Skip to main content

იდუმალი ზამთარი

თურმე რა ლამაზი და იდუმალი ყოფილა სოფელი ზამთარში, განსაკუთრებით აქ, მახალაკიძეებში. ყველაფერი თოვლის დიდი საფარით იფარება, ამ საფარის ქვეშ კი გამხმარი, ჯერაც  ჩამოუცვენელი ფოთლები მოჩანს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ფერებიც კი შემორჩენიათ: გახამებული ყვითელი და წითელი. ზოგიერთ ეზოში ხეებს მძიმე, უკვე დამწიფებული, წითელი ვაშლები ამძიმებს. სახლის პატრონები ქალაქში არიან წაბარგებულნი და სოფლის სახლ-კარს ვეღარ უვლიან.  როცა მზე გამოანათებს, ეს თოვლიანი ვაშლები ისე აციმციმდებიან, გეგონება გეარშიყებიან, მოდი მომკრიფე და შემჭამეო.

სოფლის ირგვლივ ტყეა, სადაც, ძირითდად, ნაძვნარია. ეს ნაძვებიც იფარება თოვლით, თუმცა თოვლის ქვეშ მაინც შენიშნავთ მწვანე ფერს. თოვლით იფარება სახლის სახურავებიც. ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ ცოტა მიჭირს სიტყვებით გადმოცემა. ასეთი პეიზაჟები ძველ რუსულ ტელეზღაპრებში თუ მინახავს. წარმოიდგინეთ თოვლში ჩამალული პატარა ,,წირიმოკები“, სახურავებზე ათასობით უსწორმასწორო ყინულის ლოლოები, ღამ-ღამობით ქარის ზუზუნი და რაღაც ამოუცნობი ჯადოსნური შეგრძნება. რუსული ზღაპრებისგან განსხვავებით ჯერ თოვლის პაპა არ ჩანს ჩვენს სოფელში, ვერც ტყეში შეხვდებით ცეცხლის პირას მჯდარ თორმეტ ძმას. თუმცა რა იცი, ღრმად ტყეში შეიძლება მართლაც წააწყდე ზღაპრების გმირებს:)
 
ზამთარი იდუმალებით სავსეა, ეს ჯადოსნური დროა და ამას ყველაზე კარგად სწორედ სოფელში შეიგრძნობ, როცა საღამოობით სახლში ფეჩი გუგუნებს, ოთახს პატარა სანთელი ანათებს, ყველა სახლში შეყუჟლა, გარეთ კი თოვს, ზოგჯერ ტურის ხმა ისმის, რომელსაც სოფლის ძაღლები აყვებიან ხოლმე, ზოგჯერ  ქარბუქის წუილი შემოდის ფანჯრებში, რომელსაც სიცივე და ზამთრის სუსხი შემოაქვს, თითქოს ზეიმობს ზამთარი თავის სიძლიერეს, ზოგჯერ კი სიჩუმეა გამეფებული. თუ კარგად დააყურადებ, ასეთ  წუთებში, გაიგე როგორ ჩურჩულებს ზამთარი, გაიგებ როგორ ზეიმობენ ჭინკები, ჯინები და ალები. სწორედ ასეთ წუთებში, შეიგრძნობ ზამთრის იდუმალებას და გრძელი ღამეების სილამაზეს. დილით კი ყველაფერი ჩვეულ რიტს უბრუნდება, ზამთარი იძინებს, მისი დრო ღამეა.

პირველი თოვლი 7 ნოემბერს მოვიდა. მაშინ ღამე ჯერ კიდევ გრძელი იყო, ზამთარი კი - ჯერ კიდევ სუსტი. პირველად აღმოვჩნდი მუხლამდე თოვლში. მერე და მერე უფრო მეტი მოთოვა.

ცოტახნის წინათ მე და ჩემმა მეზობელმა გოგონამ, ქრისტინამ, გადავწყვიტეთ ,,სნიგავიკი“ დაგვედგა. თოვდა და ციოდა, მაგრამ მაინც არ დაგვეზარა. ტატოც გავიყვანეთ, მართალია ძალით, მაგრამ ხომ მაინც მოვახერხეთ?! ხოდა დავიწყეთ თოვლის კაცის შენება, თუმცა თოვლი ძალიან მშრალი აღმოჩნდა და გუნდა ვერაფრით გავაკეთეთ. ბოლოს ქრისტინამ დიდი ვედრო გამოიტანა და აქაური მეთოდით ავაშენეთ თოვლის კაცი: ჩავტენეთ ვედროში თოვლი, კარგად დავტკეპნეთ, შემდეგ ამოვაყირავეთ და გამოვიდა თოვლის კაცის ფეხები, მერე ზედ ტანი და თავი დავადგით, იგივე პრინციპით. ასე ავაშენეთ სამ-სართულიან თოვლის კაცი, მართალია, მთლად თოვლის კაცს არ ჰგავდა, მაგრამ მაინც... :)

ძალიან ბევრი ვიმხიარულეთ და სახლში სულ სველები დავბრუნდით.

ზამთარი აქ, თუმცა, როგორც აქაურები ამტკიცებენ, ეს ჯერ კიდევ არაფერია :)

Comments

Popular posts from this blog

1 დეკემბერი - ჭინკებზე, უჟმურებსა და ჯინებზე:)

დღეს უეცრად ლეპტოპი გაგვიფუჭდა. ალბათ, Windows -ია გამოსაცვლელი. ისე გაფუჭდა, რომ ვეღარაფერს ხსნის, ტატოს კალათბურთის გარდა. ხოდა, დღეს ტატოს ზეიმი დაუდგა, თვითონ ზის და თამაშობს, მე კი გასაკეთებელი არაფერი მაქვს კომპიუტერში :) ზუსტად ორი თვე და ექვსი დღეა, რაც მახალაკიძეებში ვიმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში მხატვრული ლიტერატურისთის ხელი არ მომიკიდია, ხან გაკვეთილის გეგმებიო, ხან აქტივობებიო, ხან ინტერნეტიო და ხანაც სტუმრებიო :) არადა სახლიდან არა ერთი წიგნი წამოვიღე. გარდა ამისა, აქ წიგნებით მომმარაგებელიც გამოგვიჩნდა - თალიბა პაპა. იდო ეს საწყალი წიგნები ორი თვისა და ექვსი დღის განმავლობაში მაგიდაზე და გვიცდიდა, თუმცა უშედეგოდ :) დღეს კი კომპიუტერი გაფუჭდა, თანაც ისე მოხდა, რომ გაკვეთილის გეგმებიც დავწერე, სახლის საქმეებიც მოვათავე, სტუმრადაც არავინ გვეწვია, ხოდა, დავრჩი უსაქმოდ, ფეჩთან მარტო მჯდომი. მერე, მაგიდაზე ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებული შევნიშნე (თალიბა პაპამ მათხოვა) და გადავწყვიტე წამეკითხა. ,,კუკარაჩასა“ და ,, Hellados “-ის შემდეგ პირველი მოთხრობა ,,ჭინკები“ აღმო

აშურის მთვარე

,,აშურის მთვარემ“ გრძელი ღამეები მოიტანა. საღამოს ექვსს საათზე უკვე ღამდება და დილამდე ღამეა, განსაკუთრებით ჩვენს პატარა სახლში:) დარაბებდაკეტილ ოთახში მაშინ თენდება, როცა დარაბებს გააღებ, შაბათ-კვირას კი ეს შუადღის პერიოდში ხდება ხოლმე:) შაბათ-კვირა თან მიხარია, თან არა. მიხარია იმიტომ, რომ გვანობამდე შემიძლია ვიძინო, არ მიხარია იმიტომ, რომ დღეც და ღამეც საშინლად იწელება. ,,აშურის მთვარეს“ სავსე მთვარეობა მოჰყვა. ღამე ისეთი ნათელია, გეგონება, არც არის ღამე ალბათ, თოვლის ბრალია. ჩვენი სახლის პირდაპირ დიდი მთა არის, ნამწვავის სერს ეძახია, სულ ტყით არის დაფარული. ფანჯრიდან რომ გავიხედავ ახალციხე   მახსენდება. იქ, ჩემი კორპუსიდან ამირანის გორა მოჩანს, ნამწვავის სერისგან განსხვავებით გაცილებით შორსაა და არც ტყით არის დაფარული, მაგრამ, ვცდილობ, აჭარაშიც პატარა, მხოლოდ ჩემთვის ხილული ახალციხე შემვქმნა. სავსემთარეობაზე ნაწვავის სერის მაღლა, მთის გვერდით სავსე მთვარე ამოცურდება   და მთელს სოფელს გაანათებს ხოლმე. ცუდ ამინდებში მთის წვერისა და მთვარის ირგვლივ ღრუბლები მოიყრიან თავს. და ი