კომუნიკაციების კომისიამ სეუ-ს სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ პროექტის ფარგლებში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ სეუ-ს სტუდენტები „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ პროექტის ფარგლებში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის, „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბაკალავრიატის სტუდენტები გადაამზადა.

სემინარს მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო მაჭავარიანი უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს კონკურსის პირობები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.

„შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულმა სტუდენტებმა BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ აიმაღლეს ცნობიერება და შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები, ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია და, ამასთან ერთად, წინა კონკურსების გამარჯვებული ნაშრომები განიხილეს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.

„წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები.

გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს. გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგით გადაამზადებს.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.