ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერს ახალი ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერს ახალი ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება

გიგანტური შტორმებით, ძლიერი ქარებით, პოლარული ციალით, ექსტრემალური ტემპერატურითა და წნევით — იუპიტერი მზის სისტემის ნამდვილად გამორჩეული პლანეტაა. NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გიგანტ პლანეტას ახალი ფოტოები გადაუღო. სურათებმა მეცნიერებს კიდევ უფრო მეტი ცნობა მისცა იუპიტერის წიაღის შესახებ.

ჯეიმს ვები,იუპიტერი

„მართალი გითხრათ, ნამდვილად არ ველოდით, რომ ფოტოები ასეთი კარგი გამოვიდოდა. ნამდვილად გამორჩეული შემთხვევაა, რომ იუპიტერს დეტალურად ვხედავთ თავის რგოლებთან, ციცქნა თანამგზავრებთან და გალაქტიკებთან ერთადაც კი, ერთ ფოტოზე“, — ამბობს პლანეტური მეცნიერი იმკე დე პატერი.

ორი ახალი სურათი ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელმა კამერამ (NIRCam) გადაიღო. პლანეტის დეტალებს მისი სამი, სპეციალიზებული ინფრაწითელი ფილტრის წყალობით ვხედავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ინფრაწითელი სინათლე ადამიანის თვალისთვის უხილავია, ეს სინათლე ხილულ სპექტრში გადაიყვანეს. ზოგადად, ყველაზე გრძელი ტალღის სიგრძეები უფრო წითლად ჩანს, ყველაზე მოკლე კი უფრო ცისფრად.

იუპიტერის გამოსახულება ვების მიერ გადაღებული რამდენიმე კომპოზიტური ფოტოსგან შედგება. ორივე პოლუსზე ჩანს ციალი. თეთრად მოჩანს დიდი წითელი ლაქა — სახელგანთქმული შტორმი, რომელშიც რამდენიმე დედამიწა მოთავსდებოდა. თეთრად ჩანს სხვა ღრუბლებიც, რადგან ისინი უფრო მეტ მზის სინათლეს ირეკლავენ.

უფრო ფართო კუთხის ხედში, იუპიტერი რგოლებთან ერთად მოჩანს, რომლებიც თავად პლანეტაზე მილიონჯერ უფრო მკრთალია; ასევე ჩანს ორი ციცქნა მთვარე — ამალთეა და ადრასთეა. დაბლა, უკანა ფონზე არსებული ბუნდოვანი ლაქები გალაქტიკებია.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.