სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სამხედრო წოდებები მიანიჭა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს სამხედრო წოდებები მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების რვა წარმომადგენელს გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-მაიორისა და გენერლის წოდებები მიანიჭა.

პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას მიენიჭა ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას – გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძეს – გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალს შალვა ჯაბახიძეს – გენერალ-მაიორის უმაღლესი სამხედრო წოდება.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თავდაცვის პოლკოვნიკს აბესალომ მანჯავიძეს – თავდაცვის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძეს – ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძეს – ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება.

შესაბამისი სამხრეები მათ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გადასცეს.