საქართველოში ზამთარში საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
საქართველოში ზამთარში საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე ერთი გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე ერთი გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ექსპერტთა დასკვნით, 2019-2020 წლების ზამთრის პერიოდში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონებში ზამთრის ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.

ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე ერთი გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სპეციალისტების განმარტებით, ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ტემპერატურის ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0, ხოლო მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, ხოლო მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.