ანა ტეფნაძე - შემოდგომა
ანა ტეფნაძე - შემოდგომა

წლის ყველაზე ლამაზი დრო შემოდგომაა, ხოლო განსაკუთრებული თვე ნოემბერი. უბრალოდ მიყვარს, ყოველ მიზეზ გარეშე მიყვარს.

თენდება. რიჟრაჟისას წამოსული სუსხი ოთახში შემოდის და ირგვლივ ყველაფერს იპყრობს. მეღვიძება. ვდგები. ფანჯარაში ვიხედები, თუმცა სიცივე კვლავ თბილი საწოლისკენ მიბიძგებს. მე ძალებს ვიკრებ და ყინვას ვეწინააღმდეგები. ვიცმევ და გარეთ გავდივარ. კარის ზღურბლს ფეხს ვაბიჯებ თუ არა, მაშინვე ცხვირი მეყინება. მიუხედავად ამისა სეირნობას ვიწყებ. მივდივარ. ვფიქრობ. ოცნებებში ვიძირები. ირგვლივ ვერავის ვამჩნევ. სახეზე სიო მელამუნება. აქა-იქ ოქროსფერ წვიმაში ვყვები.  ხელებს ვშლი, თვალებს ვხუჭავ და ვტრიალებ. შემდეგ კვლავ გზას ვაგრძელებ, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი არ ვიცი. ნელ-ნელა მზეც ამოდის. დაუძლურებულია, თუმცა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დედამიწას თავის ვეებერთელა სხივებით მოეხვიოს და გაათბოს, ჩაეხუტოს და საბნად გადაებუროს. საოცარი გრძნობით ვივსები. ყოველგვარი სევდა უგზო-უკლოდ იკარგება. ვმშვიდდები და გზას კვლავ ვაგრძელებ. ნელ-ნელა თვალები მელულება. მივდივარ და თითქოს ჩემს წინ აღმართულ აიზბერგს ვადნობ. ფიქრებში იმდენად ვარ გართული, მეშინია გზა არ ამებნას და არ დავიკარგო. ჯიბიდან ტელეფონსა და ყურსასმენებს ვიღებ. მუსიკის მოსმენას ვიწყებ. წყნარი, ოდნავ მკაცრი ამინდი, ნელი მუსიკა და მე. საათს ყურადღებას არ ვაქცევ. არსად მეჩქარება. მივდივარ ჩემთვის წყნარად და მშვიდად. ვფიქრობ, თუმცა აზრების თავმოყრა მიჭირს. მივდივარ, თუმცა არ ვიცი სად. ცხოვრება უსასრულობად მეჩვენება. აი ზუსტად ისეთად როგორიც ეს გზაა.

მაღლა ვიხედები და ვხედავ ჩიტებს, რომლებიც თავს დამტრიალებენ. ნელ-ნელა თვალები მელულება. მუხლები მეკვეთება. აღქმის უნარი მეკარგება. ფეხზე დგომის ძალა მეცლება. იქით, შორს, ბუნდოვნად რაღაც სინათლეს ვხედავ. ჩემს ირგვლივ ფოთლები ცეკვას იწყებენ. მთელი ძალა მეცლება. გულის არეში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ. კივილი მინდა, თუმცა ვერ ვკივი. მხოლოდ სინათლეს ვხედავ, რომელიც თანდათან მიახლოვდება. ამ სინათლეში ვქრები და ვიკარგები. მგონი სამუდამოდ ვტოვებ ამ ქვეყანას, თუმცა წინ მთელი უსასრულობა მელის.

ქალაქ თბილისის N82 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანა ტეფნაძე