„რაგბის მსოფლიო თასი“ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე
„რაგბის მსოფლიო თასი“ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.

„2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს პირველი არხი ექსკლუზიურად შესთავაზებს მაყურებელს როგორც სატელევიზიო ეთერში, ასევე ახალ BVOD (Broadcaster video on demand) პლატფორმაზე. ჩვენს არხზე წინ ცხელი სპორტული ზაფხულია. ამჟამად მიმდინარეობს ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირება, რაც ქალთა სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასევე, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩი. 25 აგვისტოდან ჩვენი ეთერი – კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს, სექტემბრიდან კი „რაგბის მსოფლიო თასს“ უმასპინძლებს. სექტემბრიდან საზოგადოებას შევთავაზებთ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ფეხბურთში“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი მეათედ, 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, საფრანგეთის ცხრა ქალაქში, ამდენივე არენაზე გაიმართება. გახსნისა და დასკვნით მატჩებს პარიზში „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.

„მოხარულები ვართ და მივესალმებით საქართველოს პირველ არხს რაგბის მსოფლიო თასის 2023 წლის პარტნიორი მაუწყებლების ოჯახში. ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ რაგბი, „ბორჯღალოსნები“ და რაგბის მსოფლიო თასი. მატჩების ტრანსლირება ქვეყნის მთავარ უფასო პლატფორმაზე გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, შთავაგონოთ ბიჭებისა და გოგონების ახალ თაობას, ჩაერთონ რაგბიში“, – აცხადებს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი.

ქართველმა მორაგბეებმა ტურნირზე თამაშის უფლება „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საკვალიფიკაციო პერიოდში დაფიქსირებული შედეგით მოიპოვეს. „ბორჯღალოსნებმა“ 2021-2022 წლებში „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ პირველ ადგილზე დაასრულეს.