მაია ჩიბურდანიძე იუბილარია - ლეგენდარულ მოჭადრაკეს 63 წელი შეუსრულდა #1TVSPORT
მაია ჩიბურდანიძე იუბილარია - ლეგენდარულ მოჭადრაკეს 63 წელი შეუსრულდა #1TVSPORT

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე დღეს 63 წლის გახდა.

მან ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო. მისი დებიუტი 13 წლის ასაკში ბრაშოვში, ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 17 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, 1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი 8,5:6,5 დაამარცხა.

ნანა ალექსანდრიასთან, ირინა ლევიტინასთან, ელენა ახმილოვსკაიასა და ნანა იოსელიანთან ჩატარებული პაექრობების შემდეგ მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკის გვირგვინს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მაიამ ჩემპიონის ტიტული 1991 წელს მანილაში ჩინელ სიუ ჟუნთან პაექრობისას დათმო. 1997 წელს კონტინენტის ჩემპიონი გახდა. მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულია. ეს შედეგი ქალთა შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ჩიბურდანიძე ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ოთხჯერ მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. საჭადრაკო ოლიმპიადებზე მაიას მიერ ჩატარებული 167 პარტიიდან მის ანგარიშზე 125,5 ქულაა.

საბჭოთა კავშირის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები: ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო აკადემია, სადაც სწავლება მსოფლიოს ხუთგზის, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონისა და ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის, მაია ჩიბურდანიძის საავტორო პროგრამით მიმდინარეობს.

მაია ჩიბურდანიძე დღეს თანამედროვე სივრცეში მის მიერ შექმნილი ჭადრაკის დანერგვაზე ოცნებობს

„ჩემს სისტემაში თამაში საწყისი პოზიციიდან კი არ იწყება, არამედ ფიგურები უკვე გადაადგილებულია, ფიქსირებული პოზიციაა და იქიდან აგრძელებ ასპარეზობას. ეს სისტემა უფრო სტანდარტული ჭადრაკის რეგლამენტისთვის არის განკუთვნილი. მოჭადრაკე გუშინ შემოქმედი იყო, დღეს კი ის ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელია. ჭადრაკი იყო შემოქმედება, ლოგიკა, იდეა, ფანტაზია. დღეს ეს ყველაფერი უკვე ხელთ კომპიუტერმა იგდო და მოჭადრაკის ფუნქციაა, დაიზეპიროს სვლები, რომლებიც მას ამა თუ იმ პოზიციის გათამაშების შემთხვევაში გამარჯვებამდე მიიყვანს“, – ამბობს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და იქვე დასძენს, რომ მისი სისტემის მთავარი მიზანია, კომპიუტერმა ბატონის ფუნქცია დაკარგოს და საკუთარი შემოქმედებით შექმნილი პარტიის ბედ-იღბალი თავად მოჭადრაკემ გადაწყვიტოს.

„ეს იდეა იმ მძიმე და ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად დაიბადა, რაც ოლიმპიადებზე თამაშს მოაქვს. მაშინ ძალიან ხშირად ვოცნებობდი, ნეტავ მომზადება არ იყოს საჭირო, მივიდე დაფასთან, დამხვდეს გამზადებული პოზიცია და ის ვითამაშო-მეთქი. იმ დროს ამ იდეაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ეს მიმართულება უკვე სხვა იმპულსია. ამ სისტემის დანერგვის შემდეგ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მწვრთნელი საკუთარ „მეს“ იბრუნებს და სწორედ ის ასწავლის მოჭადრაკეს ყველა პოზიციას. მოჭადრაკე საკუთარ თავთან მუშაობას სწავლობს და, რაც მთავარია, ეს სისტემა სრულად ხსნის იმ მძიმე ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რაც ყველაზე დიდი დატვირთვის – წინა მოსამზადებელი ეტაპის დროს იქმნება“.