ჭავჭავაძის გამზირზე, მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგება
ჭავჭავაძის გამზირზე, მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

ჭავჭავაძის გამზირზე მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე დღეიდან ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს და შესაბამისად, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.

ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები: N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი – მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებენ ანუ გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

ხოლო შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან შეუხვევს ჯერ ერისთავის, შემდეგ ფალიაშვილის ქუჩებზე და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.

როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.

ჭავჭავაძის გამზირზე „თბილისი ენერჯიმ“ დაასრულა 1962 წელს აშენებული, 250-მილიმეტრიანი ფოლადის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია. გაზსადენი შეიცვალა თანამედროვე, 350-მილიმეტრიანი მილით, რომლის საერთო სიგრძე, თავისი განშტოებებით, 2000 მეტრია.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მოიცავს მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია  სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.

ჭავჭავაძის გამზირის შშმპ-ებისთვის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.