ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებს 85 მილიონზე მეტიდან, სულ მცირე, 70 მილიონი დახარჯული აქვთ სრულიად გაუმჭვირვალედ, დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე - არასამთავრობო ორგანიზაციებს 85 მილიონზე მეტიდან, სულ მცირე, 70 მილიონი დახარჯული აქვთ სრულიად გაუმჭვირვალედ, დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით

„ენჯეოების“ საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება. ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ეს თანხები ისედაც არის გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ყველაფერთან დაკავშირებით.

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე. ეს არის სიცრუე. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან რესურსულად ყველაზე ძლიერი, ამ შემთხვევაში მდიდარს არ ვიტყვი, და ასევე ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ, მაქსიმუმ, 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსების, რომლებსაც ხარჯავენ. კერძოდ, მთლიანი თანხა, რაც იყო ნაჩვენები, ოღონდ დეტალების გარეშე, ეს იყო 85 მილიონ 400 ათასი ლარი. ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სულ მცირე, ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა არ გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე. დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით, 15 მილიონ 400 ათას ლართან დაკავშირებით. ანუ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონზე მეტიდან, სულ მცირე, 70 მილიონი მათ დახარჯული აქვთ ყოველგვარი ინფორმაციის, დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ. არავითარი ინფორმაცია არ აქვს მთავრობასაც კი ამასთან დაკავშირებით.

აღარაფერს ვამბობ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის არის ნული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებისთვის არის ხელმისაწვდომი ინფორმაციის, მაქსიმუმ, 18%.

გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში. აქ არ შედის, მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხების 90%-ზე ბევრად მეტი არის სრულიად გაუმჭვირვალე საზოგადოებისთვის. მთავრობისთვისაც კი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ და რისთვის დაფინანსდა. არის ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც 0,4% აქვს მხოლოდ დეკლარირებული, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩევიან ექსტრემიზმით და მათ საერთოდ ნული აქვთ ნაჩვენები – საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახით.

ეს არის საერთო სურათი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქედან ჩანს, რომ „ენჯეოების“ საქმიანობა, მთლიანობაში, თვისებრივად სრულიად გაუმჭვირვალეა და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, ვინ რისთვის ფინანსდება. შესაბამისად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ეს თანხები ისედაც არის გამჭვირვალე. ფაქტები აჩვენებს, რომ არავითარი გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმის შესახებ, რა წყაროებიდან და რისთვის ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები. ამისთვის ახლად ინიცირებული კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.