ნიანგებში მამრის გარეშე გამრავლების შემთხვევა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
ნიანგებში მამრის გარეშე გამრავლების შემთხვევა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, რომ მდედრ ნიანგებს კვერცხების დადება შეჯვარების გარეშე შეუძლიათ, რისთვისაც იყენებს უცნაურ რეპროდუქციულ სტრატეგიას, რომლის ევოლუციური ფესვები შეიძლება დინოზავრების ხანაში იმალებოდეს.

2018 წელს, 16 წლის განმავლობაში ტყვეობაში მყოფმა მდედრმა ამერიკულმა ნიანგმა (Crocodylus acutus) კვერცხები დადო, რომელთაგან ერთში ნაყოფიც განვითარდა, დედის მსგავსად მდედრი ნიანგის.

ამერიკელ მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზებმა ცხადყო, რომ მდედრმა კვერცხები მამრის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე დადო; ამ პროცესს პართენოგენეზს უწოდებენ, ყოველდღიურობაში კი „ქალწულებრივ დაბადებას“.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხები არ გამოიჩეკა, ნამდვილად გასაოცარი აღმოჩენაა ცხოველთა სამეფოს ახალ შტოში, რომელიც აჩვენებს, რამდენად შორეულ წარსულში იღებს სათავეს რეპროდუქციის ეს უცნაური სტრატეგია.

ახლა, როდესაც ქალწულებრივი დაბადება დაფიქსირებულია ნიანგებსა და ფრინველებში, შედეგები მიუთითებს, რომ გამრავლების ეს სასწაულებრივი უნარი შეიძლება მათ უძველეს წინაპრებს, დინოზავრებსაც ჰქონდათ.

ნიანგები და ფრინველები წარმოადგენენ რეპტილიების კლადის, არქოზავრების ცოცხალ წევრებს, რომელშიც ერთ დროს ასევე შედიოდნენ დინოზავრები და მფრინავი ქვეწარმავლები.

„ეს აღმოჩენა მომხიბვლელ ცნობებს გვაწვდის ნიანგისებრთა და ფრინველების არქოზავრი ნათესავების შესაძლო რეპროდუქციული უნარების შესახებ, რომლებიც პტეროზავრებისა და დინოზავრების გამორჩეული წევრები იყვნენ“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოლოგი უორენ ბუთი ხელმძღვანელობდა.

პართენოგენეზი უსქესო გამრავლების ფორმაა, როდესაც მდედრ ცხოველებს, რომლებსაც როგორც წესი, გამრავლებისთვის მამრის სპერმა სჭირდებათ, ამას შეჯვარების გარეშე ახერხებენ. წლების განმავლობაში სპერმის შენახვის ნაცვლად, რისი გაკეთებაც ქვეწარმავლებს შეუძლიათ, მდედრები ორ საკუთარ უჯრედს ურწყავენ ერთმანეთს, რითაც მიიღება ცოცხალი ემბრიონი, რომელსაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს.

პართენოგენეზი ერთ დროს იშვიათ მოვლენად მიიჩნეოდა, მაგრამ მეცნიერებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ ხერხემლიან ცხოველებში ის იმაზე ხშირია, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ.

მცენარეებსა და უხერხემლოებში პართენოგენეზი დიდი ხანია, აღმოჩენილია, მაგრამ მეცნიერებს გარკვეული დრო დასჭირდათ იმის გასაანალიზებლად, რომ მდედრ ხერხემლიანებსაც შეუძლიათ ნაშიერების გამოჩეკა კვერცხებიდან, რომლებიც მამრის სპერმით არ არის განაყოფიერებული.

ამასობაში, ქალწულებრივი დაბადება შემჩნეულია ხერხემლიანთა 80-ზე მეტ სახეობაში, მათ შორის ხვლიკებში, გველებში, ზვიგენებსა და სკაროსებში, მაგრამ უმეტესად ტყვეობაში მყოფ ცხოველებში; აღსანიშნავია, რომ ასეთი რამ ამ ხერხემლიანთა ხაზებს მიღმა აქამდე დაფიქსირებული არ იყო.

როდესაც მეცნიერებმა დეტალური კვლევა დაიწყეს, ფაკულტატიური პართენოგენეზის მაგალითები გარეულ ცხოველებშიც აღმოაჩინეს; შეიძლება, ეს გადარჩენის სტრატეგია იყოს, რომელსაც მდედრი მაშინ მიმართავს, როდესაც მამრს ვერ პოულობს, განსაკუთრებით იშვიათ, გადაშენების პირას მყოფ სახეობებში.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ტყვეობაში დაბადებულ კალიფორნიულ კონდორებში გაკეთებული აღმოჩენა მიუთითებს, რომ ამ კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ ამ ფრინველებს დამოუკიდებლად გამრავლება მაშინაც შეუძლიათ, როდესაც მდედრები სრულყოფილად ნაყოფიერ მამრებთან რეგულარულად არიან კონტაქტში.

ნიანგის შემთხვევაში, მკვდარი ნაყოფის გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ მას დედის იდენტური გენოტიპი ჰქონდა.

კლონისმაგვარი მსგავსება მიუთითებს, რომ პართენოგენეზის ამ მაგალითში გამრავლების მექანიზმს წარმოადგენდა ტერმინალური სინთეზური თვითგანაყოფიერება (ავტომიქსი), ზუსტად ისეთ, როგორიც დაფიქსირებულია ფრინველებში, გველებსა და ხვლიკებში.

როგორც ბუთი და მისი კოლეგები წერენ, ეს მიუთითებს, რომ პართენოგენეზი არის თვისება, რომელიც სავარაუდოდ, ამ ხაზს მემკვიდრეობით ერგო შორეული საერთო წინაპრისგან. თუმცა, ამ მიმართულებით უფრო მეტი კვლევაა საჭირო.

ტერმინალური სინთეზური თვითგანაყოფიერება (ავტომიქსი) ქალწულებრივი დაბადების ერთ-ერთი გზაა — მდედრი ასინთეზირებს კვერცხს, რომელიც შეიცავს მისი ქრომოსომების ნახევარს და ჰაპლოიდი უჯრედების კიდევ ერთ ტიპს, სახელად პოლარულ სხეულაკებს, რომლებიც წარმოადგენს საკვერცხეებში კვერცხუჯრედების წარმოების ნარჩენს. გულისხმობს გენეტიკური მასალის მცირე გადანაწილებას ისე, რომ ნაკლული სპერმის ადგილი შეავსოს; დაბადებული ნაშიერები კი დედის თითქმის კლონები არიან.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეს მდედრებისთვის შეიძლება თვითგამრავლების გზა იყოს მაშინ, როდესაც მამრები თითქმის არ არიან, ნამდვილად არ არის შთამომავლობის გაჩენის მდგრადი გზა, რადგან ნაშიერებს აკლიათ ის გენეტიკური მრავალფეროვნება, რაც ორი მშობლის შემთხვევაში აქვთ.

ასევე, ნიანგის შემთხვევაში კვერცხები არ გამოიჩეკა, მაგრამ როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს არ გამორიცხავს რომ, ნიანგები გამრავლებისთვის პართენოგენეზს იყენებდნენ. სხვა სახეობებში პართენოგენეზით მიღებული კვერცხების გამოჩეკის მაჩვენებელი მხოლოდ სამი პროცენტია.

კვლევა Biology Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.