რეზონანსი
14.02.2024

"გადავარჩინოთ ბახმარო!" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს. დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე "ორბი ჯგუფი" მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს. კომპანიამ მრავალფუნქციურ კომპლექსში, აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო.

"ბახმარო საქართველოს ერთ-ერთ უნიკალური კურორტია თავისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო, გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, ჯერ კიდევ შემორჩენილი ავთენტური იერსახითა და ლანდშაფტით.

დღეს რეალური საფრთხის წინაშე დადგა კურორტის უნიკალურობა – დეველოპერული კომპანია ,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე, 14501 კვ.მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, კომპანიამ აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. მიწის ეს ნაკვეთი კომპანიამ 2019 წელს ერთ ლარად შეისყიდა. 

ეს მასშტაბური და ამბიციური პროექტი, რომელიც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება, უსათუოდ გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას, ფლორისა და ფაუნის ცვლილებას და საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემას, ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე საფარს. ამასთან, ამ პროექტს აუცილებლად ექნება ჯაჭვური ეფექტი, რასაც მოჰყვება მსგავსი კომპლექსების დამატებით მშენებლობა. ბახმაროს განვითარება და კეთილმოწყობა გადაუდებელი ამოცანაა, ეს უნდა მოხდეს სწორად, ადგილობრივ ბუნებრივ და პასტორალურ ლანდშაფტთან შესაბამისად", - წერია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელმომწერები მიმართავენ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, რომ:

გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1-1/64;

პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე;

მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს მსოფლიოს საკურორტო დასახლებების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და მომზადდება ფართო სამოქალაქო და პროფესიული წრეების ჩართულობით. გავითვალისწინოთ ლანდშაფტის ათვისების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×