ბავშვები

ბავშვები

Friday, November 25, 2016


ნაძვი და კვრინჩხი



ერთხელ ნაძვი კვრინჩხს ეტრაბახებოდა: შენ უსარგებლო ხე ხარ, მე კი სახლის ბანებსა და აივნებს ვამშვენებო.
-ამიტომაც არის, ხშირად რომ გჩეხავენო, - უთხრა კვრინჩხმა.

უშფოთველი სიღარიბე სჯობია შეჭირვებულ სიმდიდრესო, - ამბობს არაკი.
ეზოპე  

მტრები


ორი კაცი იყო. ერთი ხომალდით მგზავრობდნენ. გზაში წაიჩხუბნენ. ერთი კიჩოზე დაჯდა, მეორე - ქიმზე. უეცრად ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდს ზღვაში ჩანთქმას უქადდა. კიჩოზე მჯდომმა მესაჭეს ჰკითხა: პირველად კიჩო ჩაიძირება თუ ქიმიო?
-ქიმიო, - უპასუხა მესაჭემ.
-აბა, ჩემს სიკვდილს აღარ ვნაღვლობ, რადგან ჩემი მტრის დაღუპვას მოვესწრებიო, - სიხარულით შესძახა კიჩოზე მჯდომმა.

არაკი ამბობს: ზოგიერთმა ოღონდ მტერი ნახოს გასაჭირში და თავის უბედურებას არად დაგიდევსო.
ეზოპე

კუ და არწივი


კუ არწივს ეხვეწებოდა: ფრენა მასწავლეო. არწივი ეუბნებოდა: როგორ იქნება, სად კუ და სად ფრენაო. კუ მაინც თავისას გაიძახოდა: ფრენას როგორ ვერ შევძლებო.
რა ექნა არწივს?
კუს ბრჭყალები ჩაავლო, ჰაერში აიტაცა და მერე გაუშვა: აბა, იფრინეო.
კუ აბა, რას იფრენდა?! ჩამოვარდა და დაიმტვრა.

გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო, - ამაზეა ნათქვამი.
ეზოპე 

გულმოწყალე ქალბატონი
უკრაინული ზღაპარი

ცხოვრობდა ერთი ქალბატონი. ისეთი, ისეთი, რომ... თუმცა თვითონ გაიგებთ, როგორიც იყო.
ერთხელ ამ ქალბატონს მიადგა ერთი ბერიკაცი და მოჰყვა ხვეწნა-მუდარას:

-მოწყალე ქალბატონო, ღვთის გულისათვის, შენი სულის საცხონებლად, გაიკითხე საწყალი მოხუციო.
ქალბატონმა იფიქრა:
-მოდი, მივცემ რამეს, თუნდაც, ამ ახლად დადებულ კვერცხს. აბა, რა დასანანია. ეს ხომ ჩემი სულის საცხონებელი იქნებაო.
მართლაც, შეიპატიჟა შინ მოხუცი და მისცა კვერცხი.
-აჰა, კვერცხი, პაპილო, მიირთვი და ჩემთვის ილოცეო.
გამოართვა მოხუცმა კვერცხი და დალოცა:
-მადლობელი ვარ, ქალბატონო, ღმერთმა გადაგიხადოთ სამაგიერო სიკეთეო.
მოხუცი წავიდა.
ეს კარგია, რომ არ დამენანა და კვერცხი მივეცი, მაგრამ დამიმახსოვრებსო? - გაიფიქრა ქალბატონმა და მოხუცს გასძახა:
-პაპა, პაპა, მობრუნდიო!
მოხუცი მობრუნდა, ეგონა ქალბატონი კიდევ მაძლევს რამესო.
-პაპა, მე ხომ კვერცხი მოგეციო!
-მომეცი, ქალბატონო! მომეცი! ღმერთმა ჯანი და ბედნიერება არ მოგაკლოთ შენცა და შენც შვილებსაცო!
-ჰო, კარგი, წადი! - ეუბნება ქალბატონი. გულში კი ფიქრობს: ნეტავ თუ დაამახსოვრდება ჩემი გულკეთილობაო?
იფიქრა, იფიქრა ქალბატონმა და ისევ დაუძახა მოხუცს:
-პაპა, პაპა, დაბრუნდიო!
-ნეტავი რაღა უნდაო, - ფიქრობს უკან დაბრუნებული მოხუცი. ქალბატონი ეკითხება:
-პაპა, მე ხომ კვერცხი მოგეციო!
-მომეცი, ქალბატონო! იდღეგრძელე, იხარე, ღმერთმა ისე გამყოფოს, როგორც შენს გულს უნდაო!
„ჰოდა, ძალიან კარგი, დამლოცოს, ნუ დამივიწყებსო!“
ქალბატონი ხედავს, მოხუცმა ფეხს აუჩქარა და სადაც არის ჭიშკარს გასცდება.
-დაავიწყდება, ღმერთმანი, დაავიწყდებაო, - დაფაცურდა ქალი და, გიყვარდეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკივლა:
-პაპა, პაპა, დაბრუნდიო!
ისევ მობრუნდა ბერიკაცი და ფიქრობს, ღმერთო ჩემო, რა არის, ამ ეზოდან აღარ მიშვებსო?!
ქალბატონი კვლავ ეკითხება:
-კვერცხი ხომ მოგეციო?
ახლა აევსო მოხუცს მოთმინების ფიალა:
-ჰო, ჰო, მომეცი! შეგარცხვინოს ღმერთმა, ერთი რაღაც საცოდავი კვერცხი მაჩუქე და ისიც ყელში ამომადინე, აჰა, დაიჭი, აღარ მინდაო, - და ბერიკაცმა ქალბატონს კვერცხი ესროლა.
რა უბედურებაა, ფიქრობს ქალბატონი, ამ ბერიკაცის მიზეზით სულის ცხონებას, რომ ვეღარ ვეღირსები და ეს კვერცხი კვერცხად დავკარგეო.   

Thursday, September 8, 2016


შვიდი ძმა
ბირმული ზღაპარი


იყო ერთი ხელმწიფე, რომლისაც ყველას ეშინოდა. ბევრი ქვეყანა ჰქონდა დაპყრობილი, ბევრი ხალხი იხდიდა ხარკს, მაგრამ მაინც უბედურად გრძნობდა თავს: სამეფოს შუაგულში ერთი სახლი ეგულებოდა, სადაც ერთი გლეხი თავის შვიდ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ეს ერთი ოჯახი არ ემორჩილებოდა ხელმწიფეს და მასაც, ამის გამო, მოსვენება ჰქონდა დაკარგული.

"ძალა ერთობაშია"
ბოლოს ხელმწიფემ ასი რჩეული მეომარი გააგზავნა:
-მამა-შვილები შეიპყარით და აქ მომგვარეთ, მათი სახლი კი გადაწვითო, - მაგრამ ძმები ისეთი თავგანწირვით შეებრძოლნენ ხელმწიფის მეომრებს, რომ ორმოცდაათი იქვე გააგორეს, ნახევარმა კი გაქცევით უშველა თავს.
განრისხებულმა ხელმწიფემ ახლა მშვილდოსნები გააგზავნა:
-ცეცხლოვანი ისრები დაუშინეთო!
გამოცვივდნენ ძმები, ისრებს ფარები დაუხვედრეს, ზოგი უკუაქციეს და ზოგიც დაულეწეს ხელმწიფის მშვილდოსნებს, შემდეგ დაერივნენ და ამოხოცეს. მთლად გადაირია მბრძანებელი. გამოსავალის ძებნა დაიწყო. მას ერთი ლამაზი, მაგრამ ვერაგი ასული ჰყავდა.
ქალიშვილმა უთხრა:
-სანამ შვიდი ძმა ერთადაა, ვერაფრით დაიმორჩილებ, დააშორე ერთმანეთს და იოლად დაამარცხებო.
-ას მეომარ სპილოს გადავაქელინებ მათ სამყოფელსო, - მოიფიქრა გაბოროტებულმა მეფემ და ბრძანებაც გასცა.
შორიდან შემოესმათ მიწის გუგუნი მინდორში გასულ ძმებს, მიხვდნენ, რაც ელოდათ. შვიდივე დაეძგერა ერთ უზარმაზარ ხეს, მოგლიჯეს და მეწინავე ათ სპილოს გზა გადაუხერგეს. დანარჩენებსაც იგივე დამართეს, ასიდან მხოლოდ ერთი სპილო გადარჩა, გამძვინვარებული უკან შებრუნდა, სასახლის ჭიშკარი შეანგრია და ხელმწიფე და მეფის ასული კინაღამ გადათელა.
-ხომ ხედავ, ვერ დაამარცხე ძმები, ახლა მე მაცალე ბედი ვცადოო, - უთხრა ასულმა მამას.
-ოღონდ ეგენი დაამარცხე და რაც გინდა, ჰქენიო, - ნება დართო მეფემ შვილს. მანაც გადაიცვა უბრალო კაბა და გლეხის სახლისაკენ გასწია. ხედავენ ძმები მათ სახლს ულამაზესი ასული უახლოვდება, დაინახეს და შვიდივეს შეუყვარდა.
-მე ერთი ობოლი გოგო ვარ, არავინ მყავს ქვეყანაზეო, - იცრუა ქალიშვილმა. ძმებმა შინ შეიყვანეს, რაც რამ საუკეთესო ჰქონდათ, შესთავაზეს, მაგრამ სამეფო საჭმელს მიჩვეულ ქალს განა შეეძლო მათ სახლში რამე გაესინჯა? თანაც წუთი-წუთზე, შეთანხმებით, ხელმწიფის ჯარს ელოდებოდა, ამიტომ ალაპარაკდა:
-მე საქმროს ვეძებ, მინდოდა რომელიმე თქვენგანს გავყოლოდი ცოლად, მაგრამ სილამაზითა და ღონიერებით ერთმანეთზე უკეთესი ხართ და არ ვიცი, რომელი აგირჩიოთო.
-მე გამომყევი, - იყვირა უფროსმა ძმამ, - მე ვარ ყველაზე ღონიერიო.
-ყური არ უგდო, მე უფრო ღონიერი ვარო, - იყვირა მომდევნო ძმამ.
-მოიცათ, შეხედეთ, მეფის ჯარი მოდის, ახლა შეგიძლიათ დამიმტკიცოთ, თქვენგან რომელია უფრო მამაცი და ძლიერი, სათითაოდ გადით და შეებრძოლეთო, - შესთავაზა ქალმა, - ვინც გაიმარჯვებს ცოლადაც მას გავყვებიო.
უფროსმა მყის დასტაცა ხმალს ხელი და იმედმოცემული გაუხტა ჯარს.
-მოიცადეთ, თქვენც მოასწრებთ ტავის გამოჩენასო, - შეაჩერა მისახმარებლად წამომდგარი ძმები მეფის ასულმა.
უფროსი ძმა ღონიერიც იყო და მამაციც, მაგრამ არავინ ედგა გვერდში, შემორტყა ხელმწიფის ჯარი და ნაკუწ-ნაკუწ აქცია, იგივე ბედი ეწია მომდევნო ძმასაც. შემდეგ მესამე გავიდა, მერე -მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ბოლოს ნაბოლარაც რომ მოკლეს, თავისუფლად შევიდნენ სახლში, შეკოჭეს მათი მამაც და იმ გამძვინვარებულ ხელმწიფეს მიჰგვარეს.
ასეა ყველა საქმეში, სადაც ერთობა და სიყვარულია, იქ გამარჯვებაცაა. დათითოკაცებას კი მწარე გაკვეთილად აუცილებლად დამარცხება  მოჰყვება ხოლმე.