ეკა სეფაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება, ვჩქარობთ განხილვებს, რათა საქართველოს არ შეეზღუდოს წვდომა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაზე
ეკა სეფაშვილი - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება, ვჩქარობთ განხილვებს, რათა საქართველოს არ შეეზღუდოს წვდომა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საკითხის მომხსენებელის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ მიმდინარეობს, თუმცა სასურველია, სწრაფად დაიწყოს განხილვები, რათა საქართველოს არ შეეზღუდოს წვდომა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაზე.

„გაერთიანებულ კომიტეტებზე განვიხილეთ აუდიო-ვიზუალური მომსახურების შესახებ ევროდირექტივის მაუწყებლობის შესახებ კანონში იპლემენტაციის საკითხები. ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით არ მიმდინარეობს, როგორც ზოგიერთი ოპონენტი ამბობს. უბრალოდ, ჩვენ ვჩქარობთ განხილვების დაწყებას, იქიდან ვამომდინარე, რომ საქართველოს არ შეეზღუდოს წვდომა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაზე, რომელშიც საქართველო მონაწილეობს.

საქართველოს ჯერჯერობით ამ პროგრამის მხოლოდ ოთხ სქემაზე მიუწვდება ხელი, ხოლო ევროდირექტივის მიღების შემდეგ, საქართველოს საშუალება ექნება, ჩაერთოს აღნიშნული პროგრამის თოთხმეტივე მიმართულებაში. ევროკავშირის პროგრამის ბიუჯეტი 2,44 მილიარდი ევროა და საქარველოს შეუძლია, ამ ბიუჯეტზე მიუწვდებოდეს ხელი და შესაბამისი პროგრამების დაფინანსების საშუალება ჰქონდეს. დღეს განვიხილავთ პირველი მოსმენით, ვთანხმდებით იმ პრინციპებზე, რომელიც კანონმდებლობაში აისახება. თუმცა, კონკრეტული მუხლების უფრო მკაფიოდ განსაზღვრა, თუ გარკვეული კორექტივები აუცილებლად მოხდება და ამ პროცესში აქტიურად ვეპატიჟებით ყველა დაინტერესებულ პირს და ორგანიზაციას, წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები იმ მუხლებთან და დებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ შეშფოთებას იწვევს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონმდებლობით შემოდის ახალი დეფინიცია, რომელიც ეხება სიძულვილის ენის განმარტებას. საწყის ეტაპზე სიძულვილოს ენის განმარტება გადმოღებული გვაქვს ევროპული კანონმდებლობიდან და ერთი-ერთში ემთხვევა ევროპაში აპრობირებულ განმარტებას. თუმცა, თუ ამ მიმართულებით შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ და უფრო გასაგები გახდეს ეს განსაზღვრება, თანამშრომლობისთვის ღია ვართ. ეს ცვლილებები არის ასოცირების შეთანხმების 23-ე დანართში არსებული ევროდირექტივა, და ჩვენ ვალდებული ვართ, მას შევუერთდეთ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

რაც შეეხება დასმულ კითხვას მედიისთვის ჯერ ჯარიმის გადახდის და შემდეგ სასამართლო დავის ვალდებულებაზე, – ეკა სეფაშვილის განმარტებით, ჯარიმების ოდენობის საკითხზე შეიძლება, გაიმართოს მსჯელობა, რომ მაუწყებლები არ დაჯარიმდნენ ისეთი თანხებით, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს მათ ფუნქციონირებას.

ამავდროულად, ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მაუწყებელი რაიმეს დაარღვევს, მიუღებელია, არ იყოს რეაგირება და ჯარიმა არ გადაიხადოს.

„როდესაც ჩვენ გვაჯარიმებს პატრული, „სითი პარკის“ ან ნებისმიერი სახის ჯარიმა მოგვდის, ჯარიმას ვიხდით და მხოლოდ ამის შემდეგ ვასაჩივრებთ. დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა ამ შემთხვევაშიც. ჯარიმების ოდენობის საკითხზე შეიძლება, გაიმართოს მსჯელობა, რომ არ მოხდეს ისეთი თანხებით მაუწყებლების დაჯარიმება, რაც საფრთხის ქვვეშ დააყენებს მათ ფუნქციონირებას. ეს მიუღებელია. პირიქით, ეს დირექტივა ხელს უწყობს მედიაპლურალიზმს და მედიამრავალფეროვნებას, თუმცა თუ მაუწყებელი რამეს დაარღვევს, მიუღებელია, რომ ამის გამო რეაგირება არ უნდა იყოს, ჯარიმა არ უნდა გადაიხადოს ან რაიმე პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.