ვაჟა-ფშაველას 75
ტელ. (+995 32) 233299, 2314656
e-mail: tbilisicenter2014@yahoo.com
unionwomencenter@gmail.com
skype women.center

 


ნინო ქართველიშვილი

ნინო ქართველიშვილი

ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი; ევროპისა და ამერიკის ონკოლოგთა და ონკოლოგ ქირურგთა საზოგადოებების წევრი; ევროპა დონას ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში.


ძუძუს ანატომია

ძუძუს ჩამოყალიბება იწყება ემბრიოგენეზის მე-6 კვირას ექტოდერმის გასქელებით და შემდგომ მორგვის (სარძევე ხაზი) წარმოქმნით, რომელიც იღლიის ფოსოდან საზარდულის მიდამომდე ვრცელდება. ემბრიოგენეზის შემდგომ ეტაპზე ეპითელური უჯრედების მეზენქიმაში ჩაზრდით საბოლოოდ ყალიბდება სარძევე ჯირკვლები. თუმცა მათი ჭეშმარიტი განვითარება მიმდინარეობს ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. სქესობრივ მომწიფებამდე გოგონებისა და ბიჭების სარძევე ჯირკვლებს ერთნაირი აგებულება გააჩნიათ და წარმოდგენილია სადინროვანი სისიტემით. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ცხიმოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დაგროვების ხარჯზე, გოგონებს ეწყებათ სარძევე ჯირკვლის ზომაში მატება.

ზრდასრული ქალის ძუძუ შედგება 15-20 წილისაგან (არა ორსულობის და ლაქტაცის პერიოდში), რომლებიც თავისთავად მრავალრიცხოვანი წვრილი წილაკებისაგან შედგება. წილი და წილაკი ერთმანეთთან დაკავშირებულია წვრილი სადინრებით. წილი ძუძუს ძირითად ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს. წილი შეიცავს ტერმინალურ ტუბულურ სადინრებს, რომლებსაც ალვეოლები ეწოდება. 10-დან 100-მდე ალვეოლას გაერთიანებით დიდი სადინარი ფორმირდება. ეს უკანასკნელი წილაკის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. 20-დან 40-მდე წილის სადინრის გაერთიანებით დიდი სადინარი ფორმირდება, რომელიც გადადის გამონტან სადინარში. 10-დან 20-მდე გამომტანი სადინარი ერთიანდება არეოლის სიღრმეში არსებულ სარძევე სინუსში. არეოლა ძუძუს პიგმენტული ნაწილია. შეიცავს მრავალრიცხოვან ბორცვაკებს (მონდგონერის ბორცვაკები), ლაქტაციის დროს მათისაშუალებით ხდება დვრილის ცხიმით დაფარვა. არეოლის ქვეშ მდებარეობს კომპაქტურად განლაგებული ცირკულური გლუვკუნთოვანი ფენა.

ძუძუ მარაგდება შემდეგი არტერიებით: ძუძუს შიგნითა არტერიის ტოტები, გვერდითი თორაკალური, თორაკოდორზალური, ბეჭქვეშა და ნეკნთაშუა არტერიები. ძუძუს ვნები კარგად განვითარებულ კანქვეშა ვენურ ქსელს ქმნის.

ძუძუდან ლიმფის დაახლოებით 97% მიედინება იღლიისქვეშა ფოსოში, სადაც განლაგებულია ლიმფური კვანძები. იზოლირებული ლიმფური კვანძები მდებარეობს აგრეთვე მკერდის დიდ და მცირე კუნთებს შორის (როტერის კვანძები) და ს/ჯ-ის გვერდითი საზღვრის გასწვრივ (ინტრამამარული კვანძები). მკერდის მცირე კუნთის მიმართ განლაგების მიხედვით იღლიის ლიმფური კვანძები 3 დონედ იყოფა: I დონე - ლიმფური კვანძები განლაგებულია მკერდის მცირე კუნთის ლატერალურად (ყველაზე მრავალრიცხოვანი); II დონე - ლიმფური კვანძები განლაგებულია მკერდის მცირე კუნთის სიღრმეში; III დონე - ლიმფური კვანძები განლაგებულია მკერდის მცირე კუნთის მედიალურად და იღლიის ფოსოს მწვერვალამდე.