დავით თარხან-მოურავი - ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება ერთი, ეს არის საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობა
დავით თარხან-მოურავი - ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება ერთი, ეს არის საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობა

„პატრიოტთა ალიანსის“ შეკრებაზე ერთი პოლიტიკური მოთხოვნა იქნება, ეს არის სამხედრო მიუმხრობლობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალინსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

მისი თქმით, შეკრებაზე ძირითადად ეკონომიკური მოთხოვნები დაისმება.

„პოლიტიკური მოთხოვნა იქნება ერთი – ეს არის სამხედრო მიუმხრობლობა. ეკონომიკური მოთხოვნები იქნება ძირითადად. პირველ რიგში, ეს არის საოჯახო ბიზნესი, ასევე უამრავი უფასო სასადილო, რადგან ხალხი რეალურად შიმშილობს, ასევე უფასო კვება სკოლებში. კიდევ ბევრი სხვა ეკონომიკური საკითხებია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ცვლილება კი არ არის, ყოველ წელს უფრო და უფრო უკან მივდივართ“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისი თქმით, სამხედრო მიუმხრობლობა არის გამოსავალი, თუნდაც იმოტომ, რომ ახალი ტერიტორიები არ დაიკარგოს და იყოს მშვიდობა.

მან თავდაცვის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვის ბიუჯეტი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის ნაწილი, რომელიც რეალურად თავდაცვას ხმარდება და ეს არ შემცირდება. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ეხება ნატო-ს პროგრამებში მონაწილეობას. თანხების ეს ნაწილი სულ ეკონომიკაზე უნდა დაიხარჯოს.

ახალი რაღაც გავიგეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი, ვინც ვიხდით მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალ პროცენტს – 2.2 პროცენტს ნატო-ს ოპერაციებზე, ანუ 400 მილიონს ნატო-ს ოპერაციებზე, ნატო-ს იარაღის შესყიდვაზე, რომელიც ვითომ, ჩვენ არ გვჭირდება. 400 მილიონად ჩვენ შეგვიძლია, 10 ათას ოჯახს ვაჩუქოთ საკუთარი საქმე. ხალხი კვდება შიმშილით, უნდა დავიწყოთ ბრძოლა. ყველაფერი, რასაც გვპირდებოდა ეს ხელისუფლება 7 წლის წინ, უნდა შევასრულებინოთ“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

ამასთან, მისი თქმით, 7 წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან, თუმცა ის ხალხი რეალურად მაინც ხელისუფლებაშია.

„მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანას სააკაშვილები ჩამოვაცილეთ, 7 წელი გავიდა და ვხედავთ, რომ რეალურად ეს სააკაშვილი და ეს ბოკერია ისევ ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.

კითხვაზე, საიდან ფინანსდება დღევანდელი შეკრება, თარხან-მოურავი ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ძლიერი პარტიაა და აქვს საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე ჰყავს შემომწირველები.

„მთელი საქართველოა წარმოდგენილი. პარტიის ყრილობაა. ამიტომ საქართველოს ყველა კუთხეა წარმოდგენილი და დღეს გაჟღერდება, რომელი კუთხეებიდან ჩამოვიდა ხალხი. ჩვენ ძლიერი პარტია ვართ, ამიტომ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე, ვფიქრობ, ჩვენთან ისეთი ხალხია პარტიაში, რომლებსაც ფული არ უჭირთ. პარტიას, რომელიც თავისუფლების მოედანს ავსებს, ვფიქრობ, მას ჰყავს შემომწირველიც და აქვს საბიუჯეტო თანხებიც“, – განაცხადა მან.

ამასთან, როგორც თარხან-მოურავმა განაცხადა, 27 მაისიდან 15 ივნისამდე ყოველ დღე, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საინფორმაციო მიტინგები გაიმართება. 15 ივნისს კი, „პატრიოტთა ალიანსი“ თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს.

„15 ივნისს იქნება თავისუფლების მოედანზე მიტინგი და ვარწმუნებ ხელისუფლებას, რომ 15 ივნისს ამ მოედანს ჩვენ გავავსებთ. შემდეგ ყოველდღიური მიტინგების რეჟიმში გადავალთ. ყველაზე მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ტყუილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ 7 წლის განმავლობაში, გამოსწორდეს, ყველა დანაპირები უნდა ასრულდეს. სამხედრო მიუმხრობლობა ერთადერთი გზაა უსაფრთხოებისა ქვეყნისთვის“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს „დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შეხვედრას მართავს.