суббота, 17 марта 2018 г.


ბები დამიბრუნდი  ხელში კესანებით...
შენი მოფერება ისე მენატრება...
ქალი უტბილესი თმაში ჭაღარებით,
უკვე სიზმარშიც კი აღარ მეცხადება.

მოდი ჩამიხუტე გულში გამალებით,
როცა ვიტირებ და მუხლი მეტკინება,
ისევ დამივარცხნე ოქროს დალალები,
ღომი გამიკეთე - როცა მეწყინება.

ბები შემიკერე ისევ მაქმანებით,
კაბა ჩითის ნაჭრის...
კაბა "ნეტარება"...
ისევ დამიძახე მთელი მონდომებით,
შენი დაძახებაც, როგორ მენატრება.

მოდი დავუაროთ ქუჩებს აჩქარებით...
დრო ვერ შევიგრძნოთ და...
ისევ გვეღამება...
სახლებს გაანათებს თეთრი შუქ-ჭრაქები,
ყველა ბუდეში კი მყუდრო შემართება.

შენი დაჭმუჭნული კანის ნაკვალევი,
ხელში კესანებით, როგორ გეხამება,
მოდი დამიბრუნდი ხმაში ბზარნარევი,
ჩვენი სიყვარულით - როგორც გეკადრება...

"ნინო ხორავა"

პ.ს. რატომ კესანები?
რადგან სახვადასხვა ენაზე ამ ყვავილს თურმე "არ დამივიწყო" ჰქვია...

ჩემს ბებოს 💕

Комментариев нет:

Отправить комментарий