდერძის თანახმად ქონება შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

1. 500 ათასი მანეთი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. გარდა ამისა, ამ საზოგადოებას ეკატერინე ივანეს ასულმა დაუტოვა ათასი მანეთის პროცენტიანი ქაღალდები, რაც მისი ძმის ვასილ ივანეს ძე ფორაქიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1919 წელს გადაეცა ამ საზოგადოებას;

2. 200 ათასი მანეთი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას;

3. 150 ათასი მანეთი ქუთაისის თეატრის ასაშენებლად;

4. 25 ათასი მანეთი დრამატულ საზოგადოებას;

5. 50 ათასი მანეთი თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად;

6. 30 ათასი მანეთი კავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეებს (განურჩევლად ეროვნებისა), სწავლის ქირის გადასახდელად;

7. 25 ათასი მანეთი საქართველოს საეთნოგრაფიო საზოგადოებას, წიგნების გამოსაცემად;

8. 100 ათასი მანეთი თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას;

9. 10 ათასი მანეთი სამიწათმოქმედო სახელოსნოს ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას;

10. 171 ათასი მანეთი სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებს;

11. 5 ათასი მანეთი ფილარმონიის საზოგადოებას;

12. 20 ათასი მანეთი ქართულ სიტყვაკაზმულ მწერალთა საზოგადოებას, ახალი ქარტული ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნავდა;

13. 50 ათასი მანეთი ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესაწირავად;

14. 10 ათასი მანეთი მოსკოვის ქართულ საზოგადოებას;

15. 10 ათასი მანეთი დიდუბის ტაძარს;

16. 5 ათასი მანეთი რუსეთის მევენახეობისა და მეღვინეობის საზოგადოების სადგურს ოდესაში;

17. 200 ათასი მანეთი ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

ზემომოყვანილ ეკატერინეს ანდერძში ასევე შევიდა ქარხნებისა და სავაჭრო დაწესებულებათა ორ მილიონამდე შეფასებული ქონება, რომელთა ლიკვიდაციის შემდეგ, ანდერძის მიხედვით, მთელი თანხა უნდა გადასცემოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და თბილისის დრამატულ საზოგადოებებს.

როგორც ვიცით, მეუღლის სიკვდილის შემდეგ ეკატერინემ თვითონ განაგრძო დავითის საქმე. მას არ შეუწყვეტია ურთიერთობა და მიწერ-მოწერა საზღვარგარეთის მეცნიერ-სპეციალისტებთან, რომ ახლო კავშირი ჰქონოდა ახალი მეთოდებით მოქმედ წარმოებებთან.

ეკატერინე სარაჯიშვილი თბილისელი შეძლებული მოქალაქის ივანე ადამის ძე ფორაქიშვილის ქალიშვილი იყო. ივანე ფორაქიშვილი ცნობილი იყო თავისი გონებამახვილობით, იგი დიდი სიმპატიით სარგებლობდა ქართველ საზოგადოებაში. მისი მეუღლე – დედა ეკატერინესი – ნატალია იოსების ასული წილოსანი ნაკითხი დარბაისელი მანდილოსანი იყო.

ეკატერინე დაიბადა 1862 წლის 27 იანვარს ქ. თბილისში. პატარა კატომ განათლება ოჯახში სპეციალურად მიჩნეული აღმზრდელებისაგან მიიღო. იგი ჯერ ფაბრის პანსიონში სწავლობდა, შემდეგ საგანგებლოდ მოწვეული მასწავლებლები ამეცადინებდნენ.

ქალიშვილის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მამიდა ნატო სულხანიშვილს, რომელიც დიდად განათლებული ქართული ოჯახის ადათ-წესებისა და ტრადიციების მტკიცე დამცველიიყო.

ეკატერინემ ზედმიწევნით კარგად შეისწავლა მშობლირუი, რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.

ეკატერინეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ნამდვილად შეუქმნა დ. სარაჯიშვილს თბილი და მყუდრო ოჯახი.

ეკატერინეს მიუძღვნა დიდმა ილიამ თავისი სურათი გულწრფელი წარწერით:

„ამ ლექსს გიწერ ჩემს სახსოვრად
და გაგიხვევ შიგ ჩემს გულსა,
სად ვინახავ, ვით მარგალიტს,
მე შენ და-ძმურ სიყვარულსა“.

არც აკაკი დარჩენილა ვალში მშვენიერი დიასახლისის წინაშე. აკაკიმ ვაჟა-ფშაველას ლექსით მიმართა ეკატერინე სარაჯიშვილს: „საუნჯევ სათნოებისა, ჩემიც მიიღე ქებანი“ და თავისი სიტყვა მისადმი მიძღვნილი ლექსით დაამთავრა:

„კაცის თავგადასავალი
გულის ფიცარზე სწერია,
ღიმილი მატყუარაა,
სიცილი არ დასაჯერია.
მხოლოდ თვალები არიან
გამცემი დაფარულისა,
აქ იხატება ყოველი
მიმოძრაობა სულისა.
მეც კატასაებრ თვალებში
გიჭვრეტ ფერმიხდილითა
და პასუხს ვაძლევ თქვენ გრძნობას
იდუმალ გულის ძგერითა“.

ეკატერინემ თავისი ხარჯით გაგზავნა აკაკი პარიზში თვალების სამკურნალოდ. სწორედ ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს მგოსნის მიერ მიძღვნილი ლექსი ეკატერინესადმი:

„თვალხილული ვერ გხედავდი,
რომ დავბრმავდი ახლა, გხედავ
და გულში რაც ჩამსახვია,
იმის თქმასაც უფრო ვბედავ.
შემიყვარდი, როგორც შვილი,
როგორც და და მეგობარი,
ვაშა იმას, ვინც პოეტი
აამღერა ცოცხალ-მკვდარი“.
აქ შეიძლება უფრო მეტის თქმა.

აკაკის გარდაცვალების შემდეგ, განსვენებულის პეტერბურგის ლომბარდში დაგირავებული ოქრო და ვერცხლი ეკატერინემ გამოიხსნა.

ასევე მფარველად მოევლინა ეკ. სარაჯიშვილი ივანე მაჩაბლის უნუგეშოდ დატოვებულ ოჯახსაც. მისი ვაჟი ნიკო ეკატერინე სარაჯიშვილმა და დავითმა თავის ხარჯით გაგზავნეს პანსიონში. „ნუ გეშინია, – წერდა იგი ტასო მაჩაბელს, – ისეთი ბიჭი დადგება, რომ გასახელებს და დაგავიწყებს ყველა ტანჯვას, რაც შენ სიყმაწვილით გამოიარე, დაიჩაგრე და შვილებს ნამუსიანი, პატიოსანი სახელი შეუნახე“.

ეკატერინე სარაჯიშვილი, გარდა იმისა, რომ ტასოს ახლო მეგობარი იყო, მისი ვაჟის ნიკუშას ნათლიაც იყო.

ეკატერინეს პატრიოტული საქმიანობით აღფრთვაონებული, საზღვარგარეთ მყოფი პოეტი ს. შანშიაშვილი უგზავნის ეკატერინე სარაჯიშვილს საკუთარ ლექსს:

„როს გავიხსენებ ივერიის დიდებულ წარსულს,
ნეტარ დროს სჭვრეტავს ფრთა შესხმული ოცნება მალი;
და მოთქვამს ნაღვლით აღსავსე გულ დამწუხრებულს;
რატომ იმხანად იყო მხოლოდ ქართველი ქალი –
ქალი მხნე მარად, ესოდენ მტკიცე ოჯახის კერა,
სულის სიწმნდით, სისპეტაკით ბნელის მქრობელი,
ერის საუნჯე, მოყვარული თავის ერისა,
ვაჟკაცთან ერთად მტრის წინაშე ხმლისა მპყრობელი“...

ეკატერინე და დავით სარაჯიშვილის სტუმართმოყვარე ოჯახში ყოფილან რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ნიკოლოზ II. ცოლ-ქმარს დიდი ნადიმი გაუამრთიათ საიმპერატორო თეატრის დამაარსებლისა და „ღალატის“ ავტორისათვის. ალექ. ივანეს ძე სუმბათაშვილი-იუჟინისათვის. აი, ამასთან დაკავშირებით ეკატერინეს სადარბაზო ბარათიც:

„ეკატერინე იევანეს ასული სარაჯიშვილისა – უგულითადესი პატივისცეით გთხოვთ, კეთილი ინებოთ და დაესწროთ მეჯლისს, რომელსაც იგი გამართავს საიმპერატორო თეატრის დამაარსებელ არტისტის ალ. სუმბათაშვილის საპატივცემულოდ“.

ეს ორი მომენტი კიდევ გვიჩვენებს ეკატერინეს აქტიურ მონაწილეობას იმდროინდელ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არანაკლები დამსახურება მიუძღვის ეკატერინეს ქუთაისი თეატრის დაარსების საქმეში.

გაზ. „საქართველოს“ 1916 წლის ფურცლებზე ვკითხულობთ ერთ-ერთ საინტერესო წერილს:

„ჩვენს ქუთაისს, რომელიც ქველმოქმედთა ყურადღებას დღემდის სრულიად არ იყო ჩვეული, ეკატერინეს წყალობით ამიერიდან ეძლევა საშუალება განახორციელოს დიდი ეროვნული საქმე – ააშენოს ახალი თეატრი. აჰა, განხორციელდა დიდი ხნის ოცნება ქუთაისლებისა! ვინ იცის, თუ არა მადლიანი ეკატერინე სარაჯიშვილი, არ ეღირსებოდა ამ ტკბილ ოცნებას ოდესმე განხორციელება“.

1916 წლის ზაფხულში, როცა კისლოვოდსკში სამკურნალოდ წასული ეკატერინე თბილისში ბრუნდებოდა, გზაში აცნობეს, რომ სახლის ჩამორთმევას უპირებდნენ სამხედრო საჭიროებისათვის. ამ მოულოდნელმა ამბავმა იმდენად იმოქმედა ეკატერინეზე, რომ გზაში გარდაიცვალა თავისი საყვარელი ძმის ადამ ფორაქიშვილის ხელში.

11 აგვისტოს განსვენებულის ნეშტი თავისი მეუღლის დავით სარაჯიშვილის გვერდით დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

„უღრმესი პატივისცემით მუხლს ვიდრეკთ, როგორც სამშობლოს ღირსეული დედის წინაშე“, – წერდნენ ცნობილი რეჟისორი ალ. წუწუნავა და მსახიობი ვ. გოცირიძე.

დასაფლავებაზე სიტყვა წარმოთქვა „თეატრისა და ცხოვრების“ რედაქტორმა იოსებ იმედაშვილმა.

„ჩვენი ერის აღორძინების წინსვლის ისტორიას კიდევ ერთი შუქმფენი კაბადონი მოეკეცა. დიახ. გარდაიცვალა დიდი ადამიანი. მაგრამ გაუმარჯოს ისეთ გარდაცვალებას, რომლის შემდეგაც იწყება ახალი ბრწყინვალე ცხოვრება...

ბრწყინვალედ იცხოვრებს მოდგმათა ხსოვნაში და მომავლის შუქს მოჰფენს ამ სამაგალითო ადამიანის ნაღვაწი“.

ქუთაისში ქალაქის მოურავი ი. ჩიქოვანი თავის გამოსათხოვარ სიტყვაში აღნიშნავდა:

„იმერელეს, როგორც ყველა ქართველს, უყვარს თავის თეატრში სიარული და როდესაც შენის საშუალებით აშენებულ თეატრში შევა, უმაღლესი მამულიშვილური გრძნობით აღივსება იგი და შენს ძვირფას სახელსაც მაშინ მადლობით მოიხსენიებს“.

ამრიგად, ეკატერინე სარაჯიშვილს გარკვეული ადგილი უჭირავს მე-19 საუკუნის ქალთა შორის, როგორც ეროვნულ-კულტურული საქმისათვის თავდადებულ, უანგარო მოღვაწეს.