პავლოვნია მრავლდება თესლით


ამჟამად „პავლოვნიას“  შესახებ  უამრავი რეკლამა თუ ინფორმაცია არსებობს, მაგრამ  მისი თესლით გამრავლების  ტექნოლოგია ბევრისთვის უცნობია, ამიტომ გადავწყვიტე ამ საკითხთან დაკავშირებით გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება.

  რამდენიმე წლის წინ "ინტერნეტ-სივრცეში" მორიგი უაზრო ხეტიალისა  თუ სხვადასხვა, იმ დროისათვის საინტერესო თემის თვალიერების დროს აღმოვაჩინე,  უფრო სწორად, თვალში მომხვდა ინფორმაცია  „პავლოვნიას“ შესახებ,  რა მცენარეა "პავლოვნია", საიდან (ჩინეთიდან) და როდის (XVIII-XIX სს -ში  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც გაშენებულია დადიანების სასახლესთან, როგორც მთავრის რეზიდენციის დეკორატიული ბაღი.) მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე,  ვის საპატივცემულოდ დაერქვა მას ეს სახელი (ისტორიულად ნამდვილი დასახელებაა "pavlovnia" პავლე I - ის ქალიშვილის ანნა პავლოვნას საპატივსაცემოდ. ხოლო ჩინეთში "დრაკონის" ხეს  და იაპონიაში კი "კირს“ უწოდებენ) და  რომ ამ მცენარეს აქვს დიდრონი, ცისფერი ლამაზი ყვავილები და  გააჩნია რამდენიმე უნიკალური თვისება:







    1. იგი სწრაფად მზარდი მცენარეა ( 8-10 წლის ასაკში შესაძლებელია მისგან  მვიღოთ  1 კუბური მეტრის მოცულობის მერქნის მასალა).
    2. „პავლონიას“ აქვს ულამაზესი, სურნელოვანი, თაფლოვანი ყვავილი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ყვავის, ყუათიანია და სასარგებლოა თაფლის მისაღებად, რაც  ადგილობრივი მეფუტკრეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
    3. „პავლოვნიას“ მასალისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს,  მცირე ზომის სათამაშოებს, ასევე თავისი სიმტკიცისა და სიმსუბუქის გამო, თითქმის შეუცვლელია ავიამშენებლობისა და  გემთმშენებლობის საქმეში.
    4. მერქანს აქტიურად იყენებენ საცხოვრებელი სახლების, კოტეჯების მოსაპირკეთებლად (მანსარდის ჭერის მოსაპირკეთებლად უკეთესი მერქნის მასალა არ არსებობს, რადგანაც ანალოგიური საქმისათვის გამოყენებულ სხვადასხვა მერქნების უმეტესობას დაედინება ე.წ. „ფისი“ ). საქართველოში, კერძოდ,  დასავლეთ ნაწილში (გურიაში მას „ ბრტყელფურცელას“ ან  „ბამბის ხეს“ ეძახიან) ამ დანიშნულებით მისი მერქნის გამოყენების გარკვეული პრაქტიკა უკვე არსებობს.       მაგალითად  კარები - რომლის ჩარჩო და გვერდები დამზადებულია შედარებით მყარი მერქანისგან (წაბლი), ხოლო კარების მასიური შიდა გულები დამზადებულია „პავლოვნიას“ მერქნისაგან, რომელიც ისეა შეხამებული, რომ წაბლის მასალისაგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია, ხოლო მასიურ კარებებს სიმსუბუქეს ანიჭებს. მისი წონა, იმივე მოცულობის მუხის მერქნის წონასთან შედარებით,  დაახლოებით ხუთჯერ მსუბუქია.
    5. „პავლოვნიას“ აქვს საკმაოდ დიდი ზომის ფოთოლი, ასე რომ,  დარგვიდან მეორე წელსვე შეგიძლიათ მიიღოთ ჩრდილი თქვენს ეზოში, თანაც მცენარის ფოთლები მეცხოველეობაში დამატებით სასილოსე მასალას წარმოადგენს, რომელშიც პროტეინის მაღალი შემადგენლობაა.
    6. „პავლოვნიას“ ნერგების დროის მოკლე პერიოდში ზრდასთან ერთად მიიღწევა მიმდებარე ტერიტორიის მიკრო და მაკრო ეკოლოგიური ეფექტიანობა, რაც გამოიხატება მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობის გაზრდაში. ამიტომ უპირატესობა ენიჭება მას სხვა მერქნიან სახეობებთან შედარებით.
    7. „პავლოვნიას“ სწრაფი ზრდისა და დროის მოკლე პერიოდში შედარებით დიდი რაოდენობის მერქნის აკუმულირების გამო მსოფლიოში მისი წარმოება დღითი დღე იზრდება, იგი საშუალებას იძლევა გადავარჩინოთ წითელ  წიგნში შეტანილი ძვირფასი და იშვიათი მცენარეები და მერქნის მასალაზე მოთხოვნილება სრულად დააკმაყოფილოს ხელოვნურად (კომერციული მიზნებისათვის) გაშენებულმა „პავლოვნიას“ ნარგავებმა.
    8. კიდევ მრავალი სხვა და ყოველივე ამის გამო პავლოვნიას მომავლის ხეს უწოდებენ.

          ზემოთ აღნიშნულმა განცხადებამ ისე დამაინტერესა, რომ შევუდექი „პავლოვნიას“ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის შეგროვებასა და სისტემატიზაციას. დღევანდელობისაგან განსხვავებით, მაშინ ამ საკითხზე ინფორმაცია ქართულ საიტებზე ან არ იყო, ან მისი სიმწირის გამო ადეკვატური წარმოდგენის შექმნა თითქმის შეუძლებელი იყო. ამიტომ ძირითადად ვსარგებლობდი ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი საიტების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით.
              და გადავწყვიტე მეცადა ბედი, დავუკავშირდი განცხადების ავტორს და შევხვდი მას. აღმოჩნდა, რომ „პავლოვნიას“ პოპულარიზაციისათვის განკუთვნილ ე.წ. ბიულეტენის (ჟურნალის) ყიდვისას მას მოჰყვებოდა 500-800 ცალი პავლოვნიის თესლი, რამაც გადამაწყვეტინა აღნიშნული ე.წ. ჟურნალის შეძენა. აი აქ კი დაიწყო ამ საქმეში ჩემი „მოღვაწეობის“– წარმატებებისა და მარცხის ერთმანეთთან მონაცვლეობა.
    გადავიკითხე სარეკლამო ჟურნალი, გავხსენი  ერთჯერადი პოლიეთილენის პატარა პარკი, სადაც პავლოვნიას სულ პატარა თესლი იყო მოთავსებული, ისეთი პატარები და თანაც ორთავ მხრიდან ფრთიანები, რომ საკმარისი იყო ღრმად ამოესუნთქა ადამიანს, რომ ისინი მომენტალურად ჰაერში შეფარფატდებოდნენ და ეძებე მერე „ნემსი თივაში“.
      იმის გამო,  რომ ვცხოვრობდი კოპუსის ბინაში,  გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და  გადავწყვიტე, რომ ერთი კუთხე გამომეყო ამ საქმისათვის, ისე, რომ ინტერიერისათვის შემეხამებინა.
     პირველ რიგში შევიძინე გამჭვირვალე პლასტმასისაგან დამზადებული თავსახურიანი ჭურჭელი, რომელშიც ჩავყარე ყვავილების  შავი მიწა, დაახლოებით ჭურჭლის 1/3 სიმაღლეზე. მიწა მოვნამე ჩვეულებრივი სასმელი წყლით. მოსანამად გამოვიყენე მინის საწმენდის ცარიელი სითხის შესასხურებელი და თავდახურული ჭურჭელი შემოვდგი კარადის თავზე (იდგა ნოემბერი). 24 საათის გასვლის შემდეგ დავიწყე თესვის ოპერაციები.




    პავლოვნიას დათესვა:  იმის გამო რომ თესლი ლიმიტირებული იყო (უნდა მყოფნოდა რამოდენიმე დათესვაზე), კარგად გათლილი ფანქრის წვერის საშუალებით გადავთვალე 200 ცალი. თესლის ძალიან მცირე ზომის გამო მისი ხელით დათესვა შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია წყლის წვეთში დასველებული ფანქრის წვერის საშუალებით სათითაოდ თესლის აღება და წინასწარ მომზადებულ მიწაში მისი ჩაფვლა დაახლოებით 0,4-0,7 სმ-ის სიღრმეზე.



    მინი ინკუბატორი:  იმის გამო,  რომ გვიანი შემოდგომა იდგა, ხოლო მე არ მყოფნიდა მოთმინება,   დავლოდებოდი გაზაფხულს და დედა-ბუნებისათვის მიმენდო ახალი სიცოცხლის შექნის მარადიული უნარი, გადავწყვიტე, საკუთარი ძალებით შემექმნა „პავლოვნიას“  თესლებისათვის მინი ინკუბატორი, რომელიც გულისხმობდა სინათლისა და ტემპერატურის შესაბამის პირობებში მოქცევას. აშკარა იყო ავტომატური მართვის საშუალებების გამოყენების საჭიროება.
    მაშ ასე, ამოცანა ნათელი იყო, მაქვს პლასტმასის ჭურჭელი, რომელსაც ეხურება თავსახური. მასში ჩაყრილია მიწა, რომელიც მონამულია და მისი ტემპერატურა უტოლდება ოთახის თემპერატურას, ხოლო საჭიროა ტემპერატურის 18oC-280C-ის შუალედში შენარჩუნება (ბინიდან გასვლის დროს  გათბობას ვრთავდი ეკონომიის მიზნით). ამისათვის ე.წ. „ბარახლოვკაზე“ სადაც მოქალაქეებს გამოაქვთ ნახმარი ან მათთვის უსარგებლო ნივთები, შევიძინე (შეღავათიან ფასში) მინი ინკუბატორის ძირითადი დეტალი – მექანიკური თერმო-გამთიშველი, 
    რომლის ტემპერატურული  დიაპაზონი 00C-300C  ფარგლებში მერყეობდა. შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მთელ სისტემას უნდა ემუშავა 12-იანი მძლავრი კვების ბლოკის და 12-იანი  აკუმულატორის კომპლექსურად გამოყენების საშუალებით (ელ.მომარაგების  არასტაბილურად მოწოდების შემთხვევის ნეგატიური მოვლენის თავიდან აცილების  მიზნით).   
    გამათბობელი ელემენტისათვის გამოყენებული იქნა ავტომანქანის ორი ცალი 5ვტ-იანი   ნათურა, რომლებიც პარალელურად სინათლის წყაროსაც წარმოადგენდა, რისმა გამოყენებამაც მომცა საშუალება მარტო მიწის დანამვით დავკავებულიყავი.
    შედეგმაც არ დააყოვნა. სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. აი ისიც:


    როდესაც სიამაყის რამდენიმე დღემ გაიარა და  მწვანედ აბიბინებულმა „პავლოვნიამ“ ზომაშიაც საგრძნობლად მოიმატა, ბუნებრივად გაჩნდა საჭიროება ახალგაზრდა ნერგებისათვის დამემზადებინა უფრო შესაფერისი მოზრდილი ინკუბატორი. გარკვეული მონახაზების და იდეების დამუშავების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება,  ამეგო მინის (სათავსო სინესტის წყაროა) აკვარიუმი, რომლის ზედა სახურავის ფრაგმენტი შეასრულებდა სარკმელის მოვალეობას,  საიდანაც მოხდებოდა ნერგების გადარგვა და ასევე წყლის შესხურება, ასევე მასზე დამონტაჟდა 100ვტ ნათურა, რომლის ჩართვა–გამორთვაც დაევალა ზემოთ ნახსენებ თერმოგამთიშველს. ამრიგად სითბო და სინათლე ავტომატურად დარეგულირდებოდა და დანამვიდან დანამვამდე ( ორი-სამი დღე) სპეციალური მომსახურეობა არ დასჭიროებდა.
                ბიოსახლი (პრაქტიკულად მინის აკვარიუმი) ძირიდან, ზევიდან და გვერდებიდან დაიფარა ალუმინის ფოლგით, გარდა წინა მხრისა საიდანაც შესაძლებელი იყო ნაზარდების ვიზუალური კონტროლი. შიგვე მოთავსდა ოთახის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი, რომელსაც ტენიანობის საზომი დაზიანებული ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხერხდა ტენიანობის კონტროლი.




    გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა, უკვე საჭირო გახდა „პავლოვნიას“ თითოეული ნერგი მოგვეთავსებინა მისთვის განკუთვნილ კონტეინერში, რის შემდეგაც მოუხერხებელი აღმოჩნდებოდა მინი ბიოსახლი-აკვარიუმი. ამიტომ აქტუალური გახდა ახალი ბიოსახლის შექმნა. ამისათვის ავაგე მინის აკვარიუმი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კარები დავუყენე წინა მხრიდან, რაც უდავოდ მოსახერხებელი იყო.


    კონტეინერად, როგორც სურათებიდან ჩანს, გამოვიყენე პოლიეთილენის ერთჯერადი, შესაბამისი ზომის ჭიქები, რომლებსაც მაგრატლით მოვაჭერი სიმაგრის მიმცემი რგოლი, ე.წ. სატუჩე და ძირში გავუკეთე 8 მმ დიამეტრის ნახვრეტები, ზედმეტი ნესტისაგან   ფესვების  დალპობის თავიდან აცილების მიზნით. მათი ფიქსირებულად მოთავსების მიზნით ბიოსახლის ძირში ჩავდე თუნუქის ფურცლებისაგან დამზადებული  კონტეინერების  ასაწყობი  დამაფიქსირებელი. ახალი ბიოსახლი მოსახერხებელი აღმოჩნდა შედარებით დიდი მოცულობის კონტეინერებისთვისაც.

    აი ასეთი  სილამაზე მივიღეთ შედეგად.

                  შემდეგ თავში ჩვენ ვისაუბრებთ „პავლოვნიას“ დასარგავი ადგილის შერჩევის, მომზადებისა და მოვლის შესახებ,  რა თქმა უნდა, პირადი მაგალითის საფუძველზე.  თემაში გამოყენებული სურათები პირადად ჩემ მიერ არის გადაღებული (გარდა ერთისა, რომელიც ვიკიპედიიდან არის ამოღებული).  ამჟამად დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.






    7 комментариев:

    1. თესლით კი ამოვა, მაგრამ როგორც იუთუბზე მოვუსმინე კაცს, ამბობს რომ პავლონია არის ჰიბრიდული მცენარე და თესლში არ გადადის ის თვისებები რაც ჰიბრიდს აქვს. ამიტომ უნდა მოხდეს მისი გამრავლება ტოტით (თუ რაც ქვია ამ მეთოდს).

      ОтветитьУдалить
    2. ამ ნერგის ფოთოლი არ გავს პავლოვნიისას

      ОтветитьУдалить
      Ответы
      1. ზუსტად პავლოვნიაა, ახალაღმოცენებულს ასეთი ფოთოლიაქვს

        Удалить
    3. ამ თემით ჩემი დაინტერესების გამო თქვენი გამოცდილების გაზიარება საშურ საქმედ მეჩვენება და თუ თქვენი სურვილიც იქნება დიდი სიამოვნებით დაგიკავშირდებით,რა თქმა უნდა თუ თქვენ ტელეფონის ნომერს მომაწვდით ამ ნომერზე 577459032 ავთო.

      ОтветитьУдалить
    4. ვინმემ ხო არ იცით ნერგები ჰიბრიდული?

      ОтветитьУдалить
    5. Этот комментарий был удален автором.

      ОтветитьУдалить
    6. სად ვიშოვნოთ თესლი, როგორ გამოვიყვანოთ?

      ОтветитьУдалить