მედიკო მარგოშვილი - მერიის საქციელი ძალიან გულსატკენი იყო, კალაძისგან არ ველოდი, მის მიმართ რაღაც სიმპათია მქონდა, რადგან ჩვენზე წინ განიცადა საკუთარი ოჯახის წევრის დაკარგვა
მედიკო მარგოშვილი - მერიის საქციელი ძალიან გულსატკენი იყო, კალაძისგან არ ველოდი, მის მიმართ რაღაც სიმპათია მქონდა, რადგან ჩვენზე წინ განიცადა საკუთარი ოჯახის წევრის დაკარგვა

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი პარლამენტთან მივიდა და ითხოვს, კარვები, რომლებიც დასუფთავების სამსახურმა აიღო, უკან დააბრუნონ.

მარგოშვილის თქმით, მერიის მხრიდან ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

მარგოშვილი ყველას მოუწოდებს, გვერდში დაუდგნენ და უსამართლობა ერთად გააპროტესტონ.

„პირველ რიგში მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2020 წელი, „ოცნების“ ხელისუფლების დასასრული იყოს და ნორმალური, სამართლიანი სახელმწიფო შეგვექმნას. გუშინ მერიის საქციელი იყო ძალიან გულსატკენი. კალაძისგან არ ველოდი, მართალი რომ გითხრათ, კალაძის მიმართ რაღაც სიმპათია მქონდა, რადგან ამ ადამიანმა  ჩვენზე წინ განიცადა საკუთარი ოჯახის წევრის დაკარგვა. იცის, ეს რა მძიმე განცდაა და არ ველოდი მერიისგან ასეთ ქმედებას, ასეთ არაადამიანურ მოპყრობას.

ორი წელია, ითხოვს ჩემი მეუღლე, დაისაჯონ თავისი შვილის მკვლელები, აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. თუ არიან მართლები, შედგეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. რომ შემდგარიყო საგამოძიებო კომისია, ჩვენი ხელით ავიღებდით ამ კარავს.

წუხელ ეს სურათი რომ დავინახე, გადავწყვიტე, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, სიცოცხლეც რომ დავთმო ამ პარლამენტის წინ, ვიბრძოლო სისხლის ბოლო წვეთამდე ჩემი სიმართლისთვის. გადავწყვიტე, ამ არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ წამოვსულიყავი. ყველა შვილმოკლულ დედას ვთხოვ, რომ დავდგეთ, მოვითხოვოთ სიმართლე, რომ ეს სისხლიანი სისტემა დაინგრეს. დღეს ყველა, მთელი მსოფლიო ვხედავთ ჩემი ოჯახის მიმართ, თუ რა უსამართლობაა. ვისაც გული შესტკივა, ვისაც ოდნავ გაქვთ ადამიანური გრძნობა, დღეს ყველა დედას გთხოვთ, რომ ვიზეიმოთ ამაღამ პარლამენტის წინ ისე, როგორც მგლოვიარე დედას შეეფერება, ვთხოვ ყველა დედა გამოვიდეს და მოვითხოვოთ ჩვენი სიმართლე“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების დამონტაჟება დაიწყო.

ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები კარვების აღებას აპროტესტებენ.